ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc, ჩინეთი) პრეზიდენტს, აკადემიკოს ელჩინ ხალილოვს და იმავე აკადემიის აკადემიკოსს თამილა ხალილოვას შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორები, ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სამეცნიერო და აკადემიური კავშირების გაფართოება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი, კვლევითი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამეცნიერო და აკადემიურ მიმართულებებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიულია.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს პარტნიორული ქსელი, ხელი შეუწყოს მკვლევართა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ურთიერთობებს და შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო კვლევითი ინიციატივებისთვის.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აზიის ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის მკვლევართა კავშირების გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მხარეებისთვის, უკეთ გაეცნონ ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, გამოკვეთონ საერთო ინტერესები და განსაზღვრონ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ინჟინერიის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას განსაზღვრავს. აზიის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მკვლევართა პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობის იმ მიმართულებების გამოკვეთა, სადაც საინჟინრო მეცნიერებები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება და ქმნის საფუძველს ახალი ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული სამეცნიერო შედეგების მისაღებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შესაძლებლობა მოგვცა, გამოგვეკვეთა ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ პოტენციალი, კვლევით პრიორიტეტები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, გვემსჯელა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორობისთვის, რომელიც მომავალში აისახება კონკრეტულ ერთობლივ კვლევით პროექტებში, ტექნოლოგიურ ინიციატივებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაში“, – განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა დადებითად შეაფასა სტუ-ის ვიცე-რექტორთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რომელსაც მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციები აქვს. უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს მისი აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან როგორც ჩინეთში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. ვფიქრობ, აზიის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ერთობლივი კვლევითი პროექტები, აკადემიური გაცვლები და საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივები ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა.

სტუ-ის ინფორმაციით, აზიის მეცნიერებათა აკადემია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში, ჩინეთში მდებარეობს და რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ელჩინ ხალილოვის სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული პროცესის ნაწილია. მხარეები სამომავლოდ განიხილავენ თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო კონტაქტებისა და მკვლევართა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობების შესწავლასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებში თანამშრომლობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ – სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს.რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ვიქტორ ორბანი – პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ორბანი უნგრეთის პარლამენტის მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისმა პარტია „ფიდესმა“ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი შეიმუშავა, ახლა კი მადიარის „ტისამ“ ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა.„პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის” წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარტია „ტისამ“ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გადაწერა. შესწორება LGBTQ ორგანიზაციების უფლებების გაფართოებას და უნგრეთის ბავშვთა დაცვის წესების შესუსტებას ეხება. „ფიდესის“ მთავრობამ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი წარადგინა. „ტისამ“ ახლა ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა. მშობლების გვერდის ავლით, ისინი უნგრეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გენდერული პროპაგანდის დაბრუნებას უშვებენ.გარდა ამისა, „ტისას“ ნაბიჯი ღრმად არადემოკრატიულია. 2022 წლის ბავშვთა დაცვის რეფერენდუმში 3.5 მილიონმა უნგრელმა უარი თქვა გენდერულ პროპაგანდაზე. „ტისას“ მთავრობა ახლა მათ ნებას უგულებელყოფს“,- წერს ორბანი.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა. კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პროპაგანდის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირებს იმ მასალისგან დაიცავს, რომელმაც შეიძლება, „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.უნგრეთში 2021 წელს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ დიდი უმრავლესობით მიიღო „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერიზმის წარმოჩენას ან პოპულარიზაციას“ კრძალავდა. 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. იგივე მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.შედეგები თავად მეტყველებს: ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს FBI-ის თანამშრომლებისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტომობრივი ხელისუფლებების სამართალდამცავი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ქალებსა და კაცებს, ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი – პოლიტიკური ძალები უფროსკლასელ მომიტინგეებს იყენებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ უფროსკლასელებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მისმა პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა გაავრცელა.ბრეჟონის თქმით, მთავრობის სხდომაზე მაკრონმა „ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებს საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზები აქვთ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და პროტესტს ქუჩის არეულობად აქცევენ“.პრესსპიკერის განმარტებით, მაკრონმა მოსწავლეთა აქციებზე საპასუხოდ, მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში „კონკრეტული ზომების“ მომზადება დაავალა.საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციების ორგანიზატორი პროფკავშირები კი ამბობენ, რომ მიტინგებს 480 ათასი მოქალაქე შეუერთდა.პარიზსა და ლიონში საპროტესტო მსვლელობების დროს ძალადობის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.13 ოქტომბერს საპროტესტო აქციებს შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდა.

ჯორჯია მელონი – ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.

ბოლო სიახლეები