არცერთი ოპოზიციონერი არ აპირებს რუსეთის დუმის ქვედანაყოფად გადაკეთებულ არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ ორგანოში შესვლას და საქმიანობას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორ სამადაშვილმა აღნიშნა, ამ ნაბიჯს ვინმე თუ გადადგამს, ჩაეწერება პირდაპირ რუსეთის რეჟიმის მსახურებში და არანაირი ოპოზიცია არ იქნება.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილმა ჯერჯერობით ვერ მოძებნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მცდელობა აქვთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს, როდის აპირებს, პერსონალურად მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. სამადაშვილის განმარტებით, პროცესი დაიწყო სიების ჩახსნით და ამას ექნება გაგრძელება.
„იცით, რომ საკუთარი პროცედურა აქვს ამას. დღეს გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ არალეგიტიმური გზით და კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილ პარლამენტში ჩვენ ვიწყებთ წარმომადგენლობის გაუქმებას, ეს დაიწყო სიების ჩახსნით. ამას ექნება შემდგომი გაგრძელება. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ კონსტიტუციის თვალსაზრისით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური საერთოდ არ არის.
ანუ, თუ საუბარი არის პარლამენტის წევრობაზე, შემიძლია გითხრათ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმური იყო, იმ პარლამენტის წევრი ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ვარ ლეგიტიმური პარლამენტის წევრი, რადგან მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, როგორც კონსტიტუციური წარმონაქმნი, საერთოდ არ არსებობს. როგორც ბიძინა ივანიშვილის რაღაც კერძო ადამიანებისგან დაკომპლექტებული ზოოპარკი, სადაც ხელზე უნდა ემთხვიოს მას ვიღაც, როდესაც მიდის, ალბათ შედგა ხო, რაღაც თავყრილობა, სადაც ვნახეთ, რისთვის იკრიბება ეს ხალხი. ხომ წარმოუდგენელია, ამ თავყრილობამ გადაჭრას რაიმე პრობლემა, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს – პენსიის გაზრდა ან ხელფასის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინა, ევროპარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ კვირაში ამ რეჟიმის სანქცირებაზე და ეს რეალობა შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები და ჩვენ გვეყოლება ლეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.