ორშაბათი, ივნისი 8, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტსა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის: თურქეთის, მონაკოს, ბრაზილიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფები.

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და სხვა საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა გახსნა.

აკადემიკოსი დავით გურგენიძე სემინარის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება იმ ფონზე, როცა მსოფლიო გარემოსდაცვითი და ურბანული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„სამეცნიერო ღონისძიება, რომლის გამართვაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და უკვე მეხუთედ ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის აერთიანებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე მსოფლიო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მეცნიერ-მკვლევართა და პრაქტიკოსთა ერთობლივი მუშაობით იქმნება შესაძლებლობა შევიმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რაც გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების მდგრად მოდელებზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს და აქვე დავსძენ, რომ დაიბეჭდება მონოგრაფია, რომელსაც საფუძვლად დაედება საქართველოს, პოლონეთის, ისრაელის, სომხეთის, თურქეთის და სხვა მონაწილე ქვეყნების მეცნიერთა სტატიები მშენებლობასა და გარემოს დაცვის ინჟინერიაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და მათ მიერ დაგში ჩატარებული კვლევების შედეგები. მონოგრაფია ფუნქციურ პრინციპზე იქნება აგებული და მასში თავმოყრილი სამეცნიერო ნაშრომები სასარგებლო იქნება დაინტერესებულ პირთათვის, როგორც სამშენებლო და გარემოს ინჟინერიის დარგის სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ტექნიკური მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის”, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ თურქეთის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი მუსტაფა ლატიფ ემეკი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – პროფესორი ლეხ ძიენისი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი კშიშტოფ კოვალჩუკი, ეგიაზაროვის წყლის პრობლემებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ინსტიტუტის პროფესორი, აკადემიკოსი ჰოვანეს ტოკმანჯიანი. ასევე, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, გარემოს ინჟინრების ხედვა და პროფესიული მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, მრავალმხრივი და კომპლექსურია. პროფესორ ზურაბ გვიშიანის თქმით, უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი თითქმის ყველა იმ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას უკავშირდება. მათივე შეფასებით, გარემოს ინჟინერიის სფერო აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი რესურსების დაცვით. იგი აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ურბანისტიკის, ენერგეტიკისა და ბიოინჟინერიის მიმართულებებს და მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც იქნება უსაფრთხო, მდგრადი და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაცვის თანამედროვე მექანიზმების დანერგვას, ასევე ეკოლოგიური რისკების პრევენციას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მწვანე წარმოებისა და მწვანე ქიმიის განვითარება, რაც გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიებისა და საწარმოო მოდელების დანერგვას, რომლებიც ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას. თანამედროვე გარემოს ინჟინერია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქიმიისა და მიკრობიოლოგიის სფეროებთანაც, რადგან სწორედ ამ მიმართულებების ინტეგრირებული გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, განვავითაროთ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური სისტემები, წყლის გამწმენდი მექანიზმები და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების პროცესები. ამ პროცესში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს მდგრადი ურბანულ დიზაინი და თანამედროვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქალაქების სწრაფი ზრდისა და კლიმატის ცვლილებების ფონზე აუცილებელია ისეთი ურბანული გარემოს ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, მწვანე სივრცეების ინტეგრაციას, უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემებსა და ადამიანზე ორიენტირებულ არქიტექტურულ გადაწყვეტებს. გარდა ამისა, გარემოს ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ჰიდროლოგიის, წყლის რესურსების მართვის, კლიმატური რისკების შეფასებისა და სისტემური დიზაინის მიმართულებით. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტას“, – განაცხადა დეკანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარი ოთხ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები, მშენებლობა და ეკოურბანისტიკა. სამეცნიერო ღონისძიება მუშაობას 21 მაისს დაასრულებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჰაქან ფიდანი – სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური და კონსტრუქციული, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა სტამბოლში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით და აღნიშნა, რომ ამ მექანიზმს მიიჩნევენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად.„თითქმის 14 წელია, ეს მექანიზმი უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან ჩვენს ქვეყნებს მრავალი სარგებელი მოუტანა. პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებიდან დაწყებული, დასრულებული ეკონომიკური ინტეგრაციით, ტრანსპორტით, ენერგეტიკული უსაფრთხოებით, ვაჭრობითა და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით. ამ პლატფორმამ საფუძველი მოგვცა ფართო სპექტრის სტრატეგიული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის საერთო ინტერესებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამ მექანიზმს ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი კეთილდღეობის ერთ-ერთ გარანტად მივიჩნევთ. დღესაც დეტალურად განვიხილავთ ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ვმართავთ კონსულტაციებს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით.ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ იმ იშვიათ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რყევები და გარდატეხები, გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობა. ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ენერგომიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთვარია, იაფი, გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ ენერგორუსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. ვსაუბრობ შუა დერეფნის საკითხზე, რომელიც არის მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ხერხემალი. უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით რკინიგზა, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ ოპერაბელურობას. ახლახან ვიზეიმეთ ამ სრულიად შესანიშნავი, სტრატეგიული მარშრუტის გახსნა. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული. ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია იმ პროექტების განვითარებისთვის, იმ რთული თემებისთვის, რომელსაც ამჟამად საერთო ძალისხმევით ვავითარებთ“, – განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას.„ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივად, საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში თურქეთის ინტერესებთან, მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად. მშვიდობის განმტკიცების კუთხით კონკრეტული შედეგებიც უკვე სახეზეა და ეს ყოველივე, თავის მხრივ, ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნას მიღწეული.რასაკვირველია, გვინდა, ირანმაც მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი, მოწოდებულია, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა. ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს გახლავთ ის აუცილებლობა, რისიც ჩვენ გვჯერა, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ამისთვის ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას. ამასთან, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს თვითონ კონფლიქტის არსიც, როდესაც წარვმართავთ დიპლომატიურ პროცესს. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ საერთო ვითარება და ის ვითარება, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესში შედის. ამასთან, აზოვის ზღვის მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით“, – განაცხადა განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

პეტრე ცისკარიშვილი – უგუნურება იქნებოდა, არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები, მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი არაა, ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე მაღლა – „ლუზერები“...

მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს - „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული.„ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები. მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი საერთო საქმისთვის არ არის.მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა იმიტომ, რომ მთავარი ამბიცია არის საქართველოს ამ რეჟიმისგან გათავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მთავარი ამბიცია და არის და იქნება კიდევაც. მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს. სოციალური ქსელებით აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახელები და გვარები გააჟღეროს, მარჩიელობას აქ ხომ არ დავიწყებ?იცით, „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების. ვისაც აქვს მომავლის იმედი, ვინც ხედავს დიდ სურათს, გნებავთ, თუნდაც გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ვისაც აქვს გამარჯვების რწმენა და იმედი ის „ლუზერი“ ვერ იქნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.კითხვაზე, „ოპოზიციურ ალიანსში“ არის თუ არა ისეთი ვინმე, ვისაც გამარჯვების არ სჯერა“, ცისკარიშვილი ასე პასუხობს:„თქვენ იმ ხალხს შეეკითხეთ, აქვს თუ არა რწმენა. თუ ვინმე გამოიკვეთება ისეთი, რომ არ აქვს არაფრის იმედი და შეგუებულია „ქოცობას“ სამუდამოდ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ის არის ლუზერი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მისი პროცესი გაიმართა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს, მათ შორის ოპოზიციიდან „ლუზერი“ უწოდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დონალდ ტრამპი – ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, „მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უმეცრება ან სისულელე ხელს უშლის

ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, ორივე მხარე მოწოდებულია ცეცხლის შეწყვეტისკენ.„მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უმეცრება ან სისულელე ხელს უშლის. ბლოკადა სრული ძალითა და ეფექტით დარჩება, ვიდრე „საბოლოო შეთანხმებას“ არ მიაღწევენ. ყველაფერი სწრაფად უნდა წარიმართოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გია ვოლსკი – პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო – არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს

პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, რიგ შემთხვევებში, საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურია.„მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ, მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება იქნება რუსეთთან ეკონომიკური თუ სამხედრო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გაცილებით უფრო ნათელი ბოლო პერიოდში გახდა. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი აქვთ. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა „მზად ვართ“ არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გარკვეული ინტერესები აქვს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პატრიარქი – თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას – იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი

თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ, არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“ - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ საყოველთაო ნათლობის შემდეგ ქადაგებისად განაცხადა. პატრიარქის თქმით, ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს. "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდანთა ხსენებას! ეს დღესასწაული დაემთხვა ამ ჩვენს დიდებულ მოვლენას – დღევანდელ საყოველთაო ნათლობას. განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ, ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს და უთხრა, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3, 5). მაშასადამე, ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს. რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. როგორც ხორციელად ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ; მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც და მის სულში თვით უფალი შემოდის. დღეს ალბათ მოისმინეთ საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. „ქრისტეს შემოსვა“, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“. მაგრამ ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის“ (რომ. 2, 24), იმიტომ, რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? – „იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს“. ღმერთს კი რა სურს ჩვენგან? – რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდა ნება იქნება, ოღონდ გვაცხონოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები