საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით
გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-
ის ყოფილი პრორექტორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის,
აგროკონსორციუმ „წეროვანის” ყოფილი გენერალური დირექტორის, სტუ-ის „ოქროს
მედლის“ კავალერის ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს
ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს,
მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
ბატონი ოთარი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტსა და ჩვენს ქვეყანას. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ნათელი
კვალი დატოვა როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო და საზოგადოებრივ
სივრცეში. ბატონი ოთარ წეროძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მაღალი
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით, რაც მას ღირსეულ
ხელმძღვანელად, კოლეგად და ჭეშმარიტ მენტორად აქცევდა.
ბატონ ოთარ წეროძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის განვითარებაში. წლების მანძილზე მისი თავდაუზოგავი შრომა,
სტრატეგიული ხედვა და პროფესიული გამოცდილება უნივერსიტეტის
საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის გაფართოებისა და საერთაშორისო
ავტორიტეტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა, რისთვისაც
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება განსაკუთრებულ
მადლიერებას გამოხატავს – ბატონო ოთარ, მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!“, –
აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
