დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ურთიერთშეხვედრები
ბულგარეთის ნაკრებს საქართველო 1994 წლის შემდეგ ცხრაჯერ შეხვდა. თუ ისტორიის დასაწყისში უპირატესობა ბულგარელთა მხარეს იყო, ბოლო წლებში უკეთესი შედეგები საქართველოს აქვს.
ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამჯერ მოუგო, ფრედ ორი მატჩი ითამაშა, ოთხი კი – წააგო.
დღეს გამარჯვების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ბულგარელებთან საერთო ანგარიშს გაათანაბრებენ.
კომენტარი
ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება“.
ალექსანდრ დიმიტროვი, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი:
„საქართველოს ძალიან კარგი და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესარჩევი ეტაპი ღირსეულად დავასრულოთ“.
სატურნირო მდგომარეობა
ჩვენს ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე, 15 ქულით ესპანეთია, თურქეთს 12 ქულა აქვს და მეორეზეა, საქართველო – მესამეზე (3 ქულა), ბულგარეთი – მეოთხეზე (0 ქულა). მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფს ითამაშებს.

