ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლანდშაფტურ არქიტექტურაში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც სტუდენტური შემოქმედებისა და პროფესიული უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაში, რომლის სასწავლო თემატიკად არჩეული იყო სტუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ღია სარეკრეაციო სივრცე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მეორე კურსის 20-ზე მეტმა ბაკალავრმა მიიღო მონაწილეობა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, სტუდენტებისათვის მიცემული დავალება აერთიანებდა საგანმანათლებლო სივრცის ყველა კომპონენტს – მობილობას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის მოქნილ კომუნიკაციას, სასწავლო, საგამოფენო, სამუშაო, გასართობ, მოსასვენებელ, სავაჭრო ფუნქციებს. გარდა ამისა, გამოფენაზე ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი იყო კეთილმოწყობის სხვადასხვა კონცეფცია ისეთი ტერიტორიებისათვის, როგორიცაა დიღმის ტყე-პარკი, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის მიმდებარე არეალი, ძველი იპოდრომი და მახათას მთა.

„ლანდშაფტური არქიტექტურა ურბანულ განვითარებაში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქალაქების პირობებში, სადაც მწვანე სივრცეებისა და ადამიანზე მორგებული გარემოს დეფიციტი აშკარად საგრძნობია, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ გამოწვევებზე რეაგირებასაც ემსახურება. მეორე კურსის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები გვიჩვენებს, რომ მათ უკვე გააჩნიათ სისტემური მიდგომა როგორ უნდა გაერთიანდეს არქიტექტურა, გარემოს დაცვა, სოციალური ფუნქცია და კულტურული კონტექსტი ერთიან დიზაინურ ხედვაში. განსაკუთრებით მიმაჩნია სასწავლო პროცესის დაკავშირება რეალურ ურბანულ სივრცეებთან. ფაკულტეტის მიმდებარე არეალის ხელახალი გააზრება არ ყოფილა მხოლოდ თეორიული დავალება, არამედ ესაა მცდელობა სტუდენტური შემოქმედების ქალაქის განვითარებაში პირდაპირი ჩართვისთვის“, – განაცხადა ნუგზარ ხვედელიანმა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ თამარ ჭანტურიას თქმით, სტუდენტებმა მოამზადეს პროექტები, რომლითაც განიხილავენ სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის სივრცის, როგორც საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთქმედების და დასვენების სივრცედ გარდაქმნის გზებს. პროექტები ითვალისწინებს მულტიფუნქციური ზონების შექმნას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო და საგამოფენო გარემოს მოწყობას, არამედ მობილური სამუშაო სადგურების, მწვანე არეალების, სტუდენტური კაფეების, მცირე სავაჭრო ობიექტების და ღია ამფითეატრის ერთიან ეკოსისტემაში ინტეგრაციას.

„გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი ლანდშაფტური კეთილმოწყობის კონცეფციები, რომლებიც სხვადასხვა ურბანული თუ ნახევრადველური სივრცეების განვითარებას მოიცავს. მათ შორის გამოირჩევა: დიღმის ტყე-პარკის რეკრეაციული პოტენციალის გამოყენების იდეები, რომლებიც გულისხმობს ეკო-სბილაკების მოწყობას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და საგანმანათლებლო დანიშნულების ეკო-პავილიონების განთავსებას; დიღმის ჭალების ბიოფილური არქიტექტურის კონცეფციები, სადაც სტუდენტებმა შეიმუშავეს წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემები და ფლორა-ფაუნის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა; თბილისის ზღვის მიმდებარე არეალის რეკრეაციულ-კულტურულ ცენტრად გარდაქმნის პროექტები, რომელიც მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, საბავშვო ზონებს, წყლის სპორტის ინფრასტრუქტურას და ლანდშაფტურ ხელოვნებას; ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე განსახილველი იყო ურბანული ტყის კონცეფცია, რომელიც ქალაქში მწვანე „ფილტრის” ფუნქციას შეითავსებს და ასევე მოემსახურება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს; მახათას მთის პროექტები განსაკუთრებულად ხაზს უსვამს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებთან ჰარმონიულ შერწყმას, მოიაზრებს სანახაობრივი ბილიკების, მედიტაციური სივრცეებისა და გადმოსახედების მოწყობას ისე, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას. გამოფენამ ცხადჰყო, რომ ლანდშაფტური არქიტექტურა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკური სივრცის შექმნა. ესაა სოციალური, ეკოლოგიური და ფუნქციური საკითხების კომპლექსური გადაჭრა. სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ხედვები ამ მიმართულებით გვიჩვენებს, რომ ახალ თაობას გააზრებული აქვს თანამედროვე ურბანული განვითარების ტენდენციები და მზად არის წვლილი შეიტანოს ქალაქის მდგრადი მომავლის ფორმირებაში“,- განაცხადა თამარ ჭანტურია.

სტუ-ის ინფორმაციით, გამოფენა 11 ივლისამდე გასტანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანი წითლიძე – ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს

ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანას არანაირი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ მართავს რეჟიმი, რომელმაც არჩევნები მიიტაცა, რომელმაც საქართველოს დააკარგინა ევროპული განვითარების პერსპექტივა და რომელიც არის მოკავშირე რუსეთის, ირანისა და ჩინეთის“, – განაცხადა წითლიძემ.მისი თქმით, რეზოლუციაში ნახსენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი ევროპული ინტეგრაციის ნაწილში და პირდაპირ არის მითითებული, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის განმტკიცების საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ქარს გაატანა.როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამავე რეზოლუციაში არის ჩანაწერი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, როგორც წესი, „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სჩვევიათ ხოლმე ასე ღიად საუბარი კონკრეტულად მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ამა თუ იმ არჩევნებში, თუმცა ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, არსებობს რუსული სპეცოპერაცია და სწორედ ასე აღიქვამენ ამას საერთაშორისო პარტნიორები, იმ ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, რასაც წინა რეზოლუციის მიხედვით აკეთებდა „ლელო“, თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ემხრობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას“.გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ იგულისხმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიშის ის ჩანაწერი, სადაც ოპოზიციას მიმართავდნენ, გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა და თვითმმართველობის არჩევნებს მედეგობის ტესტად განიხილავდნენ, რაზეც ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კი, თუმცა არა მონაწილეობის საკითხში.„მანდაც არ ყოფილა მონაწილეობის საკითხი. იქ თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტი იქნებოდა ეს თუ მონაწილეობა, ოპოზიციის ერთიანობას განიხილავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად. ანუ, იქ ეწერა, რომ მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო ოპოზიცია ერთიანი და არა არჩეულ გზაში, მაგრამ ამ რეზოლუციაში ახლა პირდაპირ და მკაფიოდ წერია, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი რეჟიმის პირობებში არ აქვს“, – განაცხადა წითლიძემ.

ცნობილი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო.დიმიტრი ყოჩიაშვილი დილით, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დღეს, დილით გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.„დიტო ექიმი ყოველ დილა ვარჯიშობდა. დღეს, დილით ცუდად გამხდარა და გზაზე ჩაჩოქილა. გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ძალიან მხნედ იყო.რამდენი მადლიერი ადამიანი ჰყავს, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ყველას იმედი, მიმხედი, პატრონი იყოო, დიტო ექიმზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან მძიმე ამბავია და ყველა ისე განვიცდით, როგორც ოჯახის წევრის გარდაცვალებას"- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.სოციალურ ქსელში ექიმის გარდაცვალებას ასობით პაციენტი და რიგითი მოქალაქე გამოეხმაურა.მოქალაქეები წერენ, რომ გარდაცვლილი არამხოლოდ მუნიციპალიტეტს, მთელ ქვეყანას დააკლდება.დიმიტრი ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 32 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა“ – მიხეილ სარჯველაძე თორნიკე რიჟვაძეზე

„მეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დადებითი დინამიკის შესახებ. მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა,“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეს შესაბამისი მკურნალობა საქართველოშიც მიეწოდებოდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას არ საჭიროებდა, თუმცა ეს ოჯახის სურვილი იყო.„ ოჯახის თხოვნა იყო. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა. ისიც შემიძლია ვთქვა, არ მგონია, რომ ის თურქეთში რაიმე სახით გაუმჯობესებულ მკურნალობას იღებს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია. პირველ რიგში, ეს საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა უნდა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის და შემდგომ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეს კრიტიკული დღეები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, აბსოლუტურად უნაკლოდ იქნა მართული. ამან მოიტანა კიდეც რეზულტატი და პრაქტიკულად მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო დამაიმედებელი. ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შალვა პაპუაშვილი – ღირებულებითი აღრევა, სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.„ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.ღირებულებითი აღრევა – სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“, – აცხადებს პაპუაშვილი.ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას

ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ თემით მიაღწია შედეგს – დააპირისპირა ოპოზიცია.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია. ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ, იხარჯება ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და იხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს“.„ჩვენ ვართ რაღაცა აბსურდულ თეატრში. ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ლანძღვა, გინება, ბულინგი. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მიიყვანს ეს ხელისუფლება არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ჩვენი ერთადერთი ძალაა ერთობა; მეორე მხრივ, ბოიკოტის კამპანიაც არის აბსურდი. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებულ იქნა, როგორც რამე გამარჯვება. ცხადია, დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე და დათვლადი თუ იქნეს ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს, ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტი. მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ამ დღემდე. ეს მოითხოვს, პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს და გაცოცხლდეს წინააღმდეგობის პლატფორმა. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატი და ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან, აქვთ მოსაზრებები. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი იქიდანაც მომდინარეობს, რომ ვერ ხედავენ, ესენი თუ არა, აბა. ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხოელ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის დასრულებით. ჩვენი გადასაწყვეტია, ესენი არიან ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები, ეს არის მართლაც აუცილებლობა, რათა გავიდეთ ფონს; მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება. მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა იყოს მიღწეული ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც მოჰყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები