საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ლივიუ ორუმბას შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ელჩს სამსახურის მიზნები და ამოცანები გააცნო და 5 წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე ესაუბრა.
“რუმინეთთან თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადმოეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული დახმარებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის ეს არის ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროება, მოხარული ვიქნებით თუ ამ მიმართულებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრისას.
რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ორუმბას განცხადებით, რუმინეთის განვითარების სააგენტო და რუმინეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, რაც გამოიხატება ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, ტექნიკის გადმოცემასა და მეხანძრე-მაშველების გადამზადებაში.