ორშაბათი, ივნისი 15, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და კვლევით-ინოვაციურ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერთა კვირეულს – „ახალგაზრდები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ – უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები. ღონისძიებების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაღრმავება იყო.

მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში ღია კარის დღეები და თემატური საჯარო ლექციები გაიმართა. ღია კარის დღეების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტებზე მოქმედ თანამედროვე კვლევით ლაბორატორიებს, სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევებს, საერთაშორისო პროექტებსა და ინოვაციურ მიმართულებებს. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და საჩვენებელ ექსპერიმენტებში, რაც მათთვის მეცნიერების პრაქტიკული ასპექტების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გახდა.

ღია კარის დღის ფორმატში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, სადაც გაეცნენ უნიკალურ წიგნსაცავებს, რარიტეტულ კოლექციებსა და სამეცნიერო-საინჟინრო ლიტერატურის მდიდარ ფონდს; მოინახულეს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გეოლოგია-პალეონტოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალოგიისა და პეტროგრაფიის უნიკალური მუზეუმები, ენერგეტიკის ფაკულტეტის უახლესი აპარატურით აღჭურვილი განახლებადი ენერგიების თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში უანალოგო სივრცეა.

ღია კარის დღის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ინოვაციური პროექტებით გამორჩეული საუნივერსიტეტო ფაბლაბი (ბიზნესინკუბატორი), სამშენებლო ფაკულტეტის თანამედროვე ტიპის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ახალი კვლევითი სივრცეები, ასევე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არტ-სახელოსნოები, სადაც სტუდენტები თავიანთი პედაგოგების – ცნობილი არქიტექტორების მენტორობით არაჩვეულებრივ პროექტებს ქმნიან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში იმარჯვებენ.

მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი. მან მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის აქტუალური სამეცნიერო მიმართულებები, თანამედროვე კვლევითი ტენდენციები და ესაუბრა უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.

პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, მეცნიერთა კვირეული, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი, მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერების მხრივ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობას უქმნის, ახლოს გაეცნონ თანამედროვე კვლევით გარემოს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

„მეცნიერთა კვირეული მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს შემეცნებისა და კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივების შესაძლებლობას აძლევს. დღეს მეცნიერება და ინოვაციები ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პერპეტუუმ მობილეა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ მეცნიერების პრაქტიკული მნიშვნელობის აღქმას და თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძისა და მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას უშუალო და ქმედითი მხარდაჭერა, რაც ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობისა და კვლევით საქმიანობაში მათი ჩართულობის გაფართოებას უწყობს ხელს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალი თაობის მკვლევრებისა და ინოვატორების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ“, – აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა თემატური საჯარო ლექციებიც. სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციების ცენტრის წამყვანმა დეველოპერმა გიორგი ბოხოჩაძემ ახალგაზრდებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე – „ბირთვული ინჟინერია“, ხოლო არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პედაგოგმა მელანო კოვზირიძემ მონაწილეებს შესთავაზა ლექცია თემაზე – „კინეტიკური არქიტექტურა – მოძრაობა, როგორც სივრცის ენა“. მომხსენებლებმა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა

გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, „ისინი მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო, დაცული და უპრობლემოა“.„ასევე არსებობს გადაადგილების სხვა მარშრუტებიც!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ვარლამ ლიპარტელიანი – საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.„საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა სიტყვით გამოსვლისას.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები – მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, ქალაქ შუშაში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში – მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.

გია ვოლსკი – თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება

თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა და მოლდოვა თუ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ ივლისში დარჩენილ ხუთივე კლასტერსაც გავხსნით“. „მთავარი აქცენტი უკრაინაზე კეთდება, რადგან ომი დაიწყო თუ არა, იმ წუთიდან, მაღალი ტრიბუნებიდან განცხადებები კეთდებოდა, რომ უკრაინა ევროპის გამო სისხლს ღვრის და ევროპამ თავისი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადადგას. დაპირებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი სწრაფად გახდებოდა. სკეპტიკოსებმა და კრიტიკოსებმა როდესაც ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის ოდენობა ნამდვილად არ არის იმ რეალობის შესაბამისი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიცემა ჰქვია, მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკავშირის წევრი უკვე სწრაფად გახდეს, თუმცა აქ ის რეალობა გამოჩნდა, რასთანაც გვაქვს საქმე. მონაცემები, რაც უკრაინას და მოლდოვას აქვთ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ ევროკავშირის წევრი ერქვათ. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო სტანდარტები არ აქვთ და ამიტომ, დათქმის აუცილებლობა წარმოიშვა. ანუ, ფანდი მოიფიქრეს – ომობ, სისხლს ღვრი, ცრემლს ღვრი, მაგრამ სამაგიეროდ, აგერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხარ, კი ბატონო, უმძიმეს მდგომარეობაში ხარ, მაგრამ უკვე შემდგომ ეტაპზე ევროკავშირის წევრი გახდები. თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებიათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე, ფანდი მოიფიქრეს, რომ ეს დაპირება ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და კრიტიკოსთა ცეცხლის სამიზნე არ გახდეს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს სტანდარტი და უკრაინის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია. ყველამ დავინახეთ, რეალობაში რა ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კახა კალაძე – ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც – საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკური ნარატივით მოქმედებს.ამის შესახებ მან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა პარამეტრითა და სტატისტიკით მოწინავე ქვეყანაა.„რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნარატივი. არავინ უყურებს, როგორი წინსვლა აქვს ქვეყანას და რა რეფორმებია განხორციელებული, რა წინგადადგმული ნაბიჯებია. როგორ შეიძლება, საქართველოზე წინ დააყენო მოლდოვა ან უკრაინა, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ამ კონკრეტულ ქვეყნებში ხდება? მოლდოვა რომ ავიღოთ, საუბარია რუმინეთისთვის მიერთებაზე. უკრაინაში რაც ხდება და რამდენად მძიმე მდგომარეობაა, ყველა ვხედავთ – ომი, კორუფცია. არ მინდა, დავიწყო ამ ქვეყნების შეფასება. მე შემიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯები გადაიდგა – ყველა პარამეტრით, სტატისტიკით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით, რაც შემთხვევით არ მოდის. ეს მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, იმ პრაგმატულმა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ბრალდებები ისმის, რაც არასწორი დამოკიდებულებაა.„ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როდესაც ვისმენთ შანტაჟს, ცილისწამებას, ტყუილს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით – საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ოჯახი. რა თქმა უნდა, ისინი ამას აპროტესტებენ, როგორ ვიკადრეთ და გავბედეთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა – არ შევუერთდით სანქციებს, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ხალხი ხომ უყურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას? შესაბამისად, მსგავსი ტიპის განცხადებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, პირველ რიგში, აზიანებთ იმ ბიუროკრატებს, რომელთაგანაც ცილისმწამებლურ განცხადებებს ვისმენთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ აქვე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებისთვის და ამის შესახებ განცხადებაც არაერთხელ გაკეთებულა.„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისაუბრა, რომ მზად ვართ, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ გაფართოებაზე საუბარი, მაგრამ არა. ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ელაპარაკონ შანტაჟის ენით, თითის დაქნევით, რომ როგორ გავბედეთ და არ მივუერთდით სანქციებს; როგორ გავბედეთ და უბედურებასა და ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის – ის, რისთვისაც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი შარაშიძე – კრიტიკული რეზოლუციები ევროპარლამენტისგან არ უნდა გვიკვირდეს, ეს დემოკრატიის უკუსვლას და ანტიდემოკრატიულ კანონებს ეყრდნობა, რომელიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო

ფაქტია, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სომხეთი უფრო სწრაფად ვითარდება და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ვიდრე საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, უფრო მეტად არის დაშორებული ევროკავშირის წევრობას, ვიდრე მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ეს განპირობებულია დემოკრატიული უკუსვლით, რაც პარტნიორების მიერ აღინიშნება.„სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველო სცილდება ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. ირაკლი კობახიძე ხშირად ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და როცა ასეთი დამოკიდებულებაა, კრიტიკული რეზოლუციები ევროპარლამენტის მხრიდან არ უნდა გვიკვირდეს. ეს რეზოლუციები დემოკრატიის უკუსვლას და ანტიდემოკრატიულ კანონებს ეყრდნობა, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო“, – განაცხადა შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები