ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას

ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ თემით მიაღწია შედეგს – დააპირისპირა ოპოზიცია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია. ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ, იხარჯება ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და იხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს“.

„ჩვენ ვართ რაღაცა აბსურდულ თეატრში. ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ლანძღვა, გინება, ბულინგი. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მიიყვანს ეს ხელისუფლება არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ჩვენი ერთადერთი ძალაა ერთობა; მეორე მხრივ, ბოიკოტის კამპანიაც არის აბსურდი. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებულ იქნა, როგორც რამე გამარჯვება. ცხადია, დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე და დათვლადი თუ იქნეს ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს, ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტი. მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ამ დღემდე. ეს მოითხოვს, პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს და გაცოცხლდეს წინააღმდეგობის პლატფორმა. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატი და ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან, აქვთ მოსაზრებები. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი იქიდანაც მომდინარეობს, რომ ვერ ხედავენ, ესენი თუ არა, აბა. ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხოელ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის დასრულებით. ჩვენი გადასაწყვეტია, ესენი არიან ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები, ეს არის მართლაც აუცილებლობა, რათა გავიდეთ ფონს; მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება. მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა იყოს მიღწეული ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც მოჰყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ სტატუსს, სადაც რეზოლუციაში მისი გათავისუფლების მოხსენიებისთვის რასა იუკნევიჩიენესა და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.„პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას ევროპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის ვოტუმი ჩავარდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მხარი არ დაუჭირა 360-მა ევროდეპუტატმა.კენჭისყრაში სულ 553 კანონმდებელი მონაწილეობდა. გადაყენების მომხრე იყო 175, თავი შეიკავა 18-მა.ინიციატივით 75 ევროპარლამენტარი გამოვიდა. ისინი ევროკომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ, ბრალდებებს შორის არის გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაც.

კახა კალაძე – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და ჰქონდათ მცდელობები, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკომისიის მიერ გადაცემული თანხების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, წახალისებული და დაფინანსებული იყო გარედან – ევროკავშირის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან; ამ ყველაფერში ასევე ჩართული იყო ამერიკული ორგანიზაციები. მთავარი მიზანი და მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ამას ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა გზით და ამ ყველაფრის გამტარები იყვნენ ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად დაცლილები არიან იმ ყველაფრისგან, რასაც, ზოგადად, არასამთავრობოს სტატუსი და შინაარსი გულისხმობს. ისინი, ჩვეულებრივ, ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რევოლუციურ სცენარში იყვნენ ჩართული და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალს“დაამარცხა და ფინალშია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა (4:0) და ფინალში ითამაშებს.ფრანგებმა შეხვედრა იდეალურად დაიწყეს და მადრიდელთა მცველების შეცდომებით კარგად ისარგებლეს: მე-6 წუთზე უსმან დემბელემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დამატებაზე ფაბიან რუისმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში თავად დემბელემ გაიტანა. 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და პსჟ 3:0 დაწინაურდა.ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების გუნდთან, „რეალთან“ სათამაშოდ მოედანზე მოტივირებული გავიდა, რამდენჯერმე სცადა გატანა და მცველებმა დარტყმა დაუბლოკეს, 38-ე წუთზე კი სწრაფ კონტრშეტევაზე მცველი ჩამოიშორა და დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ ბურთი აეჭრა და მიზანს ასცდა.შესვენებამდე მოპოვებული დიდი უპირატესობის შემდეგ მეორე ტაიმმა ფორმალური სახე მიიღო. „რეალი“ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, პარიზული გრანდი კი ძალებს ზოგავდა და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშე ნაადრევად დაასვენა და ხვიჩა კვარაცხელიაც 59-ე წუთზე შეცვალა.საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა 13 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს – 35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე,...

35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში. აქაც, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ... თუმცა, ბრძოლას აქედანაც ვაგრძელებთ! , - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს. "ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი. ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე - თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში. დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი... პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს. დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად! შენი ძმა, მამუკა!", - წერს ხაზარაძე.

ბოლო სიახლეები