საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს.
ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო უწყებაში განუცხადეს.
„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს მას ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები.
უწყება აქტიურად არის ჩართული ქალის დაბრუნების პროცესში. ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისთვის საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტის ჩატარებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთების პრობლემის გამო, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან საბერძნეთში გააბრუნეს.
თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.