სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების – „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება“, „ჭაბურღილების ბურღვა“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, კარლო კოპალიანმა და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ქარსელაძემ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერი, დოქტორი რატი გურგენიძე და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები შეაჯამეს, ასევე, მისი განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 40 მოქალაქემ, „ჭაბურღილების ბურღვის“ სრული კურსი 15-მა, ხოლო „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის“ სრული კურსი, ასევე, 15-მა მოქალაქემ.

პროგრამის მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და უახლოეს მომავალში ღირსეულად დასაქმება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. კარლო კოპალიანმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამომავლო სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების გავლის შედეგად, წარმატებული მსმენელები სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრის მიიღებენ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, საშუალება ეძლევა მოქალაქეებს შესთავაზოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული და შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი პროფესიული კურსები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სასიხარულოა, რომ პროექტის ეს ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა – სერტიფიკატები გადაეცა სამი კურსის 70 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტიურობაა და მომდევნო ეტაპებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების გავლის სურვილი 600-ზე მეტმა თბილისელმა გამოთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში რეგისტრაცია შეუძლია სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. თბილისის მერიასთან პარტნიორობით, გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას თბილისელები, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს”, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასო ქარსელაძის თქმით, პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედებით, თბილისის მერია მიზნად ისახავს დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას. როგორც ვასო ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროგრამის მომდევნო ეტაპებზეც აქტიურად გააგრძელებს.

„ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს სრული ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრების ნაკლებობაა. პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო საშუალებაა ყველა იმ თბილისელისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნივერსიტეტში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესიები, გადამზადდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. სამუშაო ადგილების მოძიებაში მათ თბილისის მერიისგან მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ვასო ქარსელაძემ.

ცნობისათვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში – მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში. პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერი: იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 სტუდენტი განწირულია, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს – ჩვენი...

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნასა და უმაღლესი განათლების სისტემის მიერ გამოშვებულ სტუდენტებს შორის დისბალანსი ფიქსირდება.„კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს, სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად - ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები - აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე,“- აღნიშნა პრემიერმა.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ სარფში აკრძალული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 17 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოავლინეს.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შალვა პაპუაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევით არაფრით განსხვავდება მისგან – დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის...

დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო.თუმცა, მისი თქმით, დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ.„დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში. მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროს კი, ყველაზე მძიმე ფასს იხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც. დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირებების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა. სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას,“ - წერს პაპუაშვილი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული აშშ-ის ელჩი უწყებაში არ გამოცხადდა, რის გამოც ჟან-ნოელ ბარომ დიპლომატის წინააღმდეგ ზომების მიღების ბრძანება გასცა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი უწყებაში არ გამოცხადდა, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დიპლომატის წინააღმდეგ ზომების მიღების ბრძანება გასცა.ჟან-ნოელ ბარომ კუშნერი ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარების გამო დაიბარა, რომელიც აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთი მიიჩნევს, რომ ეს შიდა საქმეებში ჩარევაა.„ელჩი ჩარლზ კუშნერი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ის არ გამოცხადდა“, – განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ.დიპლომატიური წყაროს ცნობით, გამოუცხადებლობის გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ „სანქციების“ დაწესება. მან შეზღუდა კუშნერის პირდაპირი წვდომა საფრანგეთის მთავრობის წევრებთან, თუმცა კუშნერს კვლავ შეეძლება საელჩოში საქმიანობის გაგრძელება და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადება დიპლომატიური შეხვედრებისთვის, რომლებიც უთანხმოებების მოგვარებას ისახავს მიზნად.ცნობისთვის, ჩარლზ კუშნერის ვაჟი, ჯარედ კუშნერი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზეა დაქორწინებული.

ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა, პროფესიონალებმა იმუშაონ საქართველოში და პირუთვნელი დასკვნა წარმოადგინონ – გია ვოლსკი

რა ცვლილებები იგეგმება საარჩევნო კოდექსში?! პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა საერთაშორისო დამკვირვებლებს და მათ თანმხლებ თარჯიმნებს შეეხება.ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წელს გადაცილებული პირი მიიღებს.განისაზღვრება მათი თანმხლები თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც. ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების უფლების მიღებას კი თავად ცესკო განსაზღვრავს.ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის. სრულად იზიარებენ ინიციატივას მმართველ გუნდში.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველანაირ ექსტრემიზმს მოუსპობს განვითარების პერსპექტივას."ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა, პროფესიონალებმა იმუშაონ საქართველოში და პირუთვნელი დასკვნა წარმოადგინონ, ისევე, როგორც ეუთომ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც გააფთრებული შეტევის ობიექტად იქცა.სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველანაირ ექსტრემიზმს მოუსპობს განვითარების პერსპექტივას, ამის შიში აქვთ ზოგიერთებს. ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე, ამ საკითხის შეფასება იქნება პოზიტიური", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები