საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების ფარგლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად, უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის აფხაზური ენის დაცვის მიზნით ენის კვლევა და სამეცნიერო შესწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„დროებით ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო აფხაზეთზე. გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების კეთილგონივრული, მშვიდობიანი ნაბიჯებით, აფხაზეთი დედა-სამშობლოს წიაღს აუცილებლად დაუბრუნდება. აფხაზური ენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დებსა და ძმებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, ასევე მათ, ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. სამწუხაროა, რომ აფხაზური ენა მსოფლიოს იმ ენებს შორისაა, რომელსაც გაქრობა ემუქრება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი. ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები ჩართული არიან აფხაზური ენის დაცვა-შენარჩუნების პროცესში. მნიშვნელოვანია, ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს აფხაზური ეთნოსის, ენისა და კულტურის დასაცავად. ეს მკაფიო ნაბიჯია იმისათვის, რომ უფრო აქტიურად განვახორციელოთ სამშვიდობო პოლიტიკა“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით – „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება-ამოქმედების პროექტი“ – სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე წარსდგა.