საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს კომპიუტერული მეხსიერებების მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, მასტერკლასს, რომელიც უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში გაიმართა, სტუდენტებთან ერთად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე და ლაბორატორიული კომპლექსის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ფაკულტეტის დეკანის, თალიკო ჟვანიას შეფასებით, Kingston Technology-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის მრავალმხრივ საინტერესო და ინფორმაციული იყო.
„ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology ერთ-ერთია საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც აწარმოებს და ავითარებს კომპიუტერულ მეხსიერებათა ინოვაციურ პროდუქტებს. მასტერკლასი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებმა Kingston Technology-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს აქტუალური ინფორმაცია კომპიუტერული მოწყობილობების და ფლეშ მეხსიერების, მათი ტიპებისა და გამოყენების საჭიროებების თაობაზე, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები ოპერატიული მეხსიერების განვითარების ისტორიიდან. ისინი უშუალოდ ჩაერთნენ კომპიუტერული მოწყობილობების გაძლიერების და მეხსიერებით აღჭურვის პრაქტიკულ პროცესში. აღსანიშნავია, რომ, მასტერკლასის ფარგლებში, Kingston-მა ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა ოპერატიული და სწრაფი SSD მეხსიერებები, რომელთა მეშვეობით რამდენიმე სასწავლო კომპიუტერი გაძლიერდა“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.
სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ჩხაიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ასევე ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციის გასააქტიურებლად.
„ეს პირველი მასტერკლასი იყო „კინგსტონისგან“, რაც, ვფიქრობთ, მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საწინდარია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოქმედ სხვა მსხვილ კომპანიებთანაც გაგრძელდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასტერკლასის პროცესში სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დამყარებული უშუალო კომუნიკაცია ზრდის ახალგაზრდების ინტერესს, მოტივაციას და პროფესიულ ცოდნას“, – აღნიშნა მარიამ ჩხაიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, მასტერკლასის ფარგლებში, Kingston Technology-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის სახალისო პრიზებიც გაათამაშეს, ღონისძიების დასასრულს კი, ახალგაზრდების თანხლებით, სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი და ელექტრონიკის მუზეუმი დაათვალიერეს.