კვირა, თებერვალი 23, 2025

საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% შეადგინა.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მოცემული პერიოდის მანძილზე, პენსია გაიცა სხვადასხვა კატეგორიის 4 019 პირზე და ჯამურად შეადგინა 17 433 462 ლარი.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 3 იანვარს, ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები, რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება 2023 წლის აგვისტოდან, დაბრუნდა კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, სხვა პორტფელის არჩევის შესაძლებლობით. შედეგად, 2024 წლის 4 იანვარს, კონსერვატიულმა პორტფელმა მთელი საპენსიო აქტივების 99.1% შეადგინა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა 3 პორტფელმა – კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური – საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა შესაბამისად 9.8%, 13.4% და 15.0% შეადგინა.

2023 წლის ნოემბერში შეიქმნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის პოზიცია და 2024 წელს დაინიშნა შესაბამისი კადრი. ამ საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მიერ რეგულარულად ხდება საინვესტიციო რისკების ანგარიშის მომზადება. 2024 წლის 15 თებერვალს ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებას.

რისკების კონტროლის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში ISO 27001 სტანდარტთან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს დელიოტი და ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს დასრულდა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები.

კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 499 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა საპენსიო სააგენტოს სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდის, ბლოგის, მოქალაქეთა მისაღების, იუსტიციის სახლების 117 ფილიალის და ცხელი ხაზის დახმარებით. ამავე პერიოდში განხორციელდა ვებ-გვერდის რებრენდინგი და შშმ პირებზე ადაპტაცია,“ – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უამინდობა საქართველოში – ბათუმში შტორმს, თბილისში კი ღამით, ტემპერატურის -5 გრადუსამდე დაცემას ელოდებიან

დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა - საქართველოში უამინდობა მესამე დღეა გრძელდება. უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სადაც გადაადგილებას მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე მანქანები ახერხებენ. უამინდობაა აჭარაშიც. ბათუმში შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსები შავ ზღვაზე დაბალ ტემპერატურას და ძლიერ თოვს კიდევ ოთხი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. 24 საათიან რეჟიმში, ბათუმში, იწმინდებოდა ტროტუარები და სანიაღვრე ქსელები. ამ დროისათვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარია. უხვი ნალექია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. ამ დროისათვის ცენტრალური გზა გაწმენდილია. ინტენსიურად იწმინდება შიდა საუბნო გზები. დროებით ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. რამდენიმე სოფელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. უამინდობამ პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. უამინდობა და დიდთოვლობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება; სინოპტიკოსები კი, დღეს ღამით, დედაქალაქში, -5 გრადუსს ელოდებიან.

ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. „ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის” (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით

ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო საქმიანობას პარტნიორებთან ახალი და მეტად სასარგებლო მოლაპარაკებებით. ევროპაში მხარდაჭერა გაიზრდება და თანამშრომლობა გაძლიერდება. ამ მომენტში ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, განსაკუთრებით ამ საქმეში მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა, მათ შორის ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის ლიდერებს. „უსაფრთხოების გარანტიები არის ის, რაც აერთიანებს უმრავლესობას. ევროპას, ამერიკას და ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში სჭირდება საერთო გაგება იმისა, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს მოატყუოს ვინმე და რომ რუსეთმა ვეღარ მოუტანოს სიკვდილი სხვა ერებს – უკრაინიდან და ევროპიდან დაწყებული, სირიით, ახლო აღმოსავლეთითა და აფრიკით დამთავრებული. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი განადგურება და სიცოცხლის დაკარგვა, რაშიც ბრალი რუსეთს მიუძღვის – რუსულ არმიას, მათ სპეცსამსახურებს, მათ დაქირავებულ მებრძოლებს. მსოფლიოს სჭირდება გარანტიები და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. ამ მომენტში ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ყველა პარტნიორთან უსაფრთხოების გარანტიებზე და მხარდაჭერის კონკრეტულ ფორმებზე – ქმედებებზე, დახმარებაზე, გადაწყვეტილებებსა და გზავნილებზე. სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ყველა უკრაინელმა დაინახოს, რომ მსოფლიო ჩვენთან ერთად დგას, რჩება ძლიერი და იცავს გაერო-ს წესდების ფუნდამენტურ მიზნებსა და პრინციპებს ერების სუვერენიტეტის, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში ყველა ერის აგრესიისგან დაცვის შესახებ. სამართლიანობა არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვა, ის მნიშვნელოვანია ყველა ერისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთან ერთად დგას, რადგან ეს ნიშნავს სიმართლესთან დგომას.”- განაცხადა ზელენსკიმ.

VIDEO: საბადურში მანქანა ხევში გადავარდა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

საბადურში მანქანა ხევში გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე ათობით ადამიანი მანქანის ამოყვანას ცდილობს. ნახეთ კადრები ადგილიდან 

უახლესი ინფორმაცია გზების დეპარტამენტიდან- რომელ მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვები

აღაიანი-ხაშურის კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ120 (აღაიანი-ხაშურის კვანძი) მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები