შაბათი, აპრილი 4, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის – ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო. სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.

აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები – „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი – კეთილი გოლიათი“ – ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში – „ეროვნული პარკები“, ბმულით: https://www.usipb.com/edition-2025

როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.

„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი – დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო. სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“, – ამბობს მალხაზ რაზმაძე.

ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი საერთაშორისო დიზაინის სკოლა. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“, – აღნიშნავს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება

ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში.„თავის დროზე იყო ბევრი ხარვეზი, ეს ხარვეზები გამოჩნდა მათ შორის, ნამახვანის პროექტთან მიმართებით. სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში. ამას ჩვენ დავაზღვევთ. ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის ვართ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა პრემიერმა.

იოჰან ვადეპული – საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის,  შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რობერტ ფიცო – ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, უზრუნველყოს გარემო, რომელიც ცალკეულ წევრებსა და მთლიანად გაერთიანებას მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის მარაგები

ევროკავშირმა, განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, ფიცო ევროკავშირს „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს.მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან. ევროკავშირმა და განსაკუთრებით, ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, – წერს ფიცო.

ირაკლი კობახიძე – ათწლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას თუ არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები