სამხრეთ კორეაში პარლამენტმა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. 300 კანონმდებლიდან იმპიჩმენტს მხარი 204-მა დაუჭირა, 85-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, სამმა თავი შეიკავა, ხოლო რვა ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ეს ნიშნავს იმას, რომ იუნ სუკ იოლი თანამდებობას დაკარგავს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდება, თუმცა იმპიჩმენტის სრული პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, რადგან ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა განიხილოს.
ცხრაწევრიანი საბჭოს ექვსი წევრი თუ მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება პრეზიდენტი თანამდებობიდან.
ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის ვადაში დაინიშნება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები.
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, პარლამენტის გარეთ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აღნიშვნა დაიწყეს.
მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.