სამშაბათი, აპრილი 7, 2026

სალომე ზურაბიშვილი – მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს

მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 9 აპრილს დაღუპულთა გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან, თუმცა 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა. პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში პირველი რეფერენდუმის ჩატარებაზეც. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, იყო გამარჯვება 70-წლიან საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაზე.

„მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები, და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას – ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ საქართველოს ერთადერთი ძალა მხოლოდ ხალხის ერთად დგომაშია.

„მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა – 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო. 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ – (და ამას ხაზგასმა სჭირდება) – ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა. ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები – კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის – მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ – ეროვნულ და ევროპულ – გზაზე დაბრუნების. არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა. ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს.

სწორედ ამიტომ, არ შეიძლება, აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით – როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა.„გროზნის შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის ორგანიზაცია და მისი 29 ფილიალი ევროპის 14 ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნო და მათი საქმიანობა რუსეთში აკრძალა“, – ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.რუსული მედიის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში დივერსიულ და ტერორისტულ თავდასხმებში, ასევე რუსი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.„ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ 1991 წელს ჩეჩნეთში დაარსდა. 2007 წლის ნოემბრიდან მას ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. აჰმედ ზაკაევი სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

გია ვოლსკი – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ პროექტში საქართველოს საკვანძო ქვეყანაა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს.„სამწუხაროა, რომ ეს მაშინ არ გაითვალისწინეს, როცა ევროკავშირმა ამ საკითხებზე შეხვედრა ჩაატარა, სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიიწვია და საქართველოს უთხრეს, რომ თითქოს, აქ დემოგრაფიის უკუსვლაა და ამ თემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს წინააღმდეგ ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში უფრო მეტს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. ეს არის გარანტია მშვიდობის და ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი თუ ზედაპირზე არ გამოჩნდა, მაშინ რის მიხედვით უნდა მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა

ამერიკასთან ურთიერთობებში გარღვევის მიღწევა შეუძლებელი იქნება ისეთი ნაბიჯის გადადგმის გარეშე, რომელიც ზედაპირზე არ იქნება. კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი თუ ზედაპირზე არ გამოჩნდა, მაშინ რის მიხედვით უნდა მოხდეს გადატვირთვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ამერიკისთვის მნიშვნელოვანი რჩება არა მხოლოდ ეს რეგიონი, არამედ საქართველოც.„ისე არ მოხდება, როგორც შეიძლება, ბევრ ავტორიტარსა და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს სურს, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი რეგიონიდან გავიდეს ან ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესი დაკარგოს. ამერიკასთან ურთიერთობებში გარღვევის მიღწევა შეუძლებელი იქნება ისეთი ნაბიჯის გადადგმის გარეშე, რომელიც ზედაპირზე არ იქნება. კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი თუ ზედაპირზე არ გამოჩნდა, გაუგებარია, მაშინ რის საფუძველზე უნდა მოხდეს „გადატვირთვა“. ეს ურთიერთობა ხომ რაღაცის გამო იყო დაპაუზებული, ხომ იყო კრიზისში შესული და ხომ იყო ივანიშვილი სანქცირებული. იმისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს, რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამას უკვე თვეებია, ითხოვს ამერიკაც და საჯაროდაც აცხადებს, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომლებიც ივანიშვილმა იცის და რომლებიც ამერიკელ პარტნიორებს დაარწმუნებს მის განზრახვათა სერიოზულობაში.ამ მიზნით უნდა ჩამოდიოდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია და გაიმართოს საუბარი იმ კონკრეტულ გზებსა და მეთოდებზე, რომელთა საშუალებითაც ქართულ სახელმწიფოს ამ კრიზისიდან გამოსვლა შეეძლება და ასევე, რა ნაბიჯების გადადგმაც საჭირო იქნება ამ გზაზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების რესურსი იარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი გონზე მოვლენ და მიხვდებიან, რომ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება არ გამოდის, როგორც შიდა წნეხის, ისე იმ ფაქტორის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მიტოვებას საერთაშორისო პარტნიორები არ აპირებენ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ამასთან, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზარდა და 115.61 დოლარს მიაღწია.როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ნავთობის ფასი ხუთშაბათიდან მოყოლებული 100 დოლარს არ ჩამოსცილებია, რისი მიზეზიც, მედიის ცნობით, ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარაა.ცნობისთვის, გასულ წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 69 დოლარი იყო.

გურამ მაჭარაშვილი – კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-დან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა, ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას

კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა. პირიქით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა ერთ-ერთში ემთხვევა საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირთან დაპირისპირების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, მათ შორის ამერიკაში ვიზიტის თვალსაზრისით, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“.„ამერიკის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მათ მხარდამჭერებსაც აღარ აინტერესებთ. 4 ოქტომბრის შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები