საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (უზბეკეთის რესპუბლიკა) დელეგაციას შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, მიმდინარე წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უზბეკური უნივერსიტეტის 30-კაციანი დელეგაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროფესიული განვითარებისა და სტაჟირების მიზნით ეწვია.
ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა, ესწრებოდნენ სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები.
თამარ ლომინაძემ სტუმრებს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა და მისი სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა.
ვიცე-რექტორმა უზბეკ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები და კვლევითი პრიორიტეტები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან სტუ-ის მეცნიერთა მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური ჩართულობის შესახებ.
თამარ ლომინაძის თქმით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ყარშის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, გააძლიერებს ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობას და ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პედაგოგებსა და მკვლევრებს.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები უზბეკ კოლეგებს ერთი თვის განმავლობაში გააცნობენ სტუ-ის შვიდ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებს, ჩართავენ მათ ლაბორატორიულ, თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებში, მოდერაციას გაუწევენ შეხვედრებს სტუდენტებთან და მკვლევრებთან, გააცნობენ სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა მიღწევებს. თავის მხრივ, უზბეკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით გამოცდილებას, ასევე სამეცნიერო წარმატებას გაუზიარებენ.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობზე მოსაზრებები შეაჯერეს.

