ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი THE-ს რეიტინგის საერთაშორისო სისტემაში, სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების კატეგორიებში, ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემის (THE – World University Rankings 2025) მიხედვით, ქართულ უნივერსიტეტებს შორის, სწავლების კატეგორიაში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგშიც, რომელიც Times Higher Education-ის მსოფლიოს სარეიტინგო სისტემის მიერ წელს პირველად იქნა შემოთავაზებული. აღსანიშნავია, რომ სტუ-მ ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგშიც, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 601+ კატეგორიაში შევიდა.

 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარეიტინგო სისტემაში მკვეთრი დაწინაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რაც საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ყოველდღიური ძალისხმევისა და საერთო მიზნისადმი ერთგულების შედეგია.

„ვულოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, რაც გვიქმნის არა მხოლოდ რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესების, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის სწრაფი განვითარების მოტივაციას.

Times Higher Education-ის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი კატეგორია არის „სწავლება”. სწორედ ამ კატეგორიით ფასდება სწავლების ხარისხი, სასწავლო გარემოს რეპუტაცია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა სასწავლო პროცესებთან და პროგრამებთან მიმართებაში, დოქტორანტების და მკვლევრების აღზრდის პოტენციალი. ამ კატეგორიით ფასდება ისიც, თუ რამდენად აკმაყოფილებს უნივერსიტეტი მომავალი თაობის მკვლევართა უზრუნველყოფას მოწინავე ინფრასტრუქტურით. „სწავლების“ კატეგორიაში საქართველოს უნივერსიტეტებს შორის პირველი ადგილი, უდავოდ, დიდი წარმატებაა. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Times Higher Education-ის საერთაშორისო სარეიტინგო სისტემამ წელს პირველად შემოიღო ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგი, რომელშიც ორმა ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ინტერდისციპლინურ კვლევებში მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 601+ კატეგორიაში მოხვედრა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის პირველი ადგილის დაკავება დიდი მიღწევაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.

ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მიერ აღებული გეზი, რომელიც მოიცავს სწავლა-სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდებისთვის საუკეთესო განათლების მიღების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების ზრდას, ჩვენი მამოძრავებელი ძალაა წინსვლისა და მეტი წარმატებისკენ“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემაში მსოფლიოს 2092 საგანმანათლებლო ინსტიტუციის შედეგებია ასახული, მათ შორის, საქართველოდან სამი უმაღლესი სასწავლებელი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია წარმოდგენილი.

ანალიტიკისა და საერთაშორისო უმაღლესი განათლების სექტორში ავტორიტეტული Times Higher Education-ის სარეიტინგო კვლევების მისიაა მოტივირებულ ახალგაზრდებს, მსოფლიო მასშტაბით, სწორი არჩევანის გაკეთების, პოტენციალის სათანადოდ გამოყენებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ. Times Higher Education-მა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის შეფასებისას 18 დაკალიბრებული ინდიკატორი გაანალიზა, რომლებიც ხუთ ძირითად კატეგორიად დაყო: 1. სწავლება (29,5%) – სასწავლო გარემო, რეპუტაცია, სტუდენტების და ლექტორების თანაფარდობები, დოქტორების და ბაკალავრების თანაფარდობები, ინსტიტუციური შემოსავალი; 2. კვლევა (29%) – რეპუტაცია, შემოსავალი და პროდუქტიულობა; 3. კვლევის ხარისხი (30%) – ციტირების გავლენა, კვლევის სიძლიერე, განსაკუთრებულობა და გავლენა; 4. საერთაშორისო პერსპექტივა (7.5%) – საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და საერთაშორისო თანამშრომლობა; 5. ინდუსტრია (4%) – ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი, პატენტები.

Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულებით:

https://www.timeshighereducation.com/world-university-rankings/latest/world-ranking

https://www.timeshighereducation.com/interdisciplinary-science-rankings#

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელი უარყოფს ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას და არ აღიარებს დაკავების ორდერების ლეგიტიმურობას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ. ნეთანიაჰუს ოფისში ასევე აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საჩივარს თუ არ დააკმაყოფილებს, ეს მხოლოდ თვალსაჩინოდ დაანახებს ისრაელის მეგობრებს აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მიმართ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი 21 ნოემბერს გასცა.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა

დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კაროლინ ლევიტის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გასულ ღამეს და დილით მიიღეს. ლევიტმა განაცხადა, რომ მომხდარს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა და მოახერხეს კონკრეტული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „პრეზიდენტ ტრამპისგან მაგალითს ვიღებთ, დაშინებისა და ძალადობის მუქარები ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა ლევიტმა. მომხდარის შესახებ ასევე განაცხადა კონგრესის წევრმა, ელის სტეფანიკმა, რომელიც გაერო-ში აშშ-ის ელჩად დაინიშნა. სტეფანიკის თქმით, მისი ოჯახი მუქარის სამიზნე გახდა. კონგრესის წევრმა აღნიშნა, რომ ის, მისი მეუღლე და მათი სამი წლის შვილი ვაშინგტონიდან ნიუ იორკში, სარატოგას ოლქში მიემგზავრებოდნენ, როდესაც საფრთხის შესახებ აცნობეს. მისივე თქმით, პოლიციამ დაუყოვნებლივ იმოქმედა. სამართალმდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუქარები არ იყო ნამდვილი და რეალური საფრთხე არ გამოვლენილა. როგორც გამოძიების ფედერალურ ბიუროში ამბობენ, მათ იცოდნენ მუქარისა და ინციდენტის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ტრამპის კაბინეტისა და ადმინისტრაციის კანდიდატებისკენ. „ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ ყველა პოტენციურ საფრთხეს და, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ყველაფრის შესახებ, რაც საეჭვოდ მიაჩნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა, რას სწავლობენ მოსწავლეები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებში შევიტანეთ საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში

სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანამდე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ასოშიეითედ პრესი“ – ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. როგორც მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ უკრაინამ ომში გასაწვევი ასაკი 25-დან 18 წლამდე დაწიოს, რათა შეძლონ სამხედრო ასაკის მამაკაცთა ჯგუფის გაფართოება. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას უფრო მეტი სამხედრო სჭირდება საომარი მოქმედებების ჩასატარებლად. სააგენტო ასევე ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისმენს მათ შეშფოთებას საკითხზე, რომ უკრაინას არა იარაღის, არამედ სამხედროების არასაკმარისი რაოდენობა ჰყავს.

ირაკლი კობახიძე – მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ეს ჯანსაღი მოთხოვნაა

მოსწავლეების მოთხოვნა იყო,  საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც ჯანსაღი მოთხოვნაა, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის სპეკულაციაა. „არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის. „უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები