შაბათი, ივლისი 26, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო 1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1999 წლის 23 ივლისის უდიდესი საინჟინრო და სამეცნიერო მიღწევა – ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება – წარსული წარმატება არ არის, ეს საყრდენი წერტილია მომავალი საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს, სამეცნიერო საზოგადოებას, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილსა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული, 26 წლის წინ, ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გაშვებით, ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.

„1999 წლის 23 ივლისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე, გავიდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური საინჟინრო ნაგებობა – დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა აქვთ, სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაატარონ, შესაბამისი ცოდნა კი მომავალ თაობებს გადასცენ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. მიღწევამ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას.

გასაშლელი რეფლექტორის წარმატებული ექსპლუატაცია ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ისეთი საინჟინრო ამოცანების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე კოსმოსურ ტექნოლოგიებთან. ის ფაქტი, რომ მსგავსად რთული ტექნოლოგიური ობიექტი შეიქმნა და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს დამოუკიდებელ ორბიტაზე, მიუთითებს ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მაღალ პროფესიონალიზმზე, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის უნარზე.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა და იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო პროექტების განხორციელებას. 1999 წლისა და შემდგომი მიღწევები ამის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც საფუძველს ქმნის მომავალი კვლევითი და ტექნოლოგიური ინიციატივებისათვის.

გილოცავთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს!”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.

ცნობისთვის, 26 წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას. ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“. სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა – 4 დაკავებულის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.ნაწილი მათგანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბავშვების კარგად აღზრდისთვის და გადაწყვეტილებების ბრძნულად გადაჭრისთვის, დახმარებას გაბრიელ მთავარანგელოზს თხოვენ

26 ივლისი მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღეა.გაბრიელი — მაღალი რანგის ანგელოზი სხვადასხვა რელიგიაში. იგი ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. გაბრიელი პირველად დანიელის წიგნშია ნახსენები ძველ აღთქმაში. მისი სახელი, შესაძლებელია, ნიშნავდეს „ღვთის კაცს“ ან „ღვთის გმირს“. ანგელოზ გაბრიელს ზოგჯერ „ღვთის მარცხენა ხელს“ უწოდებენ.იუდაიზმში გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნეა. ზოგჯერ მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად. უმეტესად ის ღმერთის მთავარი მაცნეა და, ტრადიციულად, ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად შეცდომით აიგივებენ მიქაელთან, რომელიც ხმლით ხელში დარაჯობს ედემის ბაღს (მოგვიანებით კი — სამოთხეს) და იცავს ადამის, ევასა და მათი შთამომავლებისგან.მთავარანგელოზი გაბრიელი ცნობილია, როგორც გამოცხადების ანგელოზი, რადგან ღმერთი ხშირად ირჩევს გაბრიელს მნიშვნელოვანი გზავნილების გადასაცემად. გაბრიელის სახელი ნიშნავს "ღმერთი ჩემი ძალაა". გაბრიელის სახელის სხვა მართლწერებია ჯიბრილი, გავრიელი, გიბრაილი და ჯაბრაილი.ადამიანები ხანდახან დახმარებას სთხოვენ გაბრიელს, რათა გათავისუფლდნენ დაბნეულობისგან და მიაღწიონ იმ სიბრძნეს, რომელიც მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, მოიპოვონ ნდობა, რაც გადაწყვეტილებების შესასრულებლად უნდათ, სხვა ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და ბავშვების კარგად აღზრდისთვის ესაჭიროვებათ.მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს, შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი (დან. 8,16; 9,21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას; მოუშორებლად ახლდა ყრმა მარიამს იერუსალიმის ტაძარში.გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის – იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა დურგალ იოსებს და აუწყა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსემანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოუგზავნა განსაძლიერებლად.მთავარანგელოზ გაბრიელისაგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.გაბრიელის სიმბოლოებიგაბრიელი ხშირად გამოსახულია ხელოვნებაში რქის დარტყმისას. სხვა სიმბოლოები, რომლებიც წარმოადგენს გაბრიელს, მოიცავს ფარანი , სარკე, ფარი, შროშანა, კვერთხი, შუბი და ზეთისხილის რტო. მისი მსუბუქი ენერგიის ფერია თეთრი.

გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის დიპლომატებს, მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, ეს არის შეგნებული მცდელობა, საქართველო დემოკრატიულ სამყაროს ჩამოაშორონ

„ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა.„ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში. „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას. ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს. „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა“, – დაწერა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ხუნდაძე – ტალიაშვილისა და ტრამპის შეხვედრა არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა, ოპოზიციას ელდა ეცა, ეს მათ ინტერესებში არ შედის

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შეხვედრა არის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს წაადგება.მისივე შეფასებით, „ოპოზიციას ელდა ეცა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა“.„ამ შეხვედრას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა. ამისთვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს, რასაც ორივე მხარე მიჰყვება. მე მწამს და ამას ვნახავთ, რომ ელდა ეცა ოპოზიციას, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს მათ ინტერესებში არ შედის. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესს აბსოლუტურად სცდება, მაგრამ ეს არის მაღალი პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც წაადგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

დავით კილაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია

მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებით იასპარეზა დავით კილაძემ (65 კგ), რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.ძალოსანმა ატაცში 101/106/108  კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში თავი 127/130/132 კგ-ს გაართვა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 240 კილოგრამით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო – მან ატაცსა და აკვრაში 4-4, ორჭიდში კი 8 კილოგრამით შეძლო ქვეყნის რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

ბოლო სიახლეები