ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს:

მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს.

კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე.

შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და ამ მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს

აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“. მანამდე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე აქვს „კარგი, საიმედო გეგმა“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მოსამართლემ გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე დავით კურტანიძემ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 დაკავებული პირს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.. დაკავებულებს შორის იყო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.  მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა. გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3 500-ლარიანი. დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორს დატოვებენ. შეგახსენებთ, შსს-მ 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აღსანიშნავია, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას. სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი. საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა დაინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა,- ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი მიმართვის მიზეზს განმარტავს. „დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, მეორე გვირაბის შემოვლით გზაზე აკრძალულია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მეორე გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად.

ბოლო სიახლეები