ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია – ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია – ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა. მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარის გამო, ხაბეიშვილმა ჯერ ზურაბიშვილი უარყო და თქვა, რომ ის მისთვის არც პრეზიდენტი და არც მნიშვნელოვანი ფიგურაა, შემდეგ კი იერიში გიორგი გახარიაზეც მიიტანა. ყოფილი პრეზიდენტის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარია უნდა ჩამოყალიბდეს, ან პარლამენტი, ან ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ახალი ულტიმატუმი წაუყენა სალომე ზურაბიშვილსაც – 31 მარტამდე მკაფიოდ თქვას, ერთიანობის მომხრეა, თუ კოორდინაციის.

გახარიას პარტიისთვის ხაბეიშვილის პოზიციები არასერიოზულია. ყოფილი პრემიერის გუნდმა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მათი პარტია ერთადერთია, რომელთან თანამშრომლობასაც არასდროს განიხილავენ.

“ნაციონალურ მოძრაობას”, რადიკალური პოზიციების გამო, “ძლიერი საქართველოც” აკრიტიკებს. ხაზარაძე – ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას არავისთან აპირებენ, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომლის ცალკეული წევრებიც, მათი აზრით, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვეღარ მოახდენენ.

ოპოზიციას რეიტინგებს ახსენებს სახელისუფლებო გუნდი და ამბობს, რომ, დაშლის თუ გაერთიანების შემთხვევაში, მათ ამომრჩევლის ნდობა არ ექნებათ. “ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი, სხვა ოპონენტების მსგავსად, უცხოელი დამფინანსებლების დავალებების შემსრულებელია.

დარჩება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან – ეს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაირკვევა, რადგან 5-თვიანი კონსულტაციების შემდეგ, ექსპრეზიდენტის პარტიამ, ერთობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა 31 მარტამდე განსაზღვრა. რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი უცნობია… მან დღეს ბრიფინგი გამართა, ისაუბრა ბევრ სხვადასხვა თემაზე, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებსა და ულტიმატუმზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე – ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს

როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითვაზე განაცხადა.მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ საიდან მოდის ესა თუ ის თანხები და რაში იხარჯება.„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.„ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. უბრალოდ, სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას ვუთხარით ის მოცემულობა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას; როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას. სხვათა შორის, სანქციებთან დაკავშირებით თავიდან უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ უკვე რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. შეიძლება ჩვენ ხვალ, ზეგ ვიხილოთ ისეთი რეზოლუციები, სადაც გაგვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ქვეყანაში. არაფერია გამორიცხული. ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა; დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვფიქრობ, დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადასახედიდან, თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო – იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომლებიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი, ხვალინდელი დღე და ჩვენი ხალხია. ამიტომ ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და პროგრესის პერსპექტივებს სამეცნიერო ფორუმი მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი - „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები - 2025“ გაიმართა, რომლის მუშაობა ორი დღის განმავლობაში ორ პანელად წარიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ს ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითმა ლაბორატორიულმა კომპლექსმა უმასპინძლა, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.ვიცე-რექტორი სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებსა და სტუდენტებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ლომინაძის განცხადებით, მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები იკვეთება, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება.„დიდი პატივია გავხსნა სამეცნიერო ფორუმი - „ტექნოლოგიური გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები - 2025“, რომლის მონაწილენი არიან ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც განაპირობებენ მომავლის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. მივესალმები სტუდენტებს - სამომავლოდ, ისინი წარმატებით დასაქმდებიან და გააგრძელებენ კვლევებს აღნიშნულ სფეროში. ჩვენი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან განვიხილავთ ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას.ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ინოვაციებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას მოითხოვს, არამედ ეთიკურ მიდგომასაც. სწორედ მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები ნათლად იკვეთება, აღმოჩენებისთვის, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება. ეს ღონისძიება არა აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის პლატფორმაა, არამედ ეს ჩვენი ერთობლივი სწრაფვაა კვლევითი კოლაბორაციის განვითარებისთვის. კვლევები კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ციფრული სამყაროს უკეთ შემეცნებას, არამედ, დარწმუნებული ვართ, გავლენას მოახდენს ინდუსტრიებსა და საზოგადოებაზე.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ფორუმის მონაწილე მეცნიერებს, ღონისძიების ორგანიზატორს - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მხარდამჭერებს - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტს, კომპანიებს - Tbilisi AI LAB-ს, Cyber Trust-ს, Impel-ს, Helio.Ai-ს - ღონისძიების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო ფორუმს და მის მონაწილეებს”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხაილ მიულერი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.როგორც დეკანმა აღნიშნა, ფორუმის ორდღიანი პროგრამა ორ მნიშვნელოვან პანელს მოიცავს, სადაც სიღრმისეული განხილვები გაიმართება, ისეთ აქტუალურ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება და კიბერუსაფრთხოება.„ტექნოლოგიების ხანაში, სადაც მონაცემები და ციფრული გადაწყვეტები ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის მთავარი საფუძველია, მსგავსი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიება გააერთიანებს მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართება საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, ვიმსჯელებთ თეორიულ მიღწევებსა და ამ მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტუდენტებთან ერთად, ჩავერთვებით დინამიკურ საუბრებში, რომლებიც გაამდიდრებს ჩვენს ხედვებს და ბიძგს მისცემს ახალი მიმართულებების განვითარებას. ჩვენი სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები კი წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.სტუ-ს ინფორმაციით, სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს, პირველი პანელის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია - თემით: „ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამოწვევები“; პროფესორი მიხაილ მიულერი - თემით: „ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიის გამოწვევები გერმანიის მაგალითზე“; სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი - თემით: „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ს დოქტორანტი გიორგი იაშვილი - თემით: „კრიპტოგრაფია კრიზისში: უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვანტურ სამყაროში“; სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე - თემით: „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ განათლებაში“; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და მკვლევარი, სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ავთანდილ ბიჩნიგაური - თემით: „კიბერუსაფრთხოების ტენდენციები საქართველოში“.მათივე ცნობით, სამეცნიერო ღონისძიების მეორე დღეს, მეორე პანელის ფარგლებში, მოხსენებები გააკეთეს Helio.Ai-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათია ქუხილავამ - თემაზე: „რეკრუტინგი AI-ის ეპოქაში - როგორ იცვლება კანდიდატების შერჩევა“; Impel-ის ღრმა სწავლების უფროსმა მკვლევარმა რაფაელ კალანდაძემ - თემაზე: “ქართული ხელოვნური ინტელექტი: მცირე რესურსიანი ენის გამოწვევები და მოქმედების გეგმა”; კვლევითი ორგანიზაცია Tbilisi AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა თათია წმინდაშვილმა - თემაზე: „LLM-ების გამოყენება ასისტენტებად - პრობლემები, გადაწყვეტები და მიდგომები“; ბლოკჩეინ უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი მუშკუდიანმა - თემაზე: „ბლოკჩეინის უსაფრთხოება“; სტუ-ს დოქტორანტმა და მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ფაცაციამ - თემაზე: „ბლოკჩეინის გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში“.

გიტანას ნაუსედა – რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, არამედ დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ახლა „სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგანან, ნება მისცენ აგრესორს ძალადობისა და შიშის ესკალაციაში ან შეაჩერონ ის“.მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.„აბსოლუტურად აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება და ისინი მზად არიან, უზრუნველყონ იგი, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, ჩვენი ლიდერობა დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო

საქართველოს აღარ ჰყავს ოპოზიცია, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერი იყოს. ამასთან, ვოლსკის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის ევროპელი ლიდერებისადმი წერილი ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის „გარდაცვალების“ შესახებ ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში.„ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება. ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას სულ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც თავისი გეგმა აქვს. ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი“ და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ თავისი გეგმა აქვთ, მათ შორის საქართველო დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი, თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის, მითუმეტეს არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის იმ იდეას, როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ, რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ინტერესი ეს არის და ამ ინტერესის განსახორციელებლად არის პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს წერილით მიმართა. წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს: „განგრძობითი კრიზისი მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა“.

მარკო რუბიო – ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონსერვატორ რადიო წამყვანთან, ჰიუ ჰიუტთან ინტერვიუში განაცხადა.აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია, ირანის ბირთვულ საკითხზე დიპლომატიური საშუალებებით იმუშაოს, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება ბირთვული იარაღით აღჭურვილ ირანსა და ზომების მიღებას შორის მოუწევს, დონალდ ტრამპი ზომებს მიიღებს.„პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, თავიდან ავიცილოთ ირანი ბირთვული პოტენციალით, ამის გასაკეთებლად შესაძლებლობა გვაქვს და კიდევ უფრო შორს წასვლისთვის, შესაძლოა, რეჟიმისთვის საფრთხის შესაქმნელად“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ბოლო სიახლეები