ორშაბათი, იანვარი 6, 2025

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ინაუგურაციაზე

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიის წინამძღოლებს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს. მივესალმები მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები სრულიად საქართველოს, მათ შორის, განსაკუთრებული სიყვარულითა და მონატრებით მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. მივესალმები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო იმ ნდობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა – საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს. საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო – ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს.

მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდადებისა თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიო დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მკითხველს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი. ჩვენი ერის საბოლოოდ ჩამოყალიბებასა და შეკავშირებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქრისტიანულმა მრწამსმა. მართლმადიდებლობა და ქართველობა დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელ, ერთ მთლიან ცნებად იქცა! ყოველთვის, როდესაც სამშობლოს იცავდა, ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ის იცავდა საკუთარ ოჯახსა და სარწმუნოებას. მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი! სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ქართველი ერის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანი საბოლოოდ განაპირობა.

სწორედ აღნიშნულ სამ საუნჯეს უნდა მოვუფრთხილდეთ განსაკუთრებით, ისე როგორც ეს დიდმა ილიამ დაგვიბარა – თუ მამულს, ენასა და სარწმუნოებას არ ვუპატრონეთ, ვერც კაცები ვიქნებით და ვერც მომავალ თაობას გავცემთ პასუხს. რომ არა ამ ღირებულებების ერთგულება, რომ არა საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული, ქართველი ერი ვერ შეძლებდა ამდენი განსაცდელის გამოვლას და გადარჩენას. ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული.

ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოვირჩევით, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება. მათ შორის ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთად დგომით. გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება – ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრან ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი – მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძლებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას.

ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით – ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვად აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია, რომ დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია, თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება – ერთიან და ძლიერ საქართველოში.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად – ასევე მოიცავს პასუხისმგელობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას. ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის – უფალი, არ იყო დამოკიდებული არავიზე და არაფერზე; საკუთარი – სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება.

თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა. სწორედ ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ, საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?! მე მჯერა ქართველი ადამიანის, მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის. მე მჯერა, ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა, რომ სიყვარული გაიმარჯვებს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და სიყვარულით სავსე საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი – რა დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით?

ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე - პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც რუს ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად. თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა.   უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. "მთავარისთვის" ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები - 2 პირი - ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.

“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის – ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ – ტრაგედიის დეტალები: რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში...

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “აია­შა­რა“ ტე­ლეგ­რა­მარხზე წერს, ხან­ძა­რი ჩო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში გაჩ­ნდა. ცე­ცხლმა მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა წუ­თებ­ში მო­იც­ვა, სა­დაც 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლია მი­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთხი თვის იყო. “უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს ოჯახ­ში მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ბე­ბია იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, გა­სათ­ბო­ბად ღუ­მელ­ში ცე­ცხლი და­ენ­თო. მას საწ­ვა­ვი აე­რია და ნავ­თის ნაც­ვლად ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. ბენ­ზი­ნი აალ­და, აფეთ­ქე­ბის შემ­დე­გად, ში­შის­გან ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ბენ­ზი­ნი ესხა. შემ­დეგ კი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და გააპროტესტეს კანონი, რომლითაც მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა

პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად პირბადე გაიკეთეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მხრიდან ეს არის ერთგვარი აქცია - პერფორმანსი იმ "უსამართლო და უგუნური" კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი პროტესტს მაინც გააგრძელებენ. აქციის მონაწილეები უკვე 39-ე აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ჯებირს პერიოდულად ხელს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მიხეილ ყაველაშვილი – შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა, სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს. „ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – წერს ყაველაშვილი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.  

ნაიჯელ ფარაჯი – ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია

ილონ მასკით თავისუფალი სიტყვა დავიბრუნეთ, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ამბობს, ის გმირია, – ამის შესახებ ბრიტანეთის „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ მან იყიდა „ტვიტერი“, ახლა რეალურად გვაძლევს ადგილს, სადაც ჩვენ გვაქვს სათანადო ღია დებატები ბევრ რამეზე. „ფეისბუქი“ და „მეტაც“ კი ახდენენ ადაპტირებას ახალ სამყაროში“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა. „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა დაიცვა ილონ მასკი მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იყო „ბრიტანეთის გაუპატიურების თანამონაწილე“, როდესაც მან ვერ შეძლო გაუპატიურების ჩამდენი ბანდების სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის სამსახურის ხელმძღვანელმა 2008 წელს. პარალელურად, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რეფორმის“ პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება, რადგან ნაიჯელ ფარაჯს არ გააჩნია საჭირო უნარები. მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ ფარაჯი და კონსერვატორები ეთანხმებიან მასკის მოწოდებებს კრიმინალური ბანდების სკანდალის ეროვნული გამოძიების შესახებ, გაჩნდა განხეთქილება ამერიკელ მილიარდერის მიერ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მხარდაჭერის გამო, რომელიც ამჟამად იხდის 18-თვიან პატიმრობას სასამართლოს უპატივცემულობისთვის. მასკმა მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე აქტივისტს და ამტკიცებდა, რომ რობინსონი „სიმართლეს ამბობდა“ ბანდების შესახებ. რობინსონის მხარდაჭერის შესახებ კითხვაზე, ფარაჯმა განაცხადა: „ის ხედავს რობინსონს, როგორც ერთ-ერთ ამ ადამიანთაგანს, რომელიც იბრძოდა ბანდების წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ ტომი რობინსონი ციხეშია არა ამის გამო, არამედ სასამართლოს უპატივცემულობის გამო.

ბოლო სიახლეები