საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის თემაზე საჯარო ლექციები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე და თბილისის 133-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი კახა ძაგანია და ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი უძღვებოდნენ. შემეცნებით ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორები – ირმა გიკაშვილი და ნანა როსეფაშვილი.
„საჯარო ლექციაზე მომხსენებლებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის საკითხი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებასა და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში. ასოცირებურმა პროფესორმა კახა ძაგანიამ მოსწავლეებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ნიუანსები აუხსნა და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო მუხლები განუმარტა. დოქტორმა ხათუნა საგინაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე.
როგორც კახა ძაგანია აღნიშნავს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა, მოზარდებს მარადიულ ღირებულებებსა და საყოველთაო თუ განუყოფელ თემებზე საინტერესო და აქტუალური დისკუსიები ჩატარდეს. მისივე თქმით, უფლებები თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას განაპირობებს, ამდენად, ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, უნივერსიტეტი კი ის სივრცეა, სადაც მომავალი თაობები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ მარადიულ, საყოველთაო და განუყოფელ საკითხზე – ადამიანის უფლებებზე.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა მოსწავლეებს როლური თამაშები შესთავაზეს, რა დროსაც მოზარდებმა ლოგიკური აზროვნება, ორატორული ნიჭი და ერუდიცია გამოავლინეს. ადამიანის უფლებების თემაზე შემეცნებითი ღონისძიება მოსწავლეთათვის საპატიო დიპლომების გადაცემით დასრულდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.