სამხრეთ კორეაში გზატკეცილის მშენებლობის პროექტის ჩამოშლისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უბედური შემთხვევა სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის სამხრეთით მდებარე გზატკეცილზე, სეულიდან დაახლოებით 70 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 09:49 საათზე მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხიდის საყრდენი, ხუთი 50-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია, ამწით აწევის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით ჩამოიშალა.
ანსეონგის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, კო კიუნგ-მანმა განაცხადა, რომ დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ჩინეთის მოქალაქე და დაშავდა ექვსი, რომელთაგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისივე ცნობით, დაშავებულთა შორისაც ერთი ჩინეთის მოქალაქეა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ჩოი სანგ-მოკმა მოუწოდა ყველა ხელმისაწვდომი პერსონალისა და რესურსის მობილიზებისკენ ადამიანების გადასარჩენად.
ეროვნულმა სახანძრო სააგენტომ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციისთვის მობილიზებულია სამი შვეულმფრენი და თითქმის 150 თანამშრომელი, ხოლო ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა თანამშრომელთა ჯგუფი.
სამხრეთ კორეის შრომის სამინისტროს მიერ მარტში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს 598 მუშა დაიღუპა, საიდანაც სამშენებლო სექტორზე თითქმის ნახევარი, 303 ადამიანი მოდის.