უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო გამოწვევებით, შრომითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე. ვეუფლებოდით პროფესიას და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები გვიზიარებდნენ გამოცდილებას, გვასწავლიდნენ გამჭრიახობას და პასუხისმგებლობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა ჩვენი ცოდნის, პიროვნული და პროფესიული ზრდის საფუძველი, სადაც გვენდობოდნენ და ჩვენი სჯეროდათ. გმადლობთ იმ ენერგიისთვის, რაც თითოეულმა თქვენგანმა დაგვახარჯა და იმ გზავნილებისთვის, რომლებიც ცხოვრების გზაზე გაგვყვება, როგორც მთავარი ღირებულებები, – ასე მიმართეს პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა გაცილების ღონისძიებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებათა ციკლი, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდა, უკვე დასრულებულია.
კურსდამთავრებულთა გაცილების ბოლო ეტაპის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიების, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, დიზაინის საერთაშორისო სკოლის, სამთო-გეოლოგიური, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა მიულოცა.
„თქვენ ხართ თაობა, რომელიც შექმნის საქართველოს ეკონომიკურ, სამართლებრივ და ტექნოლოგიურ ძლიერებას. არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება და გახსოვდეთ – თქვენი წარმატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებაა, რადგან ინტელექტუალური კაპიტალი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. უნივერსიტეტში გატარებული წლები, სირთულეებით, გამოწვევებით და შემეცნებით იყო აღსავსე; თქვენ გვერდში გედგნენ პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც გიქმნიდნენ მოტივაციას, გიძლიერებდნენ სწავლისა და კვლევის სურვილს, დახმარებას გიწევდნენ თვალსაწიერის გაფართოებაში, პროფესიული პასუხისმგებლობის გაღრმავებაში. დღეს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც მრავალმხრივ დაეფუძნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერება. თქვენ ხართ თაობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ სივრცეში.
გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლის დასრულებას და გისურვებთ წარმატებას, როგორც მომავალ ლიდერებს, მკვლევრებს, ინჟინრებს, სამართლისა და ბიზნესტექნოლოგიების სტრატეგებს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, ენერგეტიკოსებს, სამთოელებს, გეოლოგებს, ეკონომისტებს, აგრარული მიმართულების, ინფორმაციული, ციფრული თუ მედიატექნოლოგიების სპეციალისტებს – ყველა ახალგაზრდას, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შეიტანს ახალ სიცოცხლესა და ძალას საქართველოს განვითარებაში, და გვჯერა, რომ ყოველთვის იქნებით თქვენი ალმა-მატერის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენლები”, – აღნიშნა თავის მიმართვაში ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა.