საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გმობს ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია.
“ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.
საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა არის მოსკოვის პოლიტიკის ნაწილი – ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება,”- ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხორც-პროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეტანა აიკრძალა -ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალან მარგიევმა ზომების მიღება მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით ახსნა. საბაჟო პუნქტზე შემოწმდება ყველა ის ტვირთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვარს გადაკვეთს. დეფაქტო მთავრობის განკარგულებით, ახალგორის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს საქართველოდან 50 კილოგრამის ოდენობის ტვირთის გადატანა შეუძლია. ტვირთს, ახლა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მებაჟეები და დეფაქტო ფიტოსანიტარიის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.