პარასკევი, იანვარი 31, 2025

საზოგადოება „ქართული“ – ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს და ხალხს წაართვას არჩევანი

საზოგადოება „ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი“.

საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ასამბლეის სხდომაზე ჩავარდა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ გარე ძალების მიერ მართული რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობო“ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, რეზოლუცია შეიცავს დათქმებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა.

პირველ რიგში, ვგულისხმობთ დოკუმენტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ აპრილამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს.

ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავისი კომპეტენციის ზღვარს – მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ამა თუ იმ ქვეყნისგან კონკრეტული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს არეგულირებს არა ევროსაბჭო, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. გამოდის, რომ ევროსაბჭო მოითხოვს საქართველოს 1 200 000-ზე მეტი მოქალაქის ნების უგულებელყოფას და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათთვის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პროცესის თავსმოხვევას.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ლამის ოთხი თვე გავიდა. ამ ოთხი თვის განმავლობაში, ვერც რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერც „არასამთავრობო“ ორგანიზაციებმა და ვერც მათმა უცხოელმა კურატორებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ფაქტი და არგუმენტი, რაც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებდა. მეტიც, მათმა დიდმა ნაწილმა პროკურატურასთან არ ითანამშრომლა და ვინც ჩვენება მისცა, ისინი თვითმხილველები კი არ იყვნენ, არამედ ეყრდნობოდნენ ანონიმური მესამე პირების მონათხრობს.

შედარებისთვის, წელს არჩევებზე დაიწერა 1174 საჩივარი, როცა წინა არჩევნებში ეს ციფრი 2200-სს აღემატებოდა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდათ რეზოლუციის ავტორებს. მით უფრო, რომ არჩევნების დღეს უამრავმა უცხოელმა დამკვირვებელმა საჯაროდ ძალზე დადებითი შეფასება მისცა არჩევნების პროცესს, ხოლო ეუთო-ოდირმა, რომელიც ერთადერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, აღიარა – არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და თავისუფალი.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ფაქტის კონსტატაცია – 29 იანვარს მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯდება „დიფ სთეითის“ სტრატეგიაში, რომლის მიზანია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტები. შემდეგ კი, მათი მეშვეობით, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყანა ომში ჩართოს, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილება, საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი.

„ამ ნაბიჯით ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი. ეს არის ნამდვილად ღირსეული და ქართული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ადგილი არ არის იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას, ხელისუფლებას კი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს დელეგაცია მაშინ უნდა დაუბრუნდეს ასამბლეაში მუშაობას, როდესაც შანტაჟს კვლავ ჯანსაღი დისკუსია შეცვლის, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას კი, პარტნიორობა. იმედი გვაქვს, ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული “დიფ სთეითის” დემონტაჟის კამპანია მიწვდება მის ევროპულ ნაწილსაც. ამას კარგად გრძნობს „დიფ სთეითი“ და ვიდრე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩენილა, უნდა შური იძიოს ყველაზე, ვინც სუვერენიტეტის, ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების პოლიტიკის გამტარებელია.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრების თემას – ევროპელმა პოლიტიკოსებმა თუ გააგრძელეს იმის მტკიცება, რომ სამართალდამცავებზე თავდამსხმელები პოლიტპატიმრები არიან, ეს ბუმერანგის პრინციპით ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ თავიანთ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, როგორც ეს პიროტექნიკასთან დაკავშირებით შეემთხვათ. ასეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტები საქართველოს მოსახლეობაში ბევრ კითხვას აჩენს. ძალიან არ გვინდა, რომ ეს ევროპული სტრუქტურებისადმი იმედგაცრუებაში გადაიზარდოს, რადგან ნდობის თავიდან აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

საქართველო, მიისწრაფვის ევროპისაკენ და არა ევრობიუროკრატიისკენ, რომელიც ბოლო წლებში ევროპელ ხალხებსა და სახელმწიფოებზე გაბატონებულ ძალად მოგვევლინა. იგი დასცილდა ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და გახდა მსოფლიოს მძლავრი ნეოლიბერალური „დიფ სთეითის“ მარიონეტი. ამას ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. თუმცა, დღეს ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით მსოფლიოში დაიწყო დიდი ცვლილებები, რომელიც, ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან, ევროპას დაუბრუნებს საკუთარ თავს, ღირებულებებს და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობას.

და ბოლოს, ადამიანურად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ხილვა, რომ ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქეები – ვგულისხმობთ რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობოების“ წარმომადგენლებს – აპლოდისმენტებით შეხვდნენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისა და თანამოქალაქეების დამცირების მცდელობას. თუმცა, არ გვიკვირს, რადგან იმავე ადამიანებმა, 16 წლის წინ, ამავე დარბაზში ხელი მოაწერეს ღალატის აქტს – ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს. არცაა გასაკვირი, ისინი წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აგენტურულ და კრიმინალურ სინდიკატს და მის უცხოელ პატრონებს. არადა, საქართველოს ჰაერივით სჭირდება ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია. რაც უფრო ადრე ჩაანაცვლებს ქართული საზოგადოება უსამშობლო აგენტურას ნამდვილად ქართული და ჯანსაღი ოპოზიციით, მით უკეთესი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ნუ ნერვიულობთ დეპორტაციაზე…“ – რას წერს ნინი შერმადინი აშშ-დან

ამერიკაში მცხოვრები, ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი სტატუსს აქვეყნებს: „მეგობრებო, ძალიან ბევრი ანონიმური პოსტი მხვდება და არ შემეძლო არ დამეწერა ეს პოსტი. ქართველებო, ვინც ნერვიულობთ დეპორტაციაზე, გთხოვთ ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორებს, რომ თითქოს ხალხს ქუჩაში დასდევენ და ადეპორტებენ. დიახ არის რეიდები, მაგრამ ვისაც კრიმინალი აქვს ჩადენილი იმ ადამიანებს ეხებათ და არა პატიოსან მშრომელ ხალხს. ამას წინათ, სადღაც წავიკითხე, ვითომ  X Factory -დან ხალხი აიყვანეს, ზუსტად იმ დღეს იქ ვმღეროდი ღამის 1 საათამდე, იქ ვიყავით მე და ირაკლი შარაძე. პოლიცია უბრალოდ პერიმეტრს აკონტროლებდა, როგორც ეს სულ ხდება. არავინ არ აუყვანიათ და არც გაუდეპორტებიათ, გუშინ ჩემი მეგობარი გააჩერეს, ისიც მექსიკიდან შემოსული და უპრობლემოდ გაუშვეს! ჩემი მეგობრის დეიდაშვილის შვილს, ახალგაზრდა ბიჭს, გული გაუსკდა ნერვიულობისგან, არ იმუშაო გაგადეპორტებენო და ვერ გადაიტანა ადამიანმა, ამდენ ვალს როგორ გადავიხდიო და გარდაიცვალა! კაცი გარდაიცვალა ნერვიულობით!!!! ყველას გული ერთნაირად ვერ უძლებს! ამდენი ანონიმური მესიჯი ჯგუფებში, ასე ხალხის დაზაფრა, თქვენ რა სიამოვნებას განიჭებთ? რას ემსახურებით?  რამ გაგაბოროტათ ასე ხალხო?! მეგობრებო, გთხოვთ ნუ უსმენთ ნურავის, გააგრძელეთ მუშაობა პატიოსნად, იცხოვრეთ მშვიდად, ჩვეულ რიტმში! მშვიდობიან და მშრომელ ხალხს არავინ არსად გააგდებს! მიყვარხართ  და წარმატებები ყველას", -წერს ნინი.

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მესამე მატჩში ბულგარეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:1. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრა ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა თოფურიამ გამოტოვა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული დაპირისპირება ავთანდილ ასათიანის გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა და პირველივე ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო. ანგარიში ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა. გიორგი ჩიმაკაძემ ულამაზესი გოლით „ჯვაროსნების“ უპირატესობა გაზარდა, შემდეგ კი, არანაკლებ ეფექტურად, ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულა. ნიკოლოზ გაბრიჩიძემ სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი მხოლოდ ბოლო წუთებზე გააქტიურდა – ნიკა ხარატიშვილის სადებიუტო გოლის შემდეგ გულშემატკივრებმა მეკარე ბექა ტყემალაძის გოლიც იხილეს, რომელმაც ბულგარელებს საკუთარი ნახევრიდან გაუტანა. საბოლოო ანგარიში კი პავლინ კუზოვის გოლით დაფიქსირდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი შემდეგ შეხვედრას 4 თებერვალს პლოვდივის „კოლოდრუმზე“ ისევ ბულგარეთთან გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ-რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ხოლო რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენს ჯგუფში 6-6 ქულით საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ლიდერობენ.

“აგვისტოს ომის დროს, გმირი მეომრების გვამები ხელებ აკაპიწებული გადმოასვენა. ეს იმდენად დიდი განსაცდელი იყო, რომელზედაც არაფერს ჰყვებოდა” – დეკანოზი გიორგი ამბროლაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ამბროლაძე. 73 წლის მოძღვარი რუსთავის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. იყო სულთმოფენობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. სასულიერო პირი, ორი დღის წინ, ინფარქტით გადაიყვანეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. მოგვიანებით კი, რუსთავის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდიდან, წინამძღვრის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. დეკანოზი გიორგი ამბროლაძე, ტრადიციულად თვეში ერთხელ, ჯანმრთელობის პარაკლისს ატარებდა ბავშვებისთვის, მათ შორის, წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის სახალხო სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლის - "გორგასლის" მოცეკვავეებისთვის. 31 წლის იყო, როდესაც აღმსარებლისა და სალოსის, ღირსი მამა გაბრიელის მოღვაწეობის დროს, 1982 წლიდან სტიქაროსნად მსახურობდა მცხეთის სამთავროს მონასტერში. ცხადია, მასთან ურთიერთობა ჰქონდა. 1995 წლიდან 14 წლის მანძილზე ქალაქ სოჭში მოღვაწეობდა, სადაც უძღვებოდა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობას და ამავე ეკლესიის მღვდელმსახური გახლდათ. 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის - ილია მეორეს კურთხევით იგი საქართველოში დაბრუნდა და რუსთავის ეპარქიაში განაგრძო მღვდელმსახურება. ყველას კარგად გვახსოვს, აგვისტოს ომის დროს უწმინდესი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად რომ შევიდა რუსეთის ჯარის მიერ დარბეულ შიდაქართლში. მღვდლებს შორის იყო მამა გიორგიც, რომელიც დაღუპული გმირი მებრძოლების გაპატიოსნებასა და მათი საფლავისთვის მიბარებას ცდილობდა. რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი, გოგიტა მელიქიძე სოციალურ ქსელში წერს: "ეს იყო ის დიდი განსაცდელი, რომელმაც მთელ საქართველოს გულში გაუარა და გაუარა უშუალოდ პატრიარქსა და მასთან ერთად მყოფ იმ სამღვდელოებას, რომლებიც დაღუპულთა გვამებს ხელებდაკაპიწებული ზიდავდა და მათთვის სათანადო პატივის მიგებას ცდილობდა. მამა გიორგისთვის ეს იმდენად დიდი განსაცდელი იყო, რომ აღნიშნულის შესახებ ლაპარაკიც კი უჭირდა და ამ განსაცდელის შესახებ თითქმის არაფერს ამბობდა. 2009-2010 წლებში მამა გიორგიმ რუსთავის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში იმსახურა; 2010-2011 წლებში იგი რუსთავის ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო. 2011-2015 წლებში კი რუსთავის სიონის ტაძარში მსახურობდა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა: ათონის ნახევარკუნძული კი ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი ის წმინდა სავანეა, რომლის იღუმენიადაც სწორედ ღვთისმშობელი არის წოდებული და არსებობს ათონის იღუმენიად წოდებული ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ღვთისმშობელს საიღუმენიო კვერთხი უჭირავს და ხელაპყრობით შეჰღაღადებს ღმერთს. ამ ხატის სულიერი განწყობა ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ერთხანს ამ ხატს ვეძებდი და მისი შეძენა მინდოდა , თუმცა ეს მხოლოდ შინაგანი სურვილი იყო და არავისთვის მითქვამს . ერთხელ საღამოს ლოცვებზე ვიდექი, საკურთხევლიდან გამოვიდა მამა გიორგი, ამბიონიდან ძირს ჩამოვიდა, გამოიარა ჩემს წინ მდგომი ადამიანები და ჩემთან მოვიდა. მერე გულის ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან პატარა ხატი ამოიღო, რომელიც საჩუქრად გამომიწოდა. დავხედე და ჰოი საოცრება - ეს სწორედ ის ხატი იყო, რომელსაც ვეძებდი და ვნატრობდი. მას შემდეგ მამა გიორგის მიერ ნაჩუქარმა ამ წმინდა ხატმა ჩემს ოჯახში დაიდო ბინა და ახლა იგი ყოველდღიური ლოცვის ობიექტად არის ქცეული. მამა გიორგი გარდაიცვალა და ყოველ მის გაფიქრებაზე თვალი ცრემლებით მევსება...ღმერთმა აცხონოს მისი მარად უკვდავი სული!"

ეკა სეფაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ასეთი დიდი, პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ამ გეგმით ისინი შეეცდებიან, მოძებნონ რაღაც გამოსავალი, რადგან მათ, პირველ რიგში, თავიანთი თავი ჩაიგდეს უხერხულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი ქმედებებით კავკასიის რეგიონში კარგავს ქვეყნებს. სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აუცილებლად უნდა გადასინჯოს მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებს. „ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციამ განიცადა ძალიან დიდი მარცხი. შარშან აზერბაიჯანის დელეგაციას შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა საქართველოს საკითხი დადგა დღის წესრიგში. ფაქტობრივად, გამოდის, რომ კავკასიის რეგიონში საპარლამენტო ასამბლეა ზედიზედ კარგავს ქვეყნებს. ეს მათი პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხია. მათ აუცილებლად უნდა გადასინჯონ მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებენ. საზოგადოებას შევახსენებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. ვიდრე ჩვენი დელეგაცია გაემგზავრებოდა სტრასბურგში, მანამდე საქართველოში ჩამოსული იყო PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეაფასა საქართველოში ვითარება და მომზადდა ანგარიში. ამ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა ჩვენი დელეგაცია, შსს მინისტრი, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ანგარიშში აისახა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ასახვა კი არ მოხდა. ეს მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციის ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული, არ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად. როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ ანგარიში მოამზადოს ისე, რომ ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტები არ გაითვალისწინოს. როდესაც ჩვენ შევეცადეთ ამ ანგარიშის შერბილებას და შევიტანეთ ცვლილებები მასში, თავისთავად ცხადია, რომ ამ ცვლილებებს მხარი არავინ დაუჭირა. კომიტეტზე დამსწრე საზოგადოება ძირითადად უყურებდა თავმჯდომარეს, რომელიც ლატვიელი ქალბატონი იყო. დამსწრე საზოგადოება მის ნიშანს ელოდებოდა, დაეჭირათ მხარი თუ არა. ერთ-ერთი ჩვენ მიერ გაკეთებული შესწორება ეხებოდა იმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აგრეთვე იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში. ამ შესწორებასაც კი, რომელიც უბრალოდ იყო ფაქტის კონსტანტირება და რომელიც საქართველოსთვის და არამარტო ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მხარი არ დაუჭირეს. მათი არაკომპეტენტურობა და სურვილი, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ზიანი, თვალნათლივ გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი, პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში.

ადვოკატი – მზია ამაღლობელი რაიმე დახმარებას და სადმე გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს, რომ ჯერ უძლებს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მზია ამაღლობელი დასუსტებულია და ნელა მოძრაობს. ამასთან, მაია მწარიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ითხოვს და ამბობს, რომ ჯერ უძლებს. „როგორც იქნა, ჩავიბარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, დღევანდელი მდგომარეობით რაც ჩაუტარდა. ახლა სპეციალისტებს ვაჩვენებთ და მერე უფრო შეგვეძლება, ვთქვათ რამე სამედიცინო კუთხით. 20 დღის ნაშიმშილარი ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება, თუმცა საოცარი ადამიანია. კი არ ცდილობს, დაგანახოს, რომ ან სუსტად, ან ცუდად არის, პირიქით, ამბობს, რომ „არა, ჯერ ვუძლებ. არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით“. გაძლება იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე დახმარებას არ ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს. ვიზუალურად რასაც დავაკვირდი, უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს. ეს ჩემი დაკვირვებაა, რადგან მანძილი უნდა გამოიაროს და, თავისთავად, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყველა ჯერზე გვეუბნება, რომ „მე არ ვარ მთავარი თემა“, არაერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული, ამაზე მოვასწარით საუბარი. ახლა ჩავიბარეთ ის ანალიზები, რომელიც 28-ში გაუკეთეს. ერთი უცნაურობაა, რომ 28-ში გაკეთებული ანალიზების პასუხი, ვიდრე ჩვენ არ მივედით, არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარაუდოდ, მაგრამ ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. გვითხრეს, რომ დღევანდელის ჩათვლით არის. როგორც მზიამ გვითხრა, იმ კვირაში გეგმავენ უკვე სეროზული კვლევების ჩატარებას, სავარაუდოდ, რომელიც აქ ვერ ჩატარდება. ის ამბობს, რომ მე ვუძლებო, ასეთია მისი მოსაზრება. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა ისედაც და რაღაც-რაღაც კვლევებს ჩაუტარებენ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა კვლევებს, ორშაბათს გვეცოდინება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბოლო სიახლეები