ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს – როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპელი ლიდერებისადმი წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა.

„ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:

დემოკრატიის კუთხით:

საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია, ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს. საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპული საგარეო პოლიტიკის სანდოობა.

სუვერენიტეტის კუთხით:

გაყალბეული არჩევნებისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ევროპული გზის გამო საქართველოში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე. სამხედრო აგრესია, რომელიც კრემლის მიერ დაპყრობის ინსტრუმენტია, რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკრაინაში 2014 და 2022 წელს გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. საქართველოში (ისევე როგორც რუმინეთში, მოლდოვასა და თუ არ შეაჩერებთ, სამომავალოდ, შესაძლოა, უკრაინაშიც) მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ტესტირება არჩევნების მანიპულაციის გზით, რომელიც ნაკლებად აგრესიული სურათის შემქმნელი და ნაკლები დანახარჯების შემცველია და გზას უხსნის მარიონეტულ მთავრობას. წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არამხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს.

სტრატეგიული კუთხით:

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე, არ შეიძლება საქართველოს მივიწყება, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის, შეყვანას. საქართველოს ბედი (რაც რუსეთს უკეთ ესმის, ვიდრე ბევრ სხვას) განაპირობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა.

მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენ წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად, თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ, საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ.

ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველო ღრმა კრიზისშია. მმართველი ძალა არ მართავს ქვეყანას, ისინი მხოლოდ რეპრესიებს რეპრესიებზე ამატებენ, პროტესტი არც ნებდება, არც ეგუება. ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. მმართველი ძალა არ აწარმოებს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან გამოსავალი. ამგვარი განგრძობითი კრიზისი კი მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა.

არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და, საბოლოოდ, ამერიკული) მაღალი დონის მედიაციის გზით.

მოგიწოდებთ, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არა მხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა“, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.

მოგიწოდებთ, საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ, წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები – გურამ მაჭარაშვილი

ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები - USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.„ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები - USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რევოლუციურ სცენარებს საქართველოში. USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები, დაარქვეს იქ „ნანუკას ფონდი“, იმის ფონდი და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები. როდესაც სახელმწიფოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ამ პროცესებს რომ აფინანსებ, ეს ბუნებრივი მომენტია, რომ, რა თქმა უნდა, გამოძიებას ამ ფონდთან გარკვეული კითხვები ექნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.დაყადაღებული ფონდები მმართველი გუნდის შეფასებით არეულობას აფინანსებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ძალადობას ახალისებდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ მომავალი არქიტექტორების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ - გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციას, რომელშიც 100-ზე მეტი სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა აღნიშნა, გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო და ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.„სივრცული კომპოზიცია არქიტექტურის არსია, ის არის მოცულობების, ფორმებისა და სივრცეების გააზრებული განლაგება, რათა შეიქმნას ჰარმონია და ესთეტიკური ღირებულება. ნებისმიერი სტრუქტურა, ყველაზე მარტივი საცხოვრებელი სახლიდან დაწყებული და ყველაზე რთული ურბანული ლანდშაფტით დამთავრებული, სივრცული კომპოზიციის პროდუქტია. ის განსაზღვრავს, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვურთიერთობთ გარემოსთან და გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებზე, კულტურულ იდენტობაზეც კი. დღევანდელი გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირველკურსელების ნამუშევრებში ასახულია მათი ცოდნა. თითოეულ ნამუშევარში ჩანს როგორ ახერხებს სტუდენტი ელემენტთა დაბალანსებას, როგორ მანიპულირებს შუქ-ჩრდილებით, როგორ გარდაქმნის აბსტრაქტულ იდეებს რეალურ ფორმებში. ეს არის ჩვენი, პედაგოგების მისია და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტები წარმატებით ივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას“, - აცხადებს დეკანი.სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს, პროფესორებს, სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას.როგორც დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ ღონისძიების გახსნისას განაცხადა, სტუდენტური გამოფენა, რომელსაც ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს, ხელს უწყობს მომავალი არქიტექტორებს, პროფესორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას.„სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულებები, მივიღოთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ამგვარად, ის მნიშვნელოვანი ხიდია აკადემიურ სამყაროსა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის. დღეს, როდესაც სტუდენტების ნამუშევრებს დაათვალიერებთ, მოგიწოდებთ, არა მხოლოდ აღფრთოვანდეთ ექსპოზიციით, არამედ დაფიქრდეთ სივრცული კომპოზიციის ღრმა მნიშვნელობაზეც. გაიაზრეთ, როგორ გამოხატავს ეს პროექტები იდეებს, როგორ იწვევს ემოციებს და როგორ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. პირველკურსელებს ვულოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც არქიტექტურული კარიერისკენ გადადგეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ცოდნა დიდ წარმატებას მოუტანს ახალგაზრდებს. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის - ჩვენ დღეს ერთად ვაფასებთ მომავალი არქიტექტორების კრეატიულობას, ინოვაციას და არქიტექტურული დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. წარმატებები!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ჭანტურიამ.სტუ-ის ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 30 მარტს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია – ვოლსკი

თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე, ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ეს ტრაგედია, არ გვესმის, - ასე აფასებს ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.„გულზე ხეთქავს ადამიანებს წარმატება. წარმატება, სპორტში იქნება თუ სხვა სფეროში, ეს არის გამოვლინება პოზიტიური ტენდენციებისა, რომელიც უკავშირდება მთავრობის საქმიანობას. იმიტომ არიან გიჟებად გადაქცეული და იმიტომ, არიან ისტერიკაში გადავარდნილები. ეს ყველაფერი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება. რასაკვირველია პრობლემები უამრავია, მაგრამ თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია?!“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შვედეთის პრემიერი – ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში საქართველო დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება

საქართველო ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.კრისტერსონმა აღნიშნული ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.„როგორც იცით, საკმაოდ ხშირად საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია და დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ და ეს არაერთხელ გამოვხატეთ სხვადასხვა გზით. ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან, სწორ მიმართულებასთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

რატი იონათამიშვილი გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: მოღალატეთა უცნაური კლასტერი ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში აქეთ იხდიან ასობით ათას, ზოგჯერ მილიონობით დოლარს

ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ასეულობით ათასი დოლარი საქართველოს წინააღმდეგ იხარჯება.„ეს ადამიანები მილიონობით დოლარს იხდიან ლობისტებში იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის მიმართ დეზინფორმაცია და ტყუილი გაავრცელონ. იქნება ეს კეზერაშვილი თუ გილაური, სინამდვილეში ეს არაფერს არ ცვლის. ისინი ერთ მიზანს ემსახურებიან. უბრალოდ, მოღალატეთა უცნაური კლასტერი ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში აქეთ იხდიან ასობით ათას, ზოგჯერ მილიონობით დოლარს. როგორც არ უნდა იმართლონ თავი, რა თქმა უნდა „ფარა“ მაღალი სტანდარტით იცავს გამჭვირვალობას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი - ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს ადასტურებს ნიკა გილაური.

ბოლო სიახლეები