ორშაბათი, მარტი 30, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

კონფერენცია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც, ამავდროულად, პროექტ ReINNOVA-ს ექსპერტია. მან პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებით, შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა სტიმულირდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, – აღნიშნა კოლინ რიგბიმ.

კონფერენცია სტუდენტების მიერ ReINNOVA-ს კონცეფციის გათვალისწინებით მომზადებული საპილოტე პროექტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. საპილოტე პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავდა.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ აღნიშნა, ReINNOVA-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, „ინოვაციების მრჩევლების“ მენტორობით, ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა ბიზნესკომპანიების მიერ დასმული ამოცანების ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავა და შედეგად, საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, ექვს სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ექვსი განსხვავებული პროექტი მოამზადა.

სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „მშენებელი 80“-ის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეზერვუარების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება“, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი თურმანიძისა და მენტორის, ნინო ბახტაძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა გიორგი შვანგირაძემ და დავით ყავრელაშვილმა განახორციელეს. როგორც პროექტის მენტორი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მზიდი რკინაბეტონის კონსტრუქციების დათვალიერება, დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული კონსტრუქციებისა და ზონების დაფიქსირება, შესაბამისი დასკვნა კი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მომზადდება.

სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპილოტე პროექტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა კომპანია „ავტობანი“, თემით: “ადამიანური რესურსების მოზიდვის პრობლემატიკა”, რომლებშიც, მენტორის – თამარ ქამხაძისა და კომპანიის წარმომადგენლის – თეა მორბედაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სტუდენტები სოფიო ამაღლობელი, მარიამ გუგულაშვილი და ნანა ნინიკაშვილი. როგორც თამარ ქამხაძე აღნიშნავს, სტუდენტები კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ, ასევე, გამოკითხვის ფორმით, კვლევა ჩაატარეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს.

მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ლაშა დემეტრაშვილმა და კომპანია „Progress Project”-მა წარმოადგინეს პროექტი – „შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული გადაწყვეტა, გეოლოგიური დასკვნის გაკეთება“. საპილოტე პროექტი ანა ტაბატაძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ჯონი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. სტუდენტს დაევალა კონსტრუქციული თვალსაზრისით გადაწყვეტილი შენობის, როგორც ჩარჩოსებრ-კავშირებიანი კარკასული მონოლითური რკინაბეტონის სისტემის გეოლოგიური დასკვნის გაკეთება, ასევე კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება, რომელიც მოიცავდა სტრუქტურულ გაანგარიშებას სპეციფიკური კომპიუტერული საანგარიშო პროგრამებით.

მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამამ და კომპანია „ფორსმა“ თემით – „სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება – პრაქტიკული მაგალითი“ სტრუქტურულად რთული ფორმის მრავალსართულიანი სასტუმროს ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სტუდენტ ქეთევან თოდუას მარიამ ვარდიაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე წაქაძე ხელმძღვანელობდნენ.

ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „Lion Trans“-ის საპილოტე პროექტის – „ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის ლოგისტიკური პროცესების დაგეგმარება“ – განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ლია გოცირიძე, ანა ოდიშელიძე და გიგი პატარიძე. მათ მენტორობას უწევდა თამარ რუხაძე და კომპანიის წარმომადგენელი ქეთევან გელაშვილი. პროექტის მიზანი ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის დაგეგმვა და აკადემიურ გარემოში მისი ადაპტაცია იყო.

ReINNOVA-ს ფარგლებში, მეეექვსე საპილოტე პროექტი ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობით განხორციელდა. თემაზე – „ავტომობილების ტექინსპექტირება – სფეროში შესაბამისი ადამიანური კაპიტალის პრობლემასთან დაკავშირებული კვლევა“ – ვალერი ჯაჯანიძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ზაქარია გაბეცაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტები ავთანდილ ახალკაცი, გელა ჟღენტი და ალექსანდრე ცქიფურიშვილი მუშაობდნენ.

ბორის გითოლენდიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა – ReINNOVA უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას ეფუძნება, მიზანი კი სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

„პროგრამა ფოკუსირებულია იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ახალი პროდუქტის ან სერვისის შემუშავებაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან. ბიზნესკომპანიები, რომლებიც პროექტში ერთვებიან, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება-გაფორმების შემდეგ, წარმოადგენენ რეალური პრობლემის მოკლე აღწერილობას. ბიზნესქეისებზე სამუშაოდ, შიდა საუნივერსიტეტო მექანიზმების გამოყენებით, შეირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც ერთვება პროექტში და საპილოტე სასწავლო პროგრამის შესაბამის სტუდენტურ გუნდებთან ერთად, 3 თვის ვადაში რეალური ბიზნესპროექტის საკუთარ ვერსიას წარმოადგენენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმი ინოვაციურობა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაა”, – აღნიშნავს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტ ReINNOVA-ს მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, სწავლა-სწავლების პროცესში დამსაქმებლების მაღალი ჩართულობა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობაა. ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების ექვს საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ხორციელდება.

საგრანტო პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტ ReINNOVA-ს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი- 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.კერძოდ, თბილისში მცხოვრებს აბონენტებს, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო ტარიფები ასეთია:„თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი;101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი;301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრი.რეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი;101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი;31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, მის დამფუძნებელს, თანამშრომლებს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.დავით გაბაიძე უარყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება.„დიდი ხანია, ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.დავით გაბაიძე გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს. მისი თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებსაც ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.დავით გაბაიძე ბოლო არჩევნების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მესამედ იყო არჩეული.

ირანის ელჩი საქართველოში: „აშშ-ის გათვლები კრიზისებად იქცა – შედეგი საპირისპიროა…რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი ყალიბდება“

,,წუხელ საქართველოს ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრში, 61 წევრისგან შემდგარ თავყრილობაზე — რომელსაც მკვლევრები, სამხედროები, ყოფილი მაღალჩინოსნები და ეკონომიკის, ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ — ირანის უახლესი მოვლენების შესახებ ვისაუბრე. ამ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ დღეს ირანი დგას ისტორიის იმავე მონაკვეთში, სადაც ოთხი საუკუნის წინ იმამყული-ხანმა მტკიცე ძალმოსილებით ევროპული კოლონიალიზმი ჰორმუზის სრუტიდან გააძევა. დღესაც, ირანის შვილები — მათ შორის წარმოშობით ქართველი თანამემამულეებიც — ღირსებითა და ერთიანობით, უკვე ოცდაათზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში იცავენ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. ამ თავდაცვას მნიშვნელოვანი სტრატეგიული შედეგებიც მოჰყვა; მათ შორის ის, რომ ამ პერიოდში მხოლოდ 116 გემს მიეცა ჰორმუზის სრუტიდან გასვლის ნებართვა, რის შედეგადაც ამ სასიცოცხლო საზღვაო მარშრუტით ვაჭრობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 97 პროცენტით შემცირდა. ასევე აღვნიშნე, რომ დაახლოებით სამი თვის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რეგიონში სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისას, ირანში „რეჟიმის შეცვლაზე“ ისაუბრა და ახსენა საკუთარი „დაუმარცხებელი“ ფლოტი, ისტორიული ესპანური არმადის მსგავსი. ის ხაზს უსვამდა ირანის დაჩოქების შესაძლებლობას საზღვაო შეტევისა და ბლოკადის გზით. ამ განცხადებების შემდეგ, აშშ-ის საზღვაო ფლოტი ირანის საზღვაო წყლებთან ახლოს მივიდა, თუმცა ახლა, კონფლიქტის დაწყებიდან ოცდაათი დღის შემდეგ, ეს თითქოს „დაუმარცხებელი“ ფლოტი საგრძნობლად არის უკან დახეული და ირანის საზღვაო აკვატორიიდან ათას კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. უფრო მეტიც, თავად აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი ავიამზიდი ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ირანის საჰაერო დარტყმების ქვეშ იმყოფებოდა და 17 მიმართულებიდან განიცადა დარტყმები. კითხვაზე, თუ რა იყო ამ მოქმედებების მიზანი, აღვნიშნე, რომ ირანის „სირიიზაცია“ აშშ-ისა და ისრაელის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა — ანუ სახელმწიფო სტრუქტურების დასუსტება, რაც განმეორებითი სამხედრო ჩარევებისთვის ნიადაგის შექმნას და საბოლოოდ სუსტი, არაეფექტური სახელმწიფოს ფორმირებას გულისხმობს, რომელიც ვერ შეძლებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. ამ კონტექსტში, ტერორისტული პროქსი დაჯგუფებების გამოყენება, რომელიც, მათი აზრით აშშ-ისა და ისრაელის მხარდაჭერით შექმნილი ძალებია, მუდმივი დესტაბილიზაციისა და ირანული საზოგადოების უსაფრთხოებისა და ერთიანობის საფრთხის ინსტრუმენტად განიხილება. შეხვედრაში მონაწილე მკვლევართა ნაწილის შეფასებებიც საყურადღებო იყო. მათი აზრით, მოჰამად მოსადეყის მთავრობის დამხობიდან მოყოლებული, ირანში ჩამოყალიბდა ფართო საზოგადოებრივი აღქმა შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც ღრმა უნდობლობას ეფუძნება. ეს დამოკიდებულება ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და პოლიტიკურ ელიტებს გასცდა, საზოგადოებრივ ფენებშიც გავრცელდა. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის პოლიტიკა ირანის მიმართ ბოლო ათწლეულებში ხშირად ხასიათდებოდა არასწორი გათვლებით, კრიზისების პროვოცირებითა და გაუთვალისწინებელი შედეგებით. ამან არა მხოლოდ ვერ დაასუსტა ირანი, არამედ რიგ შემთხვევებში გააძლიერა მისი როლი რეგიონულ და გლობალურ პროცესებში. კითხვაზე აშშ-ის მიერ „ცალმხრივი გამარჯვების“ გამოცხადების შესაძლო სცენარის შესახებ, აღინიშნა, რომ ვაშინგტონს მსგავსი პრაქტიკა უკვე ორჯერ აქვს გამოცდილი: 1. 2003 წელს, ერაყში შეჭრისა და ოკუპაციის დაწყებისას — სამხედრო ოკუპაციას არ გამოუწვევია ერაყელი ხალხის დასუსტება, ამ პროცესმა საბოლოოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, ხოლო დღეს ერაყს ირანთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს. 2. 2020 წელს, ავღანეთის ომის დასრულებისა და ქვეყნიდან დაჩქარებული, ქაოსური გასვლისას — მიუხედავად მრავალი სირთულისა, საზღვრის ორივე მხარეს ეკონომიკური ურთიერთობები დღემდე გრძელდება. ამ ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი გადაწყვეტს ცალმხრივად გამოაცხადოს ჰიპოთეტური გამარჯვება და გაიყვანოს ძალები რეგიონიდან — მათ შორის ევროპიდანაც, მაგალითად გერმანიიდან — ეს შესაძლოა გახდეს აზიასა და ევროპას შორის შიდა-რეგიონული და ტრანსკონტინენტური კავშირების გაძლიერების საფუძველი. ირანს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით დასავლეთ აზიის ერთ-ერთ მთავარ საკვანძო გზაჯვარედინზე, აქვს პოტენციალი, მეზობლებთან — კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან — ინფრასტრუქტურულ და რეგიონულ კავშირებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკურ და სატრანზიტო კავშირში. შეხვედრის დასასრულს, კითხვაზე თუ როდის და რატომ გადაუხვია აშშ-მა ომსა და პოლიტიკაში ეთიკურ პრინციპებს, აღვნიშნე, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი გახლდათ ამერიკის გასვლა „პარიზის შეთანხმებიდან“, რაც მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა გლობალურ დონეზე გარემოსა და კაცობრიობის საერთო მომავალს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს. ქვეყანა, რომელიც არ აფასებს ბუნებას, კლიმატს, წყალსა და ეკოსისტემას, შესაბამისად არც ადამიანებს აფასებს — მათი იდენტობის, რელიგიის, ეროვნებისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად. ეს მიდგომა ასახავს აშშ-ის პოლიტიკურ ხედვას, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში. კითხვაზე შიიზმსა და მართლმადიდებლობას შორის საერთო ელემენტების შესახებ, აღვნიშნე, რომ ორივე ტრადიციას აერთიანებს მნიშვნელოვანი რწმენა — „აღდგომის“ იდეა — რაც ქმნის საფუძველს უფრო ღრმა დიალოგისა და ურთიერთგაგებისთვის. ეს საერთო ხედვა ხელს უწყობს სინერგიას, თანამშრომლობას და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შიიტურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის. ასევე დაისვა კითხვა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მიზნების შესახებ, რაზეც პასუხად აღვნიშნე, რომ ეს ახალი ფენომენი არ არის და დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომელიც უკრაინის კრიზისის დაწყებიდან განვითარდა — განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-ისა და ზოგიერთი დასავლური აქტორის მონაწილეობით. უკრაინის გამოცდილებამ და ნატოს გაფართოებამ აჩვენა, რომ კონფრონტაციული მიდგომები არ იწვევს სტაბილურობას და ხშირად მძიმე, ზოგჯერ შეუქცევად შედეგებს იძლევა. დღეს მსგავსი მოდელების გავრცელება სხვა რეგიონებში, მათ შორის დასავლეთ აზიაში, მიუთითებს, რომ ასეთი მიდგომების გაგრძელებამ შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით, ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში უკვე შეინიშნება გადაფასების ნიშნები და ნაკლები მზადყოფნა ისეთ კონფლიქტებში ჩართვისთვის, რომლებიც მკაფიო სამართლებრივ და ეთიკურ საფუძველს მოკლებულია. დასასრულს, საქართველოს პოლიტიკის შეფასებისას აღვნიშნე, რომ ქვეყანამ ბოლო წლებში გონივრული პოლიტიკის წყალობით შეძლო თავი დაეცვა რთული რეგიონული კონფლიქტებისგან. საქართველო არ იქცა ახალი დაპირისპირების ფრონტად და არც ესკალაციის გზას დაადგა; პირიქით, „აქტიური ნეიტრალიტეტის“ გზით, ერთდროულად შეინარჩუნა შიდა სტაბილურობა და ხელი შეუწყო ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ — როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი კვანძისა — კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. კავკასია და მისი ქვეყნები, ცენტრალურ აზიასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიული კორიდორების დაკავშირებაში და ქმნიან ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველს. მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა გლობალურ დონეზე გეოპოლიტიკური ბალანსის გადახედვა გამოიწვიოს, ხოლო რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც კოლექტიურ უსაფრთხოებას, ისე ეკონომიკურ განვითარებას-ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი.

ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს, რის შედეგადაც სამი პირი დააკავეს.მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფაშინიანი დაცვასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ეკლესიის დატოვებას ცდილობდა.დაცვის თანამშრომლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს გზას უხსნიდნენ, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მათ უთხრა, რომ სურდა იქ დარჩენილიყო, სადაც იდგა.„ასე ნუ მიყურებ“, – მიმართა მოქალაქემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ხელის დარტყმა სცადა.ნიკოლ ფაშინიანმა მასთან ერთად მყოფებს სიჩუმისკენ ჟესტით მიუთითა და სთხოვა, რეაგირება არ მოეხდინათ.ამასთან, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეკლესიის ეზოში სამი პირი დააკავეს, მათ შორის ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდა, დანარჩენი ორის ვინაობა უცნობია.

გიგა ფარულავა – ბოლოდროინდელ საერთაშორისო შეფასებებს თუ გადავხედავთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი დადებითი შეფასების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს

ბოლოდროინდელ საერთაშორისო შეფასებებს თუ გადავხედავთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი დადებითი შეფასების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს იმ რეპრესიულ ქმედებებზე, რასაც განსაკუთრებით ბოლო წლებია, ვხედავთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„ევროსაბჭოს ანგარიში არაფრით განსხვავებული არ იქნება იმ ნეგატიური პოზიციებისგან, რაც თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა როგორც პარტნიორიორებისგან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“,- განაცხადა ფარულავამ.

ბოლო სიახლეები