ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფოტოკონკურსის – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“ – გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, გლობალური ღონისძიებების – “2025 – მყინვარების კონსერვაციის წელი” და წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე – ეგიდით ჩატარებული რიგით მე-2 ფოტოკონკურსის – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“ გამარჯვებული ახალგაზრდები გამოავლინეს და აღნიშნულ თემატიკას მრგვალი მაგიდა მიუძღვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა დაასახელეს ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა პირველი სამეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფოტონამუშევრების ავტორები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. კონკურსანტთა საუკეთესო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში იყო გამოფენილი.

„ფოტოკონკურსზე I ადგილი მოიპოვა სკოლა-ლიცეუმ „ნკ“-ს მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე გორგიჯანიძემ, ფოტონამუშევრით – „მყინვარი ჭალაათი”. II და III ადგილები გაინაწილეს 153-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოფიო ფანჯარაშვილმა, ნამუშევრით – „მყინვარი შხარა უშგულიდან დანახული“ და სკოლა-ლიცეუმ „ნკ“-ს მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა რამიშვილმა, კომპოზიციით – „მყინვარი ზოფხიტო“. მთის მდგრადი ფაკულტეტის რჩეული გახდა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტ ილენ გუჩუას ფოტო – „მყინვარებიდან ენერგიის წყარომდე“; „ფეისბუქმოწონებებით გამარჯვება“ ერგო ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, თეონა კალანდიას ნამუშევარს – „წაჩხურა – ჩვენი სიამაყე“, „ხალხის რჩეული ფოტოს“ ნომინაციაში კი გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, იოანე ჩავლეშვილის კომპოზიციამ – „ბჟუჟი“ გაიმარჯვა.

 

გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის დარბაზში ფოტოკონკურსის მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ახალგაზრდებს მყინვარების კონსერვაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის უარყოფით გავლენებზე, წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის სტრატეგიებზე, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით წყალმომარაგებისა და მელიორაციის სისტემების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ესაუბრნენ და მათ საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

ახალგაზრდებს მყინვარებზე დაკვირვების ისტორია და საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი კორძახიამ, სტუ-ის პროფესორმა ზურაბ ლაოშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ნიკურაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამარჯვებული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო ფოტოკონკურსის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა, გარდა ამისა, ახალგაზრდებს საფაკულტეტო გაზეთის – „სამშობლო მთებიდან იწყება“ ექსპერიმენტული გამოშვება უსახსოვრა.

ცნობისათვის, ფოტოკონკურსის – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“ საუკეთესო ნამუშევრების დათვალიერება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მიმდინარე წლის 31 მარტამდეა შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძეს გუშინ ვერაფრით ათქმევინეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად – მიხეილ სააკაშვილი

მამუკა ხაზარაძეს გუშინ ვერაფრით ათქმევინეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.სააკაშვილის თქმით, სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, „რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ არიან დაკავებული“.„სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის და ჩემი პროცესების, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვერაფრით ათქმევინეს მამუკა ხაზარაძეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, მე მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად. პოლიტიკური დევნაა, რაც მის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება. ისევე როგორც, მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ბიჭებისა და ქალბატონების მიმართ, რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული, პოლიტიკური დევნის ქვეშ იმყოფებიან და პოლიტიკური პატიმრები არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ამასთან, როგორც სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას სააკაშვილმა აღნიშნა, „თუ ვინმე ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს მის სინდისსა და რეპუტაციაზე უნდა იყოს“.

სასამართლო მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს – სახელმწიფო ბრალდება მის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, სხდომა მიმდინარეობს.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც.ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს

ბრიტანული The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს - გამოცემას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. თბილისშია შონ მოლტონი, რომელსაც ძველი თბილისი გააცნეს."თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი, რომელიც ადრე ქუჩაზეც იყო და დღეს მიწისქვეშ არის.რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან ორი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისის მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს მიმოსვლას, პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, თბილისში მოხვედრა უფრო მარტივდება და ვფიქრობ, აქ ბევრი მოგზაურო ჩამოვა, ასევე ბევრი ეწვევა საქართველოდან დიდ ბრიტანეთს"- აცხადებს The Independent ჟურნალისტი, შონ მოლტონი.

ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა იაპონიაში 300 000-მდე ადამიანი შეიწიროს – Reuters

წყნარი ოკეანის სანაპიროზე - იაპონიაში, პოტენციურმა მეგა მიწისძვრამ შესაძლოა 300 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, გამოიწვიოს დამანგრეველი ცუნამი და ასობით შენობის ნგრევა. ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის მთავრობის მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.მოსალოდნელია, რომ სტიქიური მოვლენის შედეგად, ქვეყანას 1.81 ტრილიონი ამერიკული დოლარის ზარალი მიადგება.იაპონია მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა და მთავრობა 8-დან 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მოლოდინშია. მოსალოდნელია, რომ ბიძგების ეპიცენტრი ზღვის ფსკერზე, ნანკაის სახელით ცნობილ ღარში იქნება.მთავრობის ანგარიშის თანახმად, ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, რომელიც ეფუძნება პოტენციურ 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, იაპონიაში 12 მილიონი ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო. 298 000-მდე ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ცუნამისა და შენობების ჩამონგრევის შედეგად, თუ მიწისძვრა ზამთარში, გვიან ღამით მოხდება.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება შესაბამის უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა. მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიზეზებსა და მიმდინარე სამუშაოებზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.„ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ პროექტებზე, გაკეთებულ საქმეებზე, რაც 2017 წლიდან მოყოლებული ნათლად ჩანს დედაქალაქში, მაგრამ არსებობს გამოწვევები და პრობლემებიც. დღეს მინდა, ერთ პრობლემებურ საკითხზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა დაუყოვნებლივ დაიწყო, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილობრივი კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გამოგვიცხადებია ტენდერი და კომპანიები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პირველად შერჩეულმა სამშენებლო კომპანია „მამისონმა“ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა.„არაერთი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2021 წელს შეირჩა საპროექტო ორგანიზაცია, შპს „თი დი ესი“, რომელმაც დასრულებული, ექპერტიზაგავლილი პროექტი წარმოადგინა 2022 წლის იანვარში. პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროექტის დასრულება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.მისივე განმარტებით, პროექტის ძირითად სამუშაოს წარმოადგენს მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე, საესკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და, მათ ნაცვლად, თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა. თბილისის მერის თქმით, ძველი ჭერის დემონტაჟის შედეგად გამოიკვეთა უშუალოდ რკინაბეტონის თაღის, მათ შორის, გეომეტრიული პარამეტრების კვლევის აუცილებლობა და, სხვა კვლევებთან ერთად, ორჯერ ჩატარდა ზედაპირის სრული სკანირება.„ასევე, განახლებული პროექტის ექსპერტიზის ეტაპზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სიღრმისეული შესწავლა, რაც ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების რესურსებით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, ვისაც ასეთი ტიპის მეტროსადგურებზე უმუშავია. როგორც იცით, თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ამიტომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს „პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება“, – განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ბადაქონსთრაქშენმა“ უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი, ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები, შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო მასალა და სხვა.კახა კალაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

ბოლო სიახლეები