ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე ფუნქციონირებს

„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ ინდუსტრიის საჭიროებებთან, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შევუქმნათ პრაქტიკულ კვლევებში ჩართვის თანამედროვე გარემო, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურება“, – ამის შესახებ სტუ-ის მასალათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიშვილი აცხადებს.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაძლიერების, თანამედროვე ლაბორატორიული ბაზის განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებას, საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებასა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაზრდას აგრძელებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა კვლევის ცენტრი, რომელიც თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე სპეციალიზებული კვლევითი პლატფორმაა.

უნივერსიტეტის ცნობით, მასალათა კვლევის ცენტრი 2024 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის მხარდაჭერით დაარსდა. ცენტრი აერთიანებს განათლებას, მეცნიერებასა და ინოვაციას და ორიენტირებულია როგორც სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო, ისე პრაქტიკული და კომერციული საქმიანობის განვითარებაზე.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, ცენტრის მთავარი მიზანია თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის გამოყენებით ლითონებისა და სხვა საინჟინრო მასალების სრულყოფილი კვლევა, ახალი ცოდნის შექმნა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული მომზადება, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის მაღალი ხარისხის საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურების შეთავაზება.

როგორც ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, მასალათა კვლევის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს მასალების კომპლექსურ ანალიზს. ცენტრში შესაძლებელია ქიმიური, მექანიკური და მეტალოგრაფიული კვლევების ჩატარება, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასება, მასალების მიკროსტრუქტურის შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.

„ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს მასალების კომპლექსურ ანალიზს, მათ შორის ქიმიურ, მექანიკურ და მეტალოგრაფიულ კვლევებს, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასებასა და მასალების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.

მასალათა კვლევის ცენტრის შესაძლებლობების გამოყენება შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს, ასევე საწარმოებს, კერძო კომპანიებს, ინჟინრებსა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს, რომელთაც ესაჭიროებათ მასალების ხარისხის, სტრუქტურისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების კვლევა.

ლაბორატორიაში შესაძლებელია ლითონებისა და შენადნობების, საინჟინრო დანიშნულების მასალების, კომპოზიტების, პოლიმერებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული ნიმუშების შესწავლა. კვლევები მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, წარმოება და სხვა საინჟინრო სფეროები.

მასალათა კვლევის ცენტრის განვითარება უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული განათლების მიღების შესაძლებლობა, ხოლო ინდუსტრიას შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურება. ჩვენი მიზანია, ცენტრი გახდეს სივრცე, სადაც აკადემიური ცოდნა, ინოვაცია და წარმოების საჭიროებები ერთიანდება“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, კვლევითი ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს, ისე სახელმწიფო უწყებებს, კერძო კომპანიებს, საწარმოებს, სამშენებლო, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობისა და სხვა ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სხვადასხვა მასალის ექსპერტიზა და ლაბორატორიული კვლევა სჭირდებათ. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, ცენტრის საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალი სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით ქსელებში აქტიურ ინტეგრაციას.

„დღეს მეცნიერებისა და წარმოების დაახლოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კვლევითი ცენტრები არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, რომ ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან კვლევით და ინოვაციურ პროექტს განახორციელებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც მეცნიერების, ისე ინდუსტრიის განვითარების საქმეში.

თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ხარისხიანი განათლების, კონკურენტუნარიანი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მასალათა კვლევის ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარონ კვლევები და მიიღონ მაღალი სიზუსტის შედეგები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი ქმნის მყარ საფუძველს უნივერსიტეტსა და რეალურ სექტორს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და სამრეწველო განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, ცენტრში იკვლევენ ლითონებსა და შენადნობებს, კომპოზიტურ და პოლიმერულ მასალებს, სხვადასხვა საინჟინრო დანიშნულების კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიური პროცესების შედეგად მიღებულ ნიმუშებს. ჩატარებული კვლევები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ მასალების ხარისხი, გამძლეობა, სტრუქტურა, ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა. მასალათა კვლევის ცენტრი მეცნიერების, განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ – სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს.რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ვიქტორ ორბანი – პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ორბანი უნგრეთის პარლამენტის მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისმა პარტია „ფიდესმა“ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი შეიმუშავა, ახლა კი მადიარის „ტისამ“ ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა.„პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის” წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარტია „ტისამ“ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გადაწერა. შესწორება LGBTQ ორგანიზაციების უფლებების გაფართოებას და უნგრეთის ბავშვთა დაცვის წესების შესუსტებას ეხება. „ფიდესის“ მთავრობამ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი წარადგინა. „ტისამ“ ახლა ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა. მშობლების გვერდის ავლით, ისინი უნგრეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გენდერული პროპაგანდის დაბრუნებას უშვებენ.გარდა ამისა, „ტისას“ ნაბიჯი ღრმად არადემოკრატიულია. 2022 წლის ბავშვთა დაცვის რეფერენდუმში 3.5 მილიონმა უნგრელმა უარი თქვა გენდერულ პროპაგანდაზე. „ტისას“ მთავრობა ახლა მათ ნებას უგულებელყოფს“,- წერს ორბანი.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა. კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პროპაგანდის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირებს იმ მასალისგან დაიცავს, რომელმაც შეიძლება, „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.უნგრეთში 2021 წელს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ დიდი უმრავლესობით მიიღო „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერიზმის წარმოჩენას ან პოპულარიზაციას“ კრძალავდა. 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. იგივე მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.შედეგები თავად მეტყველებს: ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს FBI-ის თანამშრომლებისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტომობრივი ხელისუფლებების სამართალდამცავი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ქალებსა და კაცებს, ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი – პოლიტიკური ძალები უფროსკლასელ მომიტინგეებს იყენებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ უფროსკლასელებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მისმა პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა გაავრცელა.ბრეჟონის თქმით, მთავრობის სხდომაზე მაკრონმა „ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებს საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზები აქვთ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და პროტესტს ქუჩის არეულობად აქცევენ“.პრესსპიკერის განმარტებით, მაკრონმა მოსწავლეთა აქციებზე საპასუხოდ, მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში „კონკრეტული ზომების“ მომზადება დაავალა.საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციების ორგანიზატორი პროფკავშირები კი ამბობენ, რომ მიტინგებს 480 ათასი მოქალაქე შეუერთდა.პარიზსა და ლიონში საპროტესტო მსვლელობების დროს ძალადობის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.13 ოქტომბერს საპროტესტო აქციებს შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდა.

ჯორჯია მელონი – ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.

ბოლო სიახლეები