კვირა, სექტემბერი 27, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU, USA) ვიცე-პრეზიდენტებს – დოქტორ უილიამ ტონგს და
დოქტორ ჰალა მადანატს შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები
განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის
გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ
გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე
მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – მეცნიერების
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯეფრი რობერტსი და SDSU-GEORGIA-ს წარმომადგენლები.
მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების მიმდინარეობის შესახებ
იმსჯელეს და მომავალი კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო
ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი, მასშტაბური და სტუდენტებისთვის არაერთი
წარმატების მომტანი გახდა. რექტორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, SDSU-ს და SDSU-GEORGIA-ს
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-
აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ყურადღება გაამახვილა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, SDSU-GEORGIA სტუდენტებს
სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს
(ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში. აღნიშნული
პროგრამები საქართველოს რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ამ
პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად მკვეთრად მზარდია.
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ
საგანმანათლებლო სისტემასთან. აღსანიშნავია უაღრესად ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და განხორციელებული
პროექტი მოგვიტანა. თავის მხრივ, ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა,
უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენს ახალგაზრდებს
კი შესაძლებლობა აქვთ სამშობლოში ამერიკული განათლება მიიღონ. როდესაც შედეგებზე
ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და
მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ
საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა – ეს წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი
ნაბიჯია. ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით დაუღალავად ვაგრძელებთ მუშაობას და
კიდევ 6 საგანმანათლებლო პროგრამას ვამზადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით
ახალ წარმატებებს მივაღწევთ, რაც ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, ახალგაზრდა
მკვლევრებს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მეტად

ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
ურთიერთგაგების დოკუმენტის ეფექტიან მოქმედებას, SDSU-ს აკადემიური პერსონალის
ძალისხმევას, პროფესორ ჰალილ გიუვენისა და მისი მეუღლის, ოია ატაკანის დიდ დამსახურებას,
პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს და ვიცე-პრეზიდენტების მხარდაჭერას,
რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესების მართვაში ქმედითი
წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ
პაპუკაშვილს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში ვითარდება და ძლიერდება STEM
მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენს შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესები გულისხმობს არა მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების
მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში, სტუდენტებისთვის
ორდიპლომიან და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების
ზრდას, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უმჯობესდება“, – აღნიშნა რექტორმა დავით
გურგენიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა გულთბილი მიღებისთვის
მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნეს, რომ
ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს
აქტიურად და ინტერესით ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ
ინტერნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს
მხარდაჭერა აღმოუჩინონ. როგორც მათ აღნიშნეს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სახეზეა არაერთი
სასიკეთო ძვრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც ქართველი კოლეგების
თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დიდია თავად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
წვლილი. შეხვედრის დასასრულს, მათ გამოთქვეს რწმენა, რომ პროგრესის მომტანი კოლაბორაცია
არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საქართველოსაც დიდ წარმატებას
მოუტანს.
სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა და
ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ირანს სურს ნებისმიერი მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანელები დათმობაზე წავიდნენ ბირთვულ საკითხში. ,,მათ წინადადება წამოაყენეს, და მე ის უარვყავი,” - განაცხადა ტრამპმა. ერთი-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც აქამდე იყო, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს ,,პოზიტიური და კონსტრუქტიული” განხილვები, მათ შორის ბირთვულ საკითხზე. ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა ერთ კვირაში, თუ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობის გაყოდვაზე სანქციებს გააუქმებს და მთელ რეგიონშ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. Axios-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, 22 სექტემბერს მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს მკაფიოდ გააგებინეს, რომ ირანი არ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ამიტომ არ შეუძლია მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წამოყენება.

ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება

ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2, 95+კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩიკოიძემ წარმატებით იასპარეზა, ხოლო ფინალური შეხვედრა ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.ტურნირზე ოქროს მედლები საქართველოს დელეგაციას ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს.პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება.

ვილი სანიოლი – ძვირფასო საქართველო, ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით – მთელი გულით...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს.„ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – ამბობს სანიოლი.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. 

ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა. დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და  ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები