პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი და ვიცე-რექტორები ართვინის (თურქეთი) უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის (თურქეთი) რექტორს, პროფესორ იბრაჰიმ აიდინს შეხვდნენ და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ჰაკან გულტეკინი და კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კავკასიის კვლევის ცენტრის საბჭოს წევრი მეჰმეთ ალი კესკინი.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. მან ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იბრაჰიმ აიდინსა და თურქ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს თურქეთის 30-მდე წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან. შესაბამისად, თურქულ უნივერსიტეტებთან, მათ შორის ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტთან აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერ-მკვლევრების მიღწევები და კვლევითი პრიორიტეტები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან – მათ შორის: შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებში FERMILAB-თან – მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, თურქული უნივერსიტეტების პროფესორები და მეცნიერები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ქართველ კოლეგებთან პარტნიორობით ახორციელებენ სამეცნიერო პროექტებს, ატარებენ საჯარო ლექციებს და ესწრებიან სტუ-ში ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებს. მისი თქმით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააძლიერებს, ასევე, მისცემს ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებს, პედაგოგებსა და მკვლევრებს.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა კი თურქული უნივერსიტეტის რექტორსა და წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობის, სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე ლაბორატორიული ბაზების, ასევე, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები და პედაგოგები. როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად სასურველია მხარეებმა ყველა აღნიშნული შესაძლებლობა საერთო მიზნების მისაღწევად გამოიყენონ და ამით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მეტი მდგრადობა შესძინონ.

თავის მხრივ, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორმა და წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს, ასევე ესაუბრნენ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ჩართულობისა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე მოსაზრებები შეაჯერეს იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ხელი მაქსიმალურად შეეწყოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაველ ჰერჩინსკი – მიმდინარეობს ორი პროცესი, ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება – ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება

მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ელჩის განმარტებით, ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს კი ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს.„რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება - მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება - წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.რაც შეეხება შეფასებას, როგორ ახდენს საქართველო იმ რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის მხრიდან მიიღო მაშინ, როდესაც მას მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ელჩმა განმარტა, რომ 4 ნოემბერს, გაფართოების უახლოესი ანგარიში იქნება წარმოდგენილი საქართველოსთან დაკავშირებით.„ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. 4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომელსაც გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ამავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ კითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო“, - განაცხადა ელჩმა.

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია.„გამოძიებას აქვს თავისი სპეციფიკა. ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ გარკვეული დეტალებისგან, მაგრამ ცალსახად განვმარტავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არავის წინააღმდეგ მიუცია ჩვენება. მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც გავაკეთებთ დამატებით კომენტარს დეტალებზე. ბრალდებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განვმარტეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავს ცნობს დამნაშავედ. ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებასთან“,  – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.ამასთან, ამირან გიგუაშვილმა განმარტა, რა გარემოებების გათვალისწინებით შეეფარდა ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.„იყო კითხვები, ღარიბაშვილს რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს ძალიან ბევრ გარემოებას. ადამიანი როცა თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ემალება მას, ეთანხმება ბრალს და, პატიმრობის ნაცვლად, იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, ამ შემთხვევაში პროცესუალური სტანდარტია ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.კითხვაზე, რომელ კომპანიებთან თანამშრომლობდა ირაკლი ღარიბაშვილი და ვის ეხმარებოდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, გიგუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი მხრიდან დამატებით დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.„კომენტარებს ვაკეთებ საგამოძიებო და პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში რაიმე ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ გამიკეთებია. მე ვიცავ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებ ყველა კომენტარსა და განცხადებას. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.კიდევ ერთ კითხვაზე, – „პროკურორმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილის ავტომობილები უკანონო შემოსავლით იყოს შეძენილი. მოხდება თუ არა მათი ჩამორთმევა?“ – გიგუაშვილმა განმარტა, რომ ეს თქვა არა პროკურორმა, არამედ ბრალში წერია.„ვერ გეტყვით, ვერ გაგცემთ პასუხს, რას აპირებს ბრალდების მხარე. ეს უნდა ჰკითხოთ ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან კანონის ფარგლებში, მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც კლიენტის საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა. დღესვე გაიმართა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევის შესახებ.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიესაჯა.საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ გაიაზრა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და უძილაური დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში.უვადო პატიმრობას ბრალდების მხარე, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვდა. გელა უძილაური, რომელმაც მკვლელობა აღიარა, ამტკიცებდა, რომ დანაშაული შეკვეთილი არ ყოფილა.ცნობისთვის, გელა უძილაურს ბრალი სისხლის სამართლის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წაყენებული, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით განზრახ მკვლელობას, რომელიც უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, და განზრახ მკვლელობას ანგარებით ან შეკვეთით. ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო უკვე დატოვა.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

კახა კალაძე – ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს.„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. იცით, რომ მან პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ღარიბაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან გაიგო.„აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს – როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მე მგონი, არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდება წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.

ბოლო სიახლეები