შაბათი, სექტემბერი 26, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

კონფერენცია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც, ამავდროულად, პროექტ ReINNOVA-ს ექსპერტია. მან პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებით, შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა სტიმულირდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, – აღნიშნა კოლინ რიგბიმ.

კონფერენცია სტუდენტების მიერ ReINNOVA-ს კონცეფციის გათვალისწინებით მომზადებული საპილოტე პროექტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. საპილოტე პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავდა.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ აღნიშნა, ReINNOVA-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, „ინოვაციების მრჩევლების“ მენტორობით, ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა ბიზნესკომპანიების მიერ დასმული ამოცანების ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავა და შედეგად, საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, ექვს სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ექვსი განსხვავებული პროექტი მოამზადა.

სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „მშენებელი 80“-ის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეზერვუარების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება“, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი თურმანიძისა და მენტორის, ნინო ბახტაძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა გიორგი შვანგირაძემ და დავით ყავრელაშვილმა განახორციელეს. როგორც პროექტის მენტორი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მზიდი რკინაბეტონის კონსტრუქციების დათვალიერება, დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული კონსტრუქციებისა და ზონების დაფიქსირება, შესაბამისი დასკვნა კი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მომზადდება.

სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპილოტე პროექტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა კომპანია „ავტობანი“, თემით: “ადამიანური რესურსების მოზიდვის პრობლემატიკა”, რომლებშიც, მენტორის – თამარ ქამხაძისა და კომპანიის წარმომადგენლის – თეა მორბედაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სტუდენტები სოფიო ამაღლობელი, მარიამ გუგულაშვილი და ნანა ნინიკაშვილი. როგორც თამარ ქამხაძე აღნიშნავს, სტუდენტები კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ, ასევე, გამოკითხვის ფორმით, კვლევა ჩაატარეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს.

მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ლაშა დემეტრაშვილმა და კომპანია „Progress Project”-მა წარმოადგინეს პროექტი – „შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული გადაწყვეტა, გეოლოგიური დასკვნის გაკეთება“. საპილოტე პროექტი ანა ტაბატაძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ჯონი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. სტუდენტს დაევალა კონსტრუქციული თვალსაზრისით გადაწყვეტილი შენობის, როგორც ჩარჩოსებრ-კავშირებიანი კარკასული მონოლითური რკინაბეტონის სისტემის გეოლოგიური დასკვნის გაკეთება, ასევე კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება, რომელიც მოიცავდა სტრუქტურულ გაანგარიშებას სპეციფიკური კომპიუტერული საანგარიშო პროგრამებით.

მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამამ და კომპანია „ფორსმა“ თემით – „სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება – პრაქტიკული მაგალითი“ სტრუქტურულად რთული ფორმის მრავალსართულიანი სასტუმროს ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სტუდენტ ქეთევან თოდუას მარიამ ვარდიაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე წაქაძე ხელმძღვანელობდნენ.

ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „Lion Trans“-ის საპილოტე პროექტის – „ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის ლოგისტიკური პროცესების დაგეგმარება“ – განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ლია გოცირიძე, ანა ოდიშელიძე და გიგი პატარიძე. მათ მენტორობას უწევდა თამარ რუხაძე და კომპანიის წარმომადგენელი ქეთევან გელაშვილი. პროექტის მიზანი ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის დაგეგმვა და აკადემიურ გარემოში მისი ადაპტაცია იყო.

ReINNOVA-ს ფარგლებში, მეეექვსე საპილოტე პროექტი ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობით განხორციელდა. თემაზე – „ავტომობილების ტექინსპექტირება – სფეროში შესაბამისი ადამიანური კაპიტალის პრობლემასთან დაკავშირებული კვლევა“ – ვალერი ჯაჯანიძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ზაქარია გაბეცაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტები ავთანდილ ახალკაცი, გელა ჟღენტი და ალექსანდრე ცქიფურიშვილი მუშაობდნენ.

ბორის გითოლენდიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა – ReINNOVA უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას ეფუძნება, მიზანი კი სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

„პროგრამა ფოკუსირებულია იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ახალი პროდუქტის ან სერვისის შემუშავებაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან. ბიზნესკომპანიები, რომლებიც პროექტში ერთვებიან, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება-გაფორმების შემდეგ, წარმოადგენენ რეალური პრობლემის მოკლე აღწერილობას. ბიზნესქეისებზე სამუშაოდ, შიდა საუნივერსიტეტო მექანიზმების გამოყენებით, შეირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც ერთვება პროექტში და საპილოტე სასწავლო პროგრამის შესაბამის სტუდენტურ გუნდებთან ერთად, 3 თვის ვადაში რეალური ბიზნესპროექტის საკუთარ ვერსიას წარმოადგენენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმი ინოვაციურობა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაა”, – აღნიშნავს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტ ReINNOVA-ს მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, სწავლა-სწავლების პროცესში დამსაქმებლების მაღალი ჩართულობა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობაა. ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების ექვს საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ხორციელდება.

საგრანტო პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტ ReINNOVA-ს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორია უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 26 სექტემბერს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგიერთ ადგილას კი შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.26 სექტემბერს ნალექიანი ამინდი ცალკეულ რაიონებში კვლავ შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით კი ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი ნალექი. დღისით დაბლობში ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ბარში ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.27 სექტემბრიდან ამინდი შედარებით დასტაბილურების ტენდენციას აჩვენებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, თბილისში 27 სექტემბერს დღისით დაახლოებით +27 გრადუსია მოსალოდნელი, 28 სექტემბერს კი ტემპერატურა კვლავ დაახლოებით +27 გრადუსამდე იქნება.

გიგა ავალიანის დედა – სამართლიანობა აღდგება, მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის „ჩაფარცხვაში“ მიიღო მონაწილეობა, საბრალდებო სკამზე დაჯდება – ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე

სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის „ჩაფარცხვაში“ მიიღო მონაწილეობა, დაჯდება საბრალდებო სკამზე და ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე , - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.ეკა კუპატაძის თქმით, რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაკავებული და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ.„ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა აღდგა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა არასრულწლოვანი ფიგურანტი დაკავებულია, მაინც გამოყოფილია საქმე და გრძელდება გამოძიება. ამ ეტაპზე არც მე მოვიაზრებ და არც პროკურატურა მოიაზრებს სხვა რომელიმე არასრულწლოვანს. გიგას მკვლელობაში უშუალოდ ფიგურანტები ვინც იყვნენ, ყველა ზის სკამზე, თუმცა გამოძიება გრძელდება.საბრალდებო სკამი ელოდება იმ პირებს, ვინც ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა. იცის მთელმა საქართველომ, რომ რომ არა მკვლელობის განყოფილება და რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ.სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა, დაჯდება საბრალდებო სკამზე და ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე. როცა ვახსენებ ექიმებს, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ გიგას არ ჰქონდა სიცოცხლის შანსი. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ გვიწერია, რომ მიზეზ-შედეგობრივი პირდაპირ დარტყმა იყო და ამან გამოიწვია გარდაცვალება, გიგა ავალიანი არ გადარჩებოდა, მაგრამ ვსაუბრობ იმიტომ, რომ იგივე სამედიცინო მომსახურების პირობებში სხვა პაციენტი, ვისაც ექნებოდა სიცოცხლის შანსი, ვერ გადარჩებოდა. მე საზოგადოებისგან ძალიან დიდი ვალი მაქვს და ეს ვალი ამით მაინც უნდა გადავუხადო, როკ ის ექიმები,ვინც გიგა ავალიანი მიიღო, ჩამოვაშორო სამუდამოდ სამედიცინო მიმართულებას“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

კახა კახიშვილი – შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი წერილებით ცდილობს, თავისი პოზიცია და სათქმელი მიაწვდინოს იმ ადამიანებს, ვისგანაც რეაგირებას ელოდება

შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ამ წერილებით შეძლებს თავისი პოზიციისა და სათქმელის იმ ადამიანებამდე მიტანას, ვისგანაც გარკვეულ რეაგირებას ელოდება. ამავე დროს, ვხედავთ, რომ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, წერილების შინაარსიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს საკუთარი პოზიცია და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწვდინოს მათ, ვისგანაც გარკვეულ რეაგირებას ელოდება.„როგორც ჩანს, მას ბევრი სათქმელი დაუგროვდა და თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, ეს ყველაფერი საჯაროდ ეთქვა.შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ წერილებით გარკვეულ რეაქციას გამოიწვევდა იმ ადამიანების მხრიდან, ვისგანაც თავად ელოდება რეაგირებას. მეორე მხრივ კი, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას შეიძლება სრულიად განსხვავებული ლოგიკა ჰქონდეს - მათ შეიძლება მიაჩნდეთ, რომ თუ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში წერილების ან საჯარო განცხადებების შედეგად რაიმე დათმობაზე წავლენ ან გადაწყვეტილებას შეცვლიან, ამან შესაძლოა სხვა მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებსაც გაუჩინოს მოლოდინი, რომ იგივე გზით შეძლებენ შედეგის მიღწევას. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, ხელმძღვანელობამ ამ წერილებზე საერთოდ არ მოახდინოს ისეთი რეაგირება, როგორსაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა ელოდებოდეს.ჩემი აღქმით, წერილებში ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი პოზიციისა და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს თავად განვითარებულ მოვლენებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქცევის შეფასება გარედან მარტივია, ამიტომ მე ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ. თავისუფლებაზე ყოფნის დროს ადამიანი შეიძლება ერთგვარად უყურებდეს მოვლენებს, ხოლო საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩენის შემდეგ ბევრი რამ სხვაგვარად აღიქვას.რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ჩემი პოზიციაა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, თუ სხდომის დახურვის კონკრეტული სამართლებრივი აუცილებლობა არ არსებობს, განხილვა მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.ჩვენს ქვეყანას სასამართლო სისტემის თვალსაზრისით გაცილებით რთული პერიოდიც გაუვლია. გვახსოვს საქმეები, რომლებზეც წინა ხელისუფლების პერიოდში უმკაცრესი განაჩენები დგებოდა, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში გამამართლებელი განაჩენებიც დადგა.დღეს ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს წარსულში დაბრუნება ან ვინმეს მიმართ განსხვავებული სტანდარტის გამოყენება. მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ კანონი და პროცედურული გარანტიები ყველას მიმართ თანაბრად მოქმედებდეს.მე პირადად არ მახსენდება ბოლო წლების პრაქტიკაში კორუფციის ან თანამდებობრივი დანაშაულის ისეთი გახმაურებული საქმეები, როდესაც სასამართლო პროცესების დახურვა ასეთი ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი გამხდარიყო. ამავე დროს, წინა ხელისუფლების პერიოდიდან გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაც კი ხელმისაწვდომი არ იყო.თუ შევადარებთ სხვადასხვა პერიოდში სასამართლოს პრაქტიკას, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკას, გარკვეულ ცვლილებებსა და პროგრესს ნამდვილად დავინახავთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კითხვები ღია და რაციონალური კომუნიკაციით გაიფანტოს და მიღწეული პროგრესის მიმართ საზოგადოებაში დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს.როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე საქმეებზე სასამართლო სხდომები იხურება, საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება კითხვა, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი არსებობს ამისთვის. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს შესაბამისი შუამდგომლობისა და წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე. მე არ ვიცნობ ამ კონკრეტული გადაწყვეტილებების დასაბუთებას და ამიტომ მათ სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეების შესახებ, მით ნაკლები სივრცე დარჩება კითხვებისა და სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პაატა ბურჭულაძე – საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ

საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, „ოცნების“ „არჩევნების“ დღეს ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე წერს.მისივე თქმით, არჩევნების ჩატარება კი, პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.„4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდანაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან.ერთ-ერთი პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის და ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს ამა თუ იმ მიზეზების გამო უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია „ოცნება“ ჯიუტად არ იმჩნევს, დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს.ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მოქალაქეებმა, 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.ჩემო თანამებრძოლენო!• ჩვენ ეს შევძელით: ოცნების „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!• თვითმმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს!• გამარჯვება გარდაუვალია!• გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!“, – წერს ბურჭულაძე.  

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ...

ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა.მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა.„რეალურად ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ვთქვათ: გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა და მივერთებოდით სანქციებს. ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში მთავარი პრიორიტეტი იყო სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ეს არ მოსწონთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. ეს სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება, რაც სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე განმარტებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება უნდა მოხდეს კორექტულად და არა შეურაცხყოფის ფარგლებში.„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, როგორც ამ უსამშობლო ადამიანების პატრონები გარედან გვეუბნებიან, რომ შეურაცხყოფით, ცილისწამებით, მუქარით და ფიზიკური გასწორებით ვიმოქმედოთ, ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის დანაშაული და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს კორექტულობის, კანონისა და წესიერების ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.შეგახსენებთ, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მოგვიანებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელეს.„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა,“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ბოლო სიახლეები