სამშაბათი, ივნისი 9, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომა გაიმართა

„2022 წლის 28 იანვარს საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სრულუფლებიანი კოლექტიური წევრი. ეს არის ქვეყნის ინტელექტუალური სუვერენობისა და ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული უნივერსიტეტები დგანან იმ პლატფორმაზე, სადაც იქმნება ევროპის განათლებისა და მეცნიერების მომავლის სტრატეგია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის რეფორმატორული ხედვა და ნაბიჯები უზრუნველყოფს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის სწრაფად და მიზნობრივად განვითარებას. სწორედ ამ მიდგომების შედეგად, ჩვენ ვახერხებთ განათლების სისტემის მოდერნიზებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აქტიურ ინტეგრაციას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომის გახსნისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA – the European University Association) პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი (Josep M. Garrell), EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა და საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები.

 

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, თავმჯდომარის რანგში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საქმიანობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტებს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან მჭიდრო და სისტემატური კომუნიკაცია საშუალებას აძლევს მუდმივად იყვნენ ინფორმირებული ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე ცვლილებებისა და ინოვაციების შესახებ. მიიღონ მონაწილეობა უმაღლესი დონის პოლიტიკურ თუ სტრატეგიულ დისკუსიებში და იმ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც განსაზღვრავს ევროპული განათლებისა და მეცნიერების მომავალ არქიტექტურას. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულმა უმაღლესი განათლების ინსტიტუციებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღობისძიებაში (კონფერენცია, ვებინარი, სემინარი და ა.შ.), რომელთა მთავარი მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის კულტურის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სტუ-ის რექტორის თქმით, ამ ინიციატივებში ჩართულობამ უნივერსიტეტებისთვის შემდეგ შესაძლებლობებს გაეხსნა გზა: თანამედროვე ევროპული მიდგომებისა და ინოვაციური პრაქტიკების გაცნობა ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში; კოლაბორაციული ქსელების გაღრმავება ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან; გამოცდილების გაზიარება და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციების მიღება.

„2023–2025 წლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ინტენსიურად ახორციელებდა საქმიანობას უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევების ანალიზისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. კონფერენციის სხდომებში რეგულარულად მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები, რაც უზრუნველყოფდა საკითხთა მრავალმხრივ განხილვასა და გადაწყვეტილებების კოორდინირებულ მიღებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციამ განიხილა ახალი კანონპროექტები, როგორიცაა: 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები; უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტატუსის გამიჯვნა; დისტანციური უნივერსიტეტის მოდელის შემუშავება; უცხოეთში განათლების აღიარების პროცედურები. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით კონფერენციამ განიხილა სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების დანერგვა ბიზნესის ადმინისტრირებასა და ტურიზმში (IT მიმართულებაზე მსჯელობა გრძელდება); სადოქტორო პროგრამებისთვის დამტკიცდა ახალი ხარისხის სტანდარტები: უცხოელი რეცენზენტის მონაწილეობა, მინიმუმ ორი გამოქვეყნებული ნაშრომი (ერთ-ერთი ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში) და ასევე, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების მოდელი და შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების პრინციპები. კონფერენციამ განიხილა უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები (ენობრივი მოთხოვნები, დოკუმენტების ავთენტურობა, უსაფრთხოების საკითხები). კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილებები სამუშაო ვიზიტებისა და ახალი სტრატეგიების შესახებ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით და გაჟღერდა სამინისტროს მხარდაჭერა საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი პროგრამების განვითარების საკითხში. 2024 წლის აპრილში გაიმართა სემინარი EUA-ს მონაწილეობით. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) კვლევებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა და COARA-ს კოალიციის დამფუძნებელმა, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა წარმოადგინა „კვლევისა და ინოვაციის დღის წესრიგი – 2027“ (EUA Research & Innovation Agenda – 2027), სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია მეცნიერებას, უნივერსიტეტის როლს კვლევასა და მეცნიერებაში, კვლევის ეთიკას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კვლევასა და ინოვაციებში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

 

მოხსენების დასასრულს, დავით გურგენიძემ ღონისძიების მონაწილეებს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2026 წელს იგეგმება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს საზეიმო აღნიშვნა, როგორც საერთო საუნივერსიტეტო ღონისძიება. ასევე, ახალ საფეხურზე გადავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მოხდება განათლების სფეროში ახალი ინვესტიციების წახალისება; დაიგეგმება უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი ინტერდისციპლინური პროექტები ინტერნაციონალიზაციის, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით; გაფართოვდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის EUA-სა და COARA-ს ჩარჩოებში.

 

სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-16 სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯოზეპ გარელმა, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ასევე, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

ღონისძიების დასასრულ, გამომსვლელთა მოსმენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილმა სი ძინპინს წერილით მიმართა – გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ერთობლივი გადაწყვეტილება ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის შესახებ

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას, ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის წერილში, რომლითაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მიმართავს.ყაველაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს.„თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ჩინელ ხალხს, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავიაზროთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კმაყოფილებით აღვნიშნოთ ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით განვითარდა.დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და გააფართოვეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ქმნის ხელშესახებ შედეგებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის კეთილდღეობის, განვითარების და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობასა და კავშირებს. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა, მათ შორის კურსდამთავრებულ ნათია ჯანაძის და სანდრო ჩხეიძის ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდგორთან მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ სამძიმარშია აღნიშნული, ტრაგიკულმა შემთხვევამ უმძიმესი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკლისი მოუტანა გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.„დაღუპულთა შორის არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნათია ჯანაძე და მისი მეუღლე სანდრო ჩხეიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, RMG-ის დირექტორის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის ძმისშვილი. ახალგაზრდების სიცოცხლის ასე ტრაგიკულად და ნაადრევად შეწყვეტა დიდი ტკივილია როგორც უნივერსიტეტის, ისე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თანაგრძნობას და სამძიმარს ვუცხადებთ ნათია ჯანაძის, სანდრო ჩხეიძისა და ავარიის შედეგად დაღუპული ყველა ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ვახტანგ ცინცაძე – გეოპოლიტიკური შოკების ფონზე, საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა და მოცულობამ 271 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.„აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური შოკების ფონზე, საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე, რაც ინვესტორებს არწმუნებს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ განსაკუთრებით მაღალი ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა – მათ შორის ლიდერობს გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე უძრავი ქონების, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებში.ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, არსებული ზრდის ტენდენცია იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალ თვეებსა და წლებშიც გაიზრდება.„ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ კი ხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება, წლების განმავლობაში გრძელდება.ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრის ბრიფინგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოზე შეტევა 2012 წლიდან დაიწყო.„ქვეყანას რომ ებრძვიან, მემგონი ამას ხედავს საზოგადოება. ეს არ დაწყებულა გუშინ. 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე. გადახედეთ, რა განცხადებები კეთდება. თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული. შანტაჟი დღესაც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის პირველი ოქტომბრით. ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც  პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უშუალო დავალებებით. თუ რაიმე სიბინძურე, საშინელება შეიძლება იკადროს ადამიანმა, ყველაფერი გააკეთეს და აკადრეს ქართველ ხალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობით დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყანა დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას.„ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით, ჩვენ მშვიდობიანად დავამარცხეთ ეს ძალა. ხედავთ, რომ ქვეყანად დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ისე, როგორც არასდროს, განმტკიცებულია სუვერენიტეტი, ვიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ცხადია, მარტივი არ არის. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მარტივად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემოტევები და ზეწოლა მიდის, რომელიც დღესაც გრძელდება. ხედავთ, თუ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და როგორია შემოტევა, თუმცა დღეს საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რატომ აქვთ ამხელა ინტერესი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა მოწოდებები კეთდებოდა და რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში. ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი მონაწილეობით, გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კითხვაზე – რა არის მმართველი გუნდის წინააღმდეგ შეტევების მიზანი, კახა კალაძე პასუხობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, ქვეყანას თავად მართავდნენ და შემდეგ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.„მიზანი არის ის, რომ თავად მართავდნენ საქართველოს, შემდეგ კი ის გამოიყენონ სხვადასხვა ქმედებებში. პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართულობასთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა პატარა სახელმწიფო გააგრძელებს, თუმცა ჩვენ ნუ გვექნება იმის ილუზია და მოლოდინი, რომ შემდეგ ვიღაცები გამოვლენ და ბოდიშს მოიხდიან იმ კრიტიკის გამო, რომელიც დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ხდება. ეს ასე არ მოხდება. უფრო მეტიც, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყანამ, როგორ გაბედა და დაიცვა ღირსება, ქვეყნის სუვერენიტეტი ჩვენი პრინციპული პოზიციით. ეს არის მათთვის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ვიდრე ის, რომ ომში ჩავრთულიყავით და მშვიდობიანი, უდანაშაულო ხალხი დაგვეხოცა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, მაქარაშვილთან თავი იმართლოს, თავი უნდა იმართლონ მათ, ვისაც რევოლუციის ხუთი მცდელობა ჰქონდა გასული ოთხი წლის...

ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, მაქარაშვილთან იმართლოს თავი, რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეთა ჯგუფის მონიტორინგს შეეხებოდა.მთავრობის მეთაურის თქმით, თავი უნდა იმართლონ მათ, ვისაც ჰქონდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა, გასული ოთხი წლის განმავლობაში.„ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, მაქარაშვილთან იმართლოს თავი. საქართველო არასოდეს იმართლებს თავს მაქარაშვილთან, რომელიც წავიდა უკრაინაში და იქ რაც აკეთა მაგაზე ბევრი ჭორ-მართალი არსებობს. რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ. თავი უნდა იმართლონ იმათ, ვისაც ჰქონდა რევოლუციის ხუთი მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, გასული ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები