ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი – მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.

ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზს დაკრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.

ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა

საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ორი მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.„შევისყიდით ათ ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. ორი მლნ-დან ხუთ მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს  ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

დონალდ ტრამპი – ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს

დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათთვის საკმარისია! საკმარისია მათთვის! ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, მისივე თქმით, ირანს უკვე შეუძლია, აღდგენის პროცესი დაიწყოს.„ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ „დავრჩებით ადგილზე“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით  შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ „ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.”„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აცნობა ისრაელს, რომ ერთგულია იმ მიზნების მიღწევის, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს აშშ-ისთვის, ისრაელისთვის და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის, მოახლოებული მოლაპარაკებების ფარგლებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

ბოლო სიახლეები