საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა მიულოცა.
„100 ენერგეტიკოსი შეემატა დღეს დარგს. მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის და ფაკულტეტის 100 კურსდამთავრებული, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მიღებულ ევროპული სტანდარტის განათლებას დარგის განვითარების საქმეში წარმატებულად გამოიყენებს. ვულოცავ კურსდამთავრებულებს და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, მეცნიერს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს მივულოცავ ძალიან კარგ სიახლეს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2025) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მოკლე სიაში (shortlist) შევიდა. ეს არის რექტორის და აკადემიური პერსონალის ყოველდღიური დაუღალავი შრომის შედეგი, ეს არის თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის დამსახურება. კიდევ ერთხელ ვულოცავ უნივერსიტეტს და კურსდამთავრებულებს. წარმატებები მისურვებია“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა: ნათია არაბიძემ, გრიგოლ ხელიძემ, რამინ ჩიხლაძემ, ბადურ ჭუნაშვილმა, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ქუთათელაძემ. კურსდამთავრებულებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა თელასის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ ბატონმა თეიმურაზ გამრეკელაშვილმა, რომელმაც მათ კომპანიაში სტაჟირება და შემდგომი დასაქმება შესთავაზა.
„ინფორმაციისთვის: ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა 1928 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო. არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 25000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებისათვის. ამჟამად, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი რვა დეპარტამენტს აერთიანებს: ტელეკომუნიკაციის, რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების, ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის. სწავლება მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სასწავლო ცენტრი „შნეიდერ ელექტრიკ-თელასი“. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბიბლიოთეკებით. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარების საქმეში: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ფუძემდებელი და ყოფილი პირველი პრეზიდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე პროფესორი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ხალილოვი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ვახტანგ გომელაური და ვახტანგ ჭიჭინაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა ლუტიძე, ელექტრული მანქანების მთავარი კონსტრუქტორი ლოდოჩნიკოვი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბორის ტიმოფეევი და სხვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.