კვირა, დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, ქართველი მეცნიერ-ინჟინრები მომავლის ციკლური კოლაიდერის ფიზიკური პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვებიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ემანუელ თესმელისმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი #1 CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მემორანდუმი #2 კი, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

დავით გურგენიძის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ხელმოწერის საფუძველზე, CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავება საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება და CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების სამუშაოებში მონაწილეობა. მეორე დოკუმენტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფორმდება. დოკუმენტი ითვალისწინებს მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა; FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ყველა ამ სამუშაოში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ამ ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ.

მეორე მემორანდუმის თანახმად, CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ.

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. დღეს, სწორედ ამ მიზნით, ჩვენს უნივერსიტეტში იმყოფებიან ფიზიკოსები, მსოფლიოში სიცოცხლის შემეცნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლაბორაციიდან – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან. ამასთან ერთად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. ამ დიდებულ სამეცნიერო ფორუმში მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები მონაწილეობენ და ახალგაზრდებს ფილოსოფიაში წამყვან იდეებს უზიარებენ. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, მთელი კაცობრიობის არსი და შემეცნება ფიზიკა და ფილოსოფიაა. ამიტომ, გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერების ზეიმია.

მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი მხარდაჭერისთვის. და ბოლოს, ყველა მსგავსი დოკუმენტის ამოქმედება ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

CERN-თან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის უფროსი მრჩეველი, პროფესორი ქრისტოფ შაფერი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?

თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იუთუბ არხზე „დილის პოლიტიკურ live“-ში. „წარმოიდგინეთ რომელი გაგიყვანთ დემოკრატიულ მომავალში- გვარამია? ხაზარაძე? გახარია? ის რომ დაგავიწყდათ გახარია რომ ხალხს ძუყნიდა მიტინგზე და გომელაურის სანქციები რომ გიხარიათ. რა განსხვავება არის. იმ დროს უბრალოდ არ ასანქცირებდნენ საქართველოს მთავრობის წევრებს ხალხის ცემის გამო, თორემ გახარია არ იქნებოდა დასანქცირებული თავისი შინაარსით? თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? თუ მიშა? რომ იძახიან კოალიცია რაღაცას დაალაგებდაო, არ არის ეს კანონმდებლობა ისე მოწყობილი, რომ კოალიციები დალაგდეს“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები