საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-
ტექნიკური კონფერენცია – „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი
გადაწყვეტის გზები“, მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სტუ-ის
ენერგეტიკის ფაკულტეტი, ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის
პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა); კრემენჩუგის მიხაილო ოსტროგრადსკის
სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა); ნაციონალური ტექნიკური
უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“ (უკრაინა); ბათუმის სახელმწიფო
საზღვაო აკადემია; უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაცია; საქართველოს
ენერგეტიკის აკადემია; სს „ენერგო პრო ჯორჯია“; შპს „მონტაჟ ჯორჯია“; შპს „ელ
ინდასტრი ჯორჯია“ და მასში 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. რექტორის
მოადგილემ კონფერენციის თავმჯდომარეს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და
თანათავმჯდომარეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ზურაბ
გასიტაშვილმა დარიგის მნიშვნელობასა და კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.
„კონფერენცია, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს, ენერგეტიკის
დარგის ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს ეხება, როგორიცაა:
ელექტროენერგეტიკური სისტემები და კომპლექსები; ელექტრომექანიკური
სისტემები; ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები; ძალური ელექტრონიკა;
ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; განახლებადი
ენერგიის წყაროები; ენერგორესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;
ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება; სპეციალისტების
მომზადება ენერგეტიკის მიმართულებით და სხვ. მოხარული ვართ, რომ
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები და ერთმანეთს
გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს, ცოდნას და ვიმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის
გზებზე – სწორედ ეს არის კონფერენციის მისია“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
როგორც უკრაინის კრემენჩუკის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორმა მიხეილ ზაგირნიაკმა, აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტთან მეგობრობა და თანამშრომლობა გასულ საუკუნეში დაიწყო და
მრავალი ცვლილების, არსებული ვითარების მიუხედავად, ურთიერთკავშირი
გარღმავდა და უფრო მოცულობითი გახდა.
„ჩვენ ვიმსჯელებთ განახლებადი ენერგიების შესახებ, კერძოდ კი მზის ენერგიაზე.
ამ კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი მრავალი წელია ნაყოფიერად მუშაობს.
ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი მასალები იმ კვლევებისა, რომლებზეც უკრაინელი
მეცნიერები მუშაობენ, გავეცანით ჩვენი ქართველი კოლეგების წარმატებებს ამ
მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი
ახალგაზრდა მეცნიერები. იმედი გვაქვს, ისინი გააგრძელებენ საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და მეგობრობას. მინდა გაცნობოთ,
რომ მომავალ წელს, ივლისში, კონფერენცია სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში
ჩატარდება და დიდი იმედი გვაქვს, მასში მონაწილეობას ისევ მრავალი მეცნიერი
მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ ზაგირნიაკმა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით
მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის
დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგიის ისეთი წყაროები როგორიცაა მზე და ქარი,
უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სრულად ვერ შესძლებს ჩაანაცვლოს
ენერგიის ტრადიციული წყაროები. თუმცა, არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოში
მიმდინარე პროცესებს და დროულად და მაქსიმალურად ავითვისოთ ენერგიის
ალტერნატიული წყაროებიც, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოსისტემის
მუშაობის მდგრადობას ზიანი არ მივაყენოთ. ამ მიმართულებით ხელისუფლება
სერიოზულად მუშაობს, მნიშვნელოვანია, პრობლემის გადასაწყვეტად რა
წინადადებები ექნებათ მეცნიერებს, რომლებიც კონფერენციაზე სხვადასხვა
თემებით წარსდგებიან“, – განაცხადა პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა ოთხი
მიმართულებით – ელექტროენერგეტიკური სისტემები და კომპლექსები,
ელექტრომექანიკური სისტემები, ძალური ელექტრონიკა, ინფორმაციული და
ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში,
ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგო-რესურსების
დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი,
მართვა, რეგულირება, მიმდინარეობს. სექციებზე მოხსენებით 60 მკვლევარი
წარსდგება.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ფინანსურ
მხარდაჭერას შპს „მონტაჟ ჯორჯია“ უწევს, 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.