ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა Robo Battle 2025-ზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკა აღარ არის დამატებითი კომპონენტი, იგი გადაიქცა სასწავლო პროცესის შემადგენელ ბირთვად, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს. ამ მიმართულებით, Robo Battle 2025-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდების წარმატებული მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის საფუძველიც არის STEM განათლების ინტეგრაცია ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და სტუდენტების მხარდაჭერა, – ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა თალიკო ჟვანია აცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდებმა უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვეს ტექნოლოგიურ ფორუმზე – Robo Battle 2025, რომელიც გაიმართა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, ლოკაციაზე Radio City | District 4.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) მიერ და მასში მონაწილეობდა 92 საბრძოლო რობოტების (315 მონაწილე) და 49 სუმო რობოტების (132 მონაწილე) გუნდები.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში დამატებითი ასპექტის, როგორიცაა, ტექნოლოგიური კონკურსები, ჰაკათონები, რობოტიკისა და პროგრამირების ტურნირები, ინტეგრაციის მიმართულებით. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, Robo Battle 2025-ში უნივერსიტეტმა 1 რობოტით – 0,5-იდან – 1,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და 4 რობოტით – 1,5-იდან – 5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Foxhound, გიორგი შაკიაშვილის, სალომე მახარაძის და ნიკოლოზ მერაბიშვილის შემადგენლობით, მეორე ადგილი – გუნდმა Thrasher, გოჩა ზედგინიძის, ოთარი ჭინჭარაშვილის, ნიკოლოზ ელიზბარაშვილისა და მარიამი მაისურაძის შემადგენლობით.

„ჩვენი სტუდენტების გამარჯვება Robo Battle 2025-ზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ – ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილება და შემოქმედებითი უნარების განვითარება ფაკულტეტის პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს აღვივებს, ესაა პლატფორმას, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და გუნდურ მუშაობაში დახელოვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში და მიაწოდოს ის რესურსები, რაც საჭირო აქვთ წარმატების მისაღწევად. მინდა განსაკუთრებით გამოვკვეთო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მათ შორის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მიზანმიმართულად მუშაობს, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდეთ, არამედ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროექტებზე, ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებსა და საერთაშორისო კონკურსებში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ Robo Battle 2025-ზე ჩვენს სტუდენტურ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მაღალ ხარისხს. ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას მსგავს ინიციატივებში, ეს იქნება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თუ ინოვაციური პროექტების დაფინანსება“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

ინფორმაციისთვის, Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია ახალგაზრდების წახალისება STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში. ღონისძიება ფოკუსირებულია ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ერთდღიანი ფესტივალის ფორმატით აერთიანებს მრავალ აქტივობას: რობოტების ბრძოლას, SUMO რობოტების შეჯიბრს, საინჟინრო შოუს, დრონების ზონებს, ინტერაქტიურ სივრცეებს და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ ელემენტს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნიუ იორკ თაიმსი“ – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინთან და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი გეგმავს, ერთობლივი შეხვედრა გამართოს პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები.„ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ამ გეგმის შესახებ უკვე აცნობა ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ  გაიმართა. საუბარში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გათავისუფლებლოს ის

ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი სოციალურ ქსელში წერს.„მე ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა და ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს მაიკლ ო’ფლაჰერტი.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით და მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის შეფარდებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, შერჩევით იყენებს „საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ”. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს ის და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები

ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას ორი წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და უსამართლოდ დაკავებული პირები“.„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას, მის ევროპულ მისწრაფებებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ

რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა.სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს.სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.ამასთან, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გეგელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“.

ბოლო სიახლეები