საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის ემზადება. პირველი მატჩის წინ საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე ოფიციალურად წარადგინა.
პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 24 თებერვალს სპორტკომპლექს ოლიმპიკის აუზზე ისრაელის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი ისრაელში 3 მარტს გაიმართება.
რევაზ ჩომახიძე წარმატებული სპორტული კარიერა აქვს. მას სხვადასხვა დროს მოგებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლები, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიოს ლიგის თამაშები და მსოფლიო თასიც მოიგო. 2001 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. რევაზ ჩომახიძე მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში ევროპის თასების თასის მფლობელია, ხოლო „შტურმთან“ ერთად „ლენტროფის“ გამარჯვებულია.
მთავარი მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებში არაერთ სიახლეს გეგმავს. მისი განცხადებით გუნდი უფრო მეტად ახალგაზრდა სპორტსმენებით დაკომპლექტდება და ნაკრებში ნაკლები ლეგიონერი ითამაშებს.
ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენას დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც დაესწრო.