პარასკევი, მარტი 13, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათგან კომპანიის საქმიანობის, სტრატეგიის, სამომავლო გეგმების, ასევე, სტაჟირების პროგრამების გავლისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაიზიარეს.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

სტუ-ის ცნობით, SOCAR Midstream Gas Operations-ი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე ახაგალზრდა მკვლევრები კომპანიის სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში დასაქმების პერსპექტივით დააინტერესოს.

 

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებთან 2-დღიან შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების – ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

 

სტუდენტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ი წარუდგინა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ზაზა ბუაჩიძემ.

 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-თან, რაც ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, უშუალოდ ჩართონ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვის პროცესებში. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს ახალი პარტნიორობა ესახება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზად იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთონ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრაში და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პროფესიონალებისგან მიიღონ. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, SOCAR Midstream Gas Operations-ი მათ თანამშრომლობის მაღალ სტანდარტს შესთავაზებს. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, უზრუნველყოს საუკეთესო საინჟინრო კადრების მომზადება, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მსხვილ ენერგოპროექტებში წარმატებით ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ზაზა ბუაჩიძემ.

 

SOCAR Midstream Gas Operations-ის ბაქოს და თბილისის ოფისების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებმა – ჯამილა მურსალოვამ, აიტენ მამედოვამ, გუნაი გულიევამ და ნინო მაისურაძემ ახალგაზრდებს 2015 წელს სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის უშუალო მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის მისია, მიზნები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს. მათი თქმით, SOCAR Midstream Gas Operations-ი რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენებისა და ობიექტების, მათ შორის უმსხვილესი საინჟინრო ნაგებობების – სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას; როგორც SMGO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანიის სურვილია მჭიდროდ ითანაშრომლოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო მილსადენები გადის და უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთ მნიშვნელოვან აქტორთან, როგორიც საქართველოა.

 

მათი თქმით, SMGO კარიერული განვითარების პროგრამებსა და სტრუქტურებს მაღალ დონეზე აყალიბებს, ქმნის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის სამუშაო პირობებს, რათა სარგებელი მოუტანოს როგორც კომპანიას, ისე თანამშრომლებს. SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლებმა კომპანიის სახელით, გამოხატეს მზაობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზონ.

 

აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს ოფისის საინჟინრო მიმართულების მენეჯერებმა – სერგო სამხარაძემ, გიორგი ასანიძემ, მერაბ სალუქვაძემ და იასე სიჭინავამ სტუდენტებს კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნეს და იმ ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც კომპანია სამუშაო პროცესში იყენებს და ეტაპობრივად ნერგავს ახალი ტექნოლოგიების სახით; მათ შორის ესაუბრნენ SCP-ის კომერციული ოპერატორის ფუნქციებზე, SCP სისტემის კომერციული და ტექნიკური გაფართოების შესაძლებლობებზე, SCP-ის, TANAP-ის და TAP-ის კომერციულ, ტექნიკურ და ოპერაციულ საქმიანობაზე, კომპლექსური ოპერაციული რისკების შემცირებაზე.

 

მომდევნო დღის შეხვედრა SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებმა ფოკუს-ჯგუფების ფორმატში გააგრძელეს. სტუ-ის სტუდენტები, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სასურველი მიმართულების ფოკუს-ჯგუფებში გაერთიანდნენ და კომპანიის წარმომადგენელთა ბლიც ამოცანების გადაჭრაზე იმუშავეს.

 

როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, სხვადასხვა მიმართულების ფოკუს-ჯგუფი კომპანიის მხრიდან მიზნობრივად შეიქმნა, რათა ყველაზე მეტად მოტივირებული და ნიჭიერი სტუდენტები, კურსდამთავრებულები თუ დარგის მკვლევრები პროფესიების მიხედვით გამოავლინოს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი პასუხისმგებლობაა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც მათ პროფესიულ ზრდას, კარიერულ წინსვლასა და რეალურ დასაქმებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამოცანაა, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად დავაკავშიროთ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან და სტუდენტები თანამედროვე საინჟინრო ბაზრის მოთხოვნებისთვის მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორობა SOCAR Midstream Gas Operations-თან და მსგავსი პროფილის რეგიონულ თუ საერთაშორისო მოთამაშეებთან, რომლებიც ახალგაზრდებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოცდილებას სთავაზობენ. რაც უფრო მეტი სტუდენტი დასაქმდება რეგიონულ და საერთაშორისო კომპანიებში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი კურსდამთავრებულების რეპუტაცია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ასეთ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის პროფესიული რესურსის გაძლიერებისთვის. უნივერსიტეტი ზრუნავს, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუქმნას შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ პოტენციალი. ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც SOCAR Midstream Gas Operations-თან ერთად შევქმენით, საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საუკეთესო ახალგაზრდები და მათ კარიერული წინსვლის რეალური გზები შევთავაზოთ“, – ამბობს ნატო ქათამაძე.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის შედეგებს კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს გაუზიარებს, შესაბამისად, სტაჟირების პროგრამებში ფოკუს-ჯგუფებით გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატურებს მიიწვევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა  ვითარება ამ წუთისთვის ტყიბულში- დავით კუბლაშვილი  ტყიბულის მერი მეწყრულ პროცესებზე

რა ვითარებაა სოფელ კურსებში და მოსალოდნელია თუ არა მიწის განმეორებითი ჩამოსვლა - სტიქიის ზონაში, ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები.მეწყერმა, რომელიც გუშინ ჩამოწვა, სოფელში მთლიანად გაანადგურა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. საერთო ჯამში, სტიქიამ 58 ჰექტარი ფართობი მოიცვა. დანგრეული სახლების გარდა, ეზოებში დიდი ნაპრალებია, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. დაშავებული არავინაა. გეოლოგებთან ერთად, სოფელ კურსებში რჩებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია საგანგებო შტაბი.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, გეოლოგების პირველადი დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი."ადგილზე მუშაობენ გეოლოგების ჯგუფი, რომელსაც დაემატათ დამატებით სპეციალისტები. სავარაუდოდ, ძალიან მალე გვექნება ჩვენი გეოლოგების პირველადი, შემაჯამებელი დასკვნა.საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ევაკუირებულ მოსახლეობასთან. ისინი, ვისაც ამის საჭიროება გააჩნდა, უკვე განთავსებულნი არიან სასტუმროებში", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

საამიროების სახელმწიფო მინისტრი – ირანმა სპარსეთის ყურეში დარტყმები უნდა შეწყვიტოს

ირანმა სპარსეთის ყურეში დარტყმები უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, ლანა ნუსეიბეჰმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ნუსეიბეჰმა მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს შეტევები რეგიონის ქვეყნებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად აღდგება.ნუსეიბეჰმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 1800-ზე მეტი დრონი და რაკეტა იყო გაშვებული. მისივე თქმით, თავდასხმების მასშტაბი ქვეყნისთვის „შოკისმომგვრელი“ იყო. თავდასხმების შედეგად, დაზიანდა ცნობილი შენობები, მათ შორის სასტუმრო Fairmont The Palm-ი და სასტუმრო Burj Al Arab-ი. დრონები ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან, რამაც გამოიწვია ათასობით ფრენის გაუქმება. თუმცა, ნუსეიბეჰმა არ უპასუხა კითხვას, აპირებდა თუ არა მისი ქვეყანა სამხედრო საპასუხო ზომების მიღებას ირანის წინააღმდეგ.„ამ ესკალაციის დაწყებამდე ჩვენ ნათლად ვიცოდით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არ დაუშვებდნენ მისი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ რამე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნუსეიბეჰმა.კითხვაზე, იყო თუ არა საპასუხო დარტყმები გამორიცხული, ნუსეიბეჰმა უპასუხა: „ჩვენ ვიტოვებთ კოლექტიური თავდაცვის უფლებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიყენებულ ზარალზე – ქალაქების ინფრასტრუქტურაზე, სასტუმროებსა და პორტებზე, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა, რომელიც წინა წელს 5.1 პროცენტით გაიზარდა, სწრაფად აღდგება.

კირილ დმიტრიევი – აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება

აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა არა მხოლოდ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე შეზღუდვების შემსუბუქების, არამედ ტრანზიტში მყოფი დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ბიუროკრატიის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებზე შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს.ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა,  სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს.„ჩვენ ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე პატარა თავდასხმასაც კი, მოჰყვება ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხი. ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.

რატომ იზრდება ბავშვებში შფოთვა და დეპრესია თანამედროვე სამყაროში

ბოლო წლებში ფსიქოლოგები და მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.ციფრული გარემო და სოციალური ქსელები თანამედროვე ბავშვები დიდი დროის განმავლობაში იყენებენ სმარტფონებს, კომპიუტერებსა და სოციალურ ქსელებს. ფსიქოლოგების თქმით, მუდმივი შედარება სხვებთან, ონლაინ კრიტიკა და კიბერბულინგი შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვების თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.აკადემიური და სოციალური წნეხი დღეს ბევრ ქვეყანაში ბავშვები დიდი კონკურენციის პირობებში სწავლობენ. მაღალი აკადემიური მოთხოვნები, გამოცდები და მომავლის მიმართ შფოთვა ზოგიერთ ბავშვში სტრესისა და დაძაბულობის ზრდას იწვევს.ეკრანთან გატარებული დრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო ხშირად ცვლის ბავშვების ყოველდღიურ ჩვევებს. ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ნაკლები დრო ბუნებაში და ძილის დარღვევა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახოს.სოციალური იზოლაცია მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ონლაინ მუდმივად დაკავშირებულები არიან, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რეალური სოციალური ურთიერთობები ხშირად მცირდება. მეგობრებთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება მარტოობის განცდა გააძლიეროს.ოჯახური და გლობალური სტრესი თანამედროვე სამყაროში ბავშვები ხშირად ისმენენ ინფორმაციას ომებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და გლობალურ კრიზისებზე. ასეთი გარემო ზოგჯერ მათში გაურკვევლობისა და შფოთვის განცდას აძლიერებს.რას ურჩევენ სპეციალისტები ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია: მშობლებთან ღია და მხარდამჭერი კომუნიკაცია ფიზიკური აქტივობა და დრო ბუნებაში ეკრანთან გატარებული დროის დაბალანსება საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან კონსულტაციასპეციალისტების თქმით, ბავშვების ემოციური კეთილდღეობა მხოლოდ ოჯახების პასუხისმგებლობა არ არის — ეს საზოგადოებისა და განათლების სისტემის ერთობლივი ამოცანაცაა.

ბოლო სიახლეები