კვირა, დეკემბერი 7, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური პროექტის – „ინოვაციური იდეების კონკურსი“, ჩატარება დაანონსდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) მრავალწლიანი პარტნიორობის ფორმატში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, მასშტაბური საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – ჩატარება სპეციალურად მოწვეულ საორგანიზაციო შეხვედრაზე ოფიციალურად დაანონსდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

„შეხვედრაში მოწვეული ექსპერტების სტატუსით ჩართულნი იყვნენ პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ – კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი და ამავე სკოლის პარტნიორობის განვითარების მენეჯერი ციფრული და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით – ემა ბონფილიო.

როგორც საორგანიზაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო ინიციატივის – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“ – მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის ახალი სამეწარმეო ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება, ახალი ბიზნესების ამოქმედების ხელშეწყობა და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერაა, რაც საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სტიმულირებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციური იდეების საუნივერსიტეტო კონკურსის განხორციელება, რაც მოიცავს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკულად აღსრულების ხელშეწყობას, რამდენიმე ეტაპად წარიმართება

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმატის კონკურსები საუნივერსიტეტო სივრცის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ინოვაციური იდეების კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტეგრირებას რეალურ ბიზნეს და ეკონომიკურ პროცესებში, გააღრმავებს თანამშრომლობას აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიებს შორის, ხოლო ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის ამით იქმნება ერთგვარი საუნივერსიტეტო პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს მათ პროფესიულ, სამეწარმეო და კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ეხმიანება თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინდუსტრიებთან ეფექტიან კოლაბორაციას. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოყალიბდეს სამეცნიერო და პრაქტიკული ინოვაციების ცენტრად.

ინოვაციური იდეების კონკურსი სამ ძირითად კატეგორიაში ჩატარდება. ესენია: „ციფრული ტექნოლოგიები“; „სოციალური გავლენა“; „შემოქმედებითობა“; გარდა ამისა, ცალკე კატოგორიად განვიხილავთ „ფენტეზის“. საგულისხმოა, რომ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი პრაქტიკაში შესრულება მოხდება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით. გამარჯვებული ახალგაზრდები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას, რომელთა წარდგენაც ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ავტორების მიერ პრეზენტაციის სახით მოხდება. კონკურსში ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად. გუნდის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. კონკურსანტები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე დამუშავებულ პროექტებს წარადგენენ და გაიმარჯვებენ კონკურში, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. გვინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ჩვენს კურსდამთავრებულებს – 18-დან 35 წლის ასაკამდე პირებს, რომლებსაც შესწევთ უნარი წარმოადგინონ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და ამასთან ერთად, სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საორგანიზაციო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარების, რეგისტრაციის ვადების, საკონკურსო პირობებისა და ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარებას ორგანიზებას უწევენ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი და საუნივერსიტეტო ცენტრი – „ერთად“. კონკურსის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი; ღონისძიების აკადემიურ მხარდაჭერას სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამეწარმეო მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამა ახორციელებს, ხოლო კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს კონსულტაციებს ბრიტანელი ექსპერტები გაუწევენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები