პარასკევი, ივლისი 25, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ და FAO-ს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (“ტექინფორმი”) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, საქართველოში FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI – Agricultural Science and Technology Indicators) პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისის (რომი, იტალია) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან პარტნიორობით, სტუ-ის ინსტიტუტ “ტექინფორმის” კოორდინატორობით გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ რეგიონული დამკვირვებლები, სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერები ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც კვლევაში ჩართული იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: FAO-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი იამზე მირაზანაშვილი, სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი “ტექინფორმი”, მისი დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის სახით, რომელმაც 2024 წელს მონაწილეობა მიიღო FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის სამუშაო შეხვედრაში. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, სამწლიან ჭრილში, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მონაცემების შეგროვების მოდელის დახვეწა FAO-ს მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად და მისი გარდაქმნა ეროვნული სტატისტიკის სისტემის განუყოფელ ნაწილად.

„2024 წელს FAO ASTI საპილოტე პროექტი ჩატარდა მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ერთი წლის განმავლობაში, FAO-ს კოორდინაციით, შემუშავდა სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის გზები. შემუშავდა სპეციალური კითხვარები და დაიგზავნა შესავსებად სოფლის მეურნეობის კვლევებით დაკავებულ უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში. დაგროვილი მონაცემები დამუშავდა და საპილოტედ აისახა FAO-ს პორტალზე შემდგომი დამუშავებისა და ანალიტიკისთვის. დაიდო საკმაოდ საინტერესო და სამსჯელო სტატისტიკური და ანალიტიკური შედეგები. ამ ფონზე, ერთი წლის შემდეგ „ტექინფორმი“, როგორც პროექტის კოორდინატორი საქართველოში ატარებს ორდღიან სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს სათავო ოფისის ხელმძღვანელობით, კვლევებისა და განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, პრეზენტაციისა და შედეგების განსახილველად. ვიმსჯელეთ შემუშავებულ სტატისტიკურ ანალიზსა და მიღებული შედეგების პრაქტიკულ ღირებულებაზე. მონაცემების შემდგომი დამუშავებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება საყურადღებო რეკომენდაციების გაწევა და სამოქმედო გეგმის დახვეწა, რაც იქნება კონკრეტული ნაბიჯები მონაცემთა სისტემატიზაციის, ანგარიშგების და პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. ტექინფორმის მონაწილეობით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ინსტიტუტ “ტექინფორმის” დირექტორს ნელი მახვილაძეს, დირექტორის მოადგილეს მარიამ რაზმაძეს, პროექტში ჩართულ ყველა მეცნიერს და წარმატებები ვუსურვო მათ“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღონისძიების მნიშვნელობის შეჯამებისას აცხადებს, რომ “ტექინფორმი”, პროფესორ ნელი მახვილაძის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის კვლევით სფეროში პოზიციონირებს როგორც კოორდინაციისა და მონაცემთა სისტემატიზაციის საკვანძო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წლიდან, სხვადასხვა სამეცნიერო ხაზით, თანამშრომლობს FAO-სთან. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ღონისძიება აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონში, როგორც ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას სოფლის მეურნეობის კვლევის მიმართულებით. მონაწილე ქვეყნები აყალიბებენ თანამშრომლობის პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართულ მეცნიერებას, კვლევისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარონ მეზობელ ქვეყნებთან. რექტორის განცხადებით, „ტექინფორმი“ უკვე 67 წელია სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოებს ასრულებს, რომლებიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საფუძველია. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ნელი მახვილაძეს მადლობას უხდის ინსტიტუტის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციებისა და რეკომენდაციების სისტემის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ მოძიებული უახლესი ინფორმაციის გამო. როგორც რექტორი აღნიშნავს, ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში შემუშავებული მონაცემთა ბაზა სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემაა, რომელიც აქტიურად ივსება და ვითარდება. „ტექინფორმი“ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, რომელიც ტექნიკურ სფეროში კვლევით პუბლიკაციებს უყრის თავს და მათ ბაზაზე ორენოვან რეფერატულ ჟურნალს გამოსცემს.

„უნივერსიტეტისთვის, რომელიც საუკუნეზე მეტია ემსახურება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება. საქართველო აქტიურად არის ჩართული აგრარული სექტორის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების სისტემურ გაანალიზებაში. მნიშვნელოვანია, რომ ASTI-ის ქსელის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი დარგში პოლიტიკის ფორმირებას ემსახურება. ამ სამუშაო შეხვედრამ კი, რეგიონის მასშტაბით, ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ASTI-ის ქსელი სწორედ ამ მიდგომის გაძლიერებას ემსახურება. ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებულ შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება, აგრარული განათლება და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. ვფიქრობ, ინტეგრირებულმა მიდგომამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებს ეფუძნებოდეს და სფეროს მდგრად განვითარებას ემსახურებოდეს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაციის გზები განიხილეს. როგორც „ტექინფორმის” დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, საქართველო დროებითი კვლევიდან გრძელვადიან, სისტემურ მონაცემთა შეგროვებაზე გადადის, რაც მოითხოვს კადრების, ინფრასტრუქტურისა და რესურსების ზრდას, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორი ინსტიტუციები განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს მიიღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვინც გვლანძღავდა, რატომ იძულებით არ გავიყვანეთ სადგურის მოედანზე მცხოვრებლები, დღეს უტიფრად აცხადებს, რომ მეოთხე კატეგორიის შენობებიდან შეჭრილი ხალხის გაყვანა დანაშაულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა, თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.„ავარიული კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში, ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 17 პირია დაკავებული

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით არიან დაკავებულები.არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა.მაკრონი მშვიდობისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ასევე „ჰამასის“ დემილიტარიზაცია, ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა.„აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის მიღწევა, რომ დემილიტარიზების მიღებისა და ისრაელის სრული აღიარების შემდეგ ხელი შეეწყოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებას.ალტერნატივა არ არსებობს. ფრანგებს მშვიდობა სურთ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენზეა დამოუკიდებული, ფრანგებზე, ისრაელელებთან, პალესტინელებთან, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი – მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს

მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილებით შეუძლია ქვეყნის დახმარება.„ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ, ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში. კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის „ბეზპრედელით“, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნესგარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით. ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა, თავის მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილსა და აბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად, ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2024 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენის მიერ ტაძრის ექსტერიერისთვის მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.„ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ამავე ტერიტორიაზე მდებარე ფეიქარ-ხანის სასახლისა და სატრაპეზოს რეაბილიტაციას. იყალთოს სამონასტრო კომპლექსში დაგეგმილია ფერისცვალების ტაძრის სრული რეაბილიტაცია, მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მოწყობა ტერიტორიიდან წყლის გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ტაძრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, ფასადებზე იგება ხარაჩოები. აგრეთვე, ტაძრის ჩრდილოეთით იჭრება მიწა წყალგადამყვანი არხების მოსაწყობად. ტაძრის საძირკვლის გამაგრების შემდგომ შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ბზარების ინექტირება, ანტისეისმური სარტყლების მოწყობა, საბურველის გადაწყობა. დაგეგმილია იყალთოს აკადემიის შენობის საძირკვლის გამაგრება, კედლების კონსერვაცია. აკადემიის შენობის კედლების გამაგრების მოსამზადებელი სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა ახალი არქეოლოგიური უბანი. სააგენტო სპეციალისტების მონაწილეობით გეგმავს ამ ტერიტორიის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ეპარქიის მმართველთან ერთად განიხილა ორივე ძეგლთან დაკავშირებული საჭიროებები და დასახა მათი მოგვარების გზები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები