პარასკევი, ივლისი 17, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი – პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით – Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში, ტვენტეს უნივერსიტეტში (University of Twente) იმყოფებოდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა მეცნიერმა და ინოვატორმა ჰანს ჰილგენკამპმა (Hans Hilgenkamp) უმასპინძლა.

ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევითი პროექტების გაცნობა და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა იყო.

როგორც პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კვლევების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა ინტენსიურად ეთანამშრომლა ტვენტეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან, მათ შორის პროფესორ ჰანს ჰილგენკამპთან დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და არაერთი შეხვედრა ჩაატარეს კვლევით ლაბორატორიებში, რომლებსაც პროფესორი ჰილგენკამპი ხელმძღვანელობს.

 

„პროფესორ ჰილგენკამპის ლაბორატორიები საერთაშორისო კვლევითი ცენტრებია, რომლებიც აერთიანებს მყარი სხეულის ფიზიკას, ნანოტექნოლოგიებსა და მოწინავე საინჟინრო მეცნიერებებს. ამ ცენტრებში იქმნება ინოვაციური მასალები, რომლებიც საფუძვლად უდევს კვანტური კომპიუტერებისა და ნეირომორფული გამოთვლითი სისტემების განვითარებას, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ენერგოეფექტიანი ხელოვნური ინტელექტისა და მომავლის მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემების შექმნაზე. ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ ამ კვლევით ცენტრებში – პროფესორებთან: მარკ ჰუიბენთან, იურიან შმიცთან, ჰანს ვან ოორტთან, მენო ბოკდამთან, კლაუდია ფილიპისთან, სისსი დე ბეერთან, ჰაროლდ ზანდვლიტთან, მუჰარემ ბაირაქტართან, რობ ლამერტინკთან, კრისტიან ნეიჰაუსთან, პეპეინ პინკსესთან, რებეკა საივთან. ყურადღება დავუთმეთ სამომავლო კვლევითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ არაერთ თემას, როგორიცაა: ფუნქციური ოქსიდური თხელი ფენებისა და ატომური სიზუსტით მასალების ზრდისა და კონტროლის კვლევები; ნახევარგამტარული მოწყობილობები და მიკროჩიპების ფიზიკის საკითხები; გამოყენებითი ზეგამტარობა ენერგეტიკულ სისტემებში; სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია (DFT) და მანქანური სწავლება, რაც ახალი მასალების თვისებების პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა; Quantum Monte Carlo მეთოდები და მოლეკულური სიმულაციები, რომლებიც ბიოლოგიურ სისტემებში სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედების შესასწავლად გამოიყენება; ქიმიური ინჟინერია და პოლიმერული მასალები; EUV ოპტიკა და ლითოგრაფია, მემბრანული ტექნოლოგიები და მიკროფლუიდიკა, ასევე კვანტური ოპტიკა, ფოტონიკა და სხვა.

 

ჩვენმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რიტა დე ვილდე-ბრინკთან. განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურების შესაძლებლობები. მონაწილეობა მივიღეთ ICE (Interfaces and Correlated Electron Systems) და QTM (Quantum Transport and Matter) კვლევითი ჯგუფების ერთობლივ სემინარში. წარვადგინეთ მოხსენება – „ლაზერული მეთოდით სინთეზირებული კვანტური მასალები“, რასაც მოჰყვა აქტიური სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებისა და სემინარების დროს წარვადგინეთ ჩვენი კვლევითი შედეგები, მათ შორის: „ნანობიოლოგიური ანსამბლების სტრუქტურული თავისებურებების გააზრების ფრაქტალური კონცეფცია“; „ნანობიონაწილაკების ვიბრაციული თვისებები და რეზონანსული თერაპიის კონცეფცია“; „ბორ-10 იზოტოპით გამდიდრებული ნახევარგამტარული სენსორული სისტემები“ და „ფოტოვოლტური გამოყენებისთვის ნახევარგამტარ-გრაფენული ნანოსისტემე­ბის კვლევა“, – აცხადებს პაატა კერვალიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ტვენტეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პირველი სამუშაო ვიზიტი წარმოაჩენს ორივე მხარის მნიშვნელოვან პოტენციალს მოწინავე სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდელი კოლეგებისა და სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მრავალმხრივი და ნაყოფიერი სამომავლო პარტნიორობის საფუძველს ქმნის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ  ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას –  ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

44-დან 32 წლამდე: როგორია შრომითი სტაჟი ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში საშუალო შრომითი სტაჟის ხანგრძლივობამ 37,5 წელს მიაღწია, რაც წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (37,2 წელი) ცოტათი აღემატება. სამაგიეროდ, 2,3 წლით არის გაზრდილი ევროკავშირში შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა 2016 წლის შემდეგ. თუმცა, ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.ყველაზე ხანგრძლივი და მოკლე შრომითი სტაჟიევროკავშირის შვიდ ქვეყანაში საშუალო შრომითი სტაჟი 40 წელი ან უფრო მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:• ნიდერლანდები — 44,0 წელი; • შვედეთი — 43,4 წელი; • დანია — 42,6 წელი; • ესტონეთი — 41,5 წელი; • ირლანდია — 40,7 წელი; • გერმანია — 40,2 წელი; • ფინეთი — 40,1 წელი.შრომითი საქმიანობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობა კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:• რუმინეთი — 32,7 წელი; • იტალია — 33,0 წელი; • ბულგარეთი — 34,6 წელი.მონაცემები სქესის მიხედვითმამაკაცებიმამაკაცების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 39,5 წელია. • ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: ნიდერლანდები (45,9 წელი), შვედეთი და დანია (თითოეულში 44,5 წელი) და ირლანდია (43,4 წელი). • ყველაზე მოკლე სამუშაო სტაჟი: ბულგარეთი (35,9 წელი), რუმინეთი (36,0 წელი) და ხორვატია (36,3 წელი).ქალებიქალების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 35,4 წელია.• ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: შვედეთი (42,3 წელი), ნიდერლანდები (41,9 წელი) და ესტონეთი (41,8 წელი). • ყველაზე მოკლე შრომითი სტაჟი: იტალია (28,4 წელი), რუმინეთი (29,1 წელი) და საბერძნეთი (31,8 წელი).

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

ბოლო სიახლეები