საქართველოს თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს, ვიდრე ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი. ამის შესახებ კურაციოს საერთაშორისო ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.
ამასთან, საქართველოს თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი) ჰყავს, ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, გამოდის, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს (ნაცვლად ექთნებისა) და, შესაბამისად, ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს, რაც ფინანსურ ტვირთად მოსახლეობას აწვება”, – წერია კურაციოს ფონდის ანგარიშში.
კვლევის ფოკუსი საკითხის აქტუალურობით განისაზღვრა, რადგან ჯანდაცვის ადამიანური რესურსი პირდაპირ კავშირშია სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, რომლის მართვაც 2017 – 2030 წლებში ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთ პრიორიტეტია.
ფონდის ცნობით, წარმოდგენილი ანგარიში ეყრდნობა მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.