საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შესაცვლელად ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შეცვლის მცდელობის ფარგლებში ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა. თუმცა, ტრამპის თქმით, ამ პროცესში რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსზე“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.ტრამპის განცხადებით, აშშ-მა იარაღი ქურთებს გადასცა, რათა ირანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებისთვის მიეწოდებინათ, თუმცა, მისი ვარაუდით, ქურთებმა ეს შეიარაღება დაიტოვეს.„ქურთებმა იმედები გაგვიცრუეს, მაგრამ ამას დავიმახსოვრებ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი დიდი ხნის სურვილია, აშშ-მა კონტროლი მოიპოვოს ხარგის კუნძულზე და საბოლოოდ ირანის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე.აშშ-ის პრეზიდენტმა ეს შესაძლო ნაბიჯი შეადარა ვენესუელასთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკას და თქვა, რომ ასეთი სცენარი მისთვის კვლავ სასურველ ვარიანტად რჩება.ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი, უფრო მასშტაბური ავიადარტყმების განხორციელებას გეგმავს.მისი თქმით, დღევანდელი დარტყმები უფრო ძლიერი და მასშტაბური იქნება. თუმცა ტრამპის განმარტებით, ურჩევნია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ხიდები და ელექტროსადგურები, სამიზნე არ გახდეს.ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ამერიკული მედიის ნაწილი ირანთან ომის გაშუქების გამო და განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებიც კი გაკვირვებული არიან, რამდენად დადებითადაა მათი მდგომარეობა ზოგიერთ მედიასაშუალებაში წარმოჩენილი.ამ ფონზე ტრამპმა განსაკუთრებით შეაქო „ფოქს ნიუსის“ კორესპონდენტის, ტრეი ინგსტის მუშაობა და მისი რეპორტაჟები კონფლიქტის ზონიდან.
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.ჩიბურდანიძის განცხადებით, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი.ჯო უილსონის განცხადებებს კი ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის რუპორი, რომელსაც მყვირალა განცხადებების გაკეთებაში ფულს უხდიან. ის ლიბერალი რესპუბლიკელია, რომელსაც თავისი როლი აქვს და მისი გაკეთებული განცხადებით მარტივად მიხვდები, რომელი ფრთის დაკვეთას ახმოვანებს.როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, ამით ის ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს. ტრამპის ამ განცხადების ფონზე კი მისი პარტიის წარმომადგენელი ჯო უილსონი ამბობს, რომ თურმე საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას და ა.შ. რეალურად, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე. დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია - საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, ჩინეთსაც საქართველოში სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩინეთი პატივს სცემს ტრადიციებს, რელიგიას და ღირებულებებს და ქვეყანა, რომელმაც იცის ღირებულებების ფასი, სხვის ღირებულებებს ცუდად არ შეეხება.დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა შედგენა, საქართველო წავა წინ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
თამარ იოსელიანი – ბუქარესტი იქნება 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს, ჩვენ ბაზრის დივერსიფიცირებაში დიდ ძალისხმევას ვდებთ
ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ბაზრის დივერსიფიცირებაში და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, Dan Air არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.„პირველი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება. რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს. Dan Air არის 50-ე, ასევე მე-17 ევროპული ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს. ჩვენთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა, რაშიც წლიდან წლამდე დიდ ძალისხმევას ვდებთ, რათა შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია, გავაღრმაოთ ხალხთაშორისი თუ ეკონომიკური კავშირები, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა ევროპულ ბაზრებზე“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.აღსანიშნავია, რომ Dan Air-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს პირველი ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანის ელჩი – ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
ყველანაირად შევეცდები, რომ ირანსა და საქართველოს შორის საქართველოსთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კითხვაზე, როგორი სახის თანამშრომლობას გეგმავს ირანის საქართველოსთან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ირანელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ თანამშრომლობა და სამომავლო პროგრამები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, შეჩერდება თუ არ ომი ირანის წინააღმდეგ.„ირანი 180 დღეზე მეტია, აგრძელებს წინააღმდეგობას და იბრძვის აგრესორების წინააღმდეგ. გუშინ, როდესაც ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ პორტში არსებულ წყლის რეზერვუარზე, ჩვენ ამის შემდეგ საავიაციო თავდასხმები განვახორციელეთ რეგიონის ქვეყნებში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებზე, ავიაბაზაზე და ისიც ცნობილია, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. ეს ომი თუ გაგრძელდება, საელჩოს შემდგომი მუშაობა გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე. თუმცა, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის საელჩოს ჩვეულებრივ მუშაობასთან. მე და საელჩოს თანამშრომლები გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის მიმართულებით თუ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ბატონ პრეზიდენტს როდესაც გადავეცი რწმუნებათა სიგელი, მას განვუცხადე, რა პრიორიტეტები მაქვს დასახული. ეს პრიორიტეტებია: ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ტრანზიტული, სამეცნიერო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ჩვეულებრივ გაგრძელდება“, – აღნიშნა ალი მოჯანიმ.ირანის ელჩის განცხადებით, სავაჭრო მიმართულებით არის გარკვეული გამოწვევები, რადგან, სამწუხაროდ, სავაჭრო ბალანსი ორ ქვეყანას შორის არ არის თანაბარი და საქართველოსთვის ყოველთვის უარყოფითია.„მე ყველანაირად შევეცდები, სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გადაზიდვების სფეროში. გასული წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ქართველმა გადამზიდავმა გამოიყენა ირანის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და ხელს შევუწყობთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ირანული პოტენციალი, რათა ქართველმა გადამზიდავებმა უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ. საზღვაო გადაზიდვები როდესაც გართულებულია, გამომდინარე უკრაინის ომიდან, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობა, ასევე, სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სახმელეთო გადაზიდვები. ამ მხრივ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ხელი შევუწყოთ სახმელეთო გადაზიდვების განვითარებას“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.სეიედ ალი მოჯანიმ ასევე ისაუბრა ახალი დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე.„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, რაც გამოიკვეთა, არის ინდოეთის მიმართულება. შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი: ინდოეთი, ირანი, სომხეთი და ეს სამუშაო ჯგუფი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ უწყობს ხელს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას. ინდოეთი არის ძალიან დიდი, ერთ მილიარდიანი ბაზარი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ 40-მილიონიანი ერაყი, რომელიც მალე, შესაძლოა, 80 მილიონი გახდეს და ირანული 95-მილიონიანი ბაზარი. შესაბამისად, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ. ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ მისი გავლით მოხდეს მათთვის ტვირთების მიწოდება. ასე რომ, მომდევნო 180 დღე, შეიძლება ითქვას, ძალიან დატვირთული გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსის გათანაბრებისთვის“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ირანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.„რატომ არ დავუჭირეთ მხარი გაერო-ს რეზოლუციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კენჭისყრაში საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს განსხვავებული პოზიციაა, ვიდრე მხარის არდაჭერა. არის, ასე ვთქვათ, ნაცვალგების პრინციპი. საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციებზე კენჭისყრაში არ მონაწილეობს და ანალოგიურად, ამ კენჭისყრის დროს ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ სხვადასხვა დროს აფხაზეთიდან და სხვა რეგიონიდან ქართველ ლტოლვილებს ყოველთვის დავეხმარეთ“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

