ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კლაუს ჰიპმა კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ
გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის
დამფუძნებელს, სტუ-ის საპატიო დოქტორ კლაუს ჰიპს უნივერსიტეტის რექტორმა,
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დიზაინის საერთაშორისო სკოლის განვითარებაში
შეტანილი წვლილისთვის მადლობს სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ
ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კლაუს ჰიპი შეხვდა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის
სტუდენტებს. მეცენატმა, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დიზაინის
საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი. როგორც
ფაკულტეტის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, კლაუს ჰიპმა დაათვალიერა
სტუდენტების ნამუშევრები და კონკურსში გამარჯვებულებს წლის ბოლომდე
დაასახელებს.
„უკვე მრავალი წელია, კლაუს ჰიპი თვითონ ირჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს
გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულიო პრაქტიკის გასავლელად.
პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ
დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის
საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ
განყოფილებებში. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში დიზაინის საერთაშორისო სკოლის
სტუდენტები ნია გალეგაშვილი და თამარ ბახტაძე გაემგზავრნენ. ისინი ამ ეტაპზე
მიუნხენში არიან და ერთ-ერთი უძველესი ტაძრის აღდგენით სამუშაოებში
მონაწილეობენ. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის, ჩვენი სტუდენტების
შექმნილი ნამუშევრები, მუდმივად იქნება გამოფენილი. მომავალ წელს კონკურსში
გამარჯვებული ორი სტუდენტი გაემგზავრება გერმანიაში“, – განაცხადა ნინო ახობაძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს
გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო
ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურს, რომლის გამარჯვებულები მიდიან
გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის
სხვადასხვა ქალაქში. ასევე, სტუ-ისა და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ს შორის
განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი კომპანიას  პერიოდულად
მიაწვდის დიზაინის საერთაშორიასო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და
ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების
სტუდენტთა სიას, საიდანაც კომპანია ორივე საფეხურის 2-2 სტუდენტს შეარჩევს.
სტუდენტები სამი წლის განმავლობაში სტაჟირებას HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ში
გაივლიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა – ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. „ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე...

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს დაადასტურა პირველ რიგში ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია. „ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა. სახლის გასაღები ოჯახს საზეიმო კონცერტზე გადაეცა, რომელიც ტრადიციულად, ძველით ახალ წელს, კახა კალაძის ინიციატივით ტარდება. კონცერტს, რომელიც სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. „ეს ტრადიცია 2012 წლიდან დავამკვიდრეთ. ყოველ წელს ვიკრიბებით სამტრედიაში, ტარდება საახალწლო კონცერტი და პარალელურად, საქველმოქმედო ღონისძიება, რომელზეც ოჯახებს ვაბედნიერებთ. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. მინდა, ყველა იმ კომპანიას, ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩემთან ერთადაა ჩართული ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და გასულ წლებშიც იყო ჩართული. მოქალაქეების მხარდაჭერასა და თანადგომას ყოველთვის გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო. „რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს. ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით“, - განაცხადა გოჩა ადეიშვილმა. საზეიმო კონცერტზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა იმყოფებოდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა – რა კადრები ვრცელდება

AreaNapoli-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის წინ სკუდეტოს მომპოვებელი ხვიჩა კვარაცხელია, კასტელ ვოლტურნოზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა. გამოცემა წერს, რომ ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო და მან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დატოვა კლუბის ბაზა: „ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“. რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.

იენს სტოლტენბერგს ახალი სამსახური აქვს

ამის შესახებ ინფორმაციას სკანდინავიის ქვეყნების მედია ავრცელებს. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ჩრდილოეთის და ბალტიის რვიანში" (Nordic-Baltic Eight) დასაქმდა. დანიშვნის შესახებ დღეს, სტოკჰოლმში, სტოლტენბერგის და შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. „ჩვენ არქტიკული სახელმწიფოები ვართ და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოება და კონტროლი ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელი საჭიროება. მე მთხოვეს შევიმუშავო კონკრეტული ზომები ჩვენს დიდ რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ინდუსტრიის ოპტიმიზაციისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ზომების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და მოხსენების წარდგენა დაგეგმილია ივნისისთვის, ნატოს მომდევნო სამიტის დაწყებამდე. „ჩვენ აღარ შეგვიძლია მშვიდობა თავისთავად არსებულად განვიხილოთ“, - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მან მიუთითა რუსეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რეგიონის განსაკუთრებულ პრობლემებზე. „ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში, მაგრამ არც ნორმალურ მშვიდობიან ვითარებაში ვართ“, - განაცხადა მან და მაგალითად მოიყვანა რუსეთის დივერსიულ ქმედებები და სკანდინავიურ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.

ბოლო სიახლეები