მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს დახმარებისთვის, ჩვენს მთავრობას მივმართო დახმარებისთვის, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ და იხსნან ბავშვი ტყვეობიდან,- ამის შესახებ რუსეთში დაკავებული ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას დედამ, დალი გაწერელიამ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ორი თვის უკან მივმართე განცხადებით და დავრეკე საგარეო სამინისტროში და ორი თვის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მამუკას ამბავი განხილვაშია და როგორც კი რამეს გავიგებთ, დაგიკავშირდებით და გაცნობებთ ყველაფერსო. 5 დღის უკან დამირეკეს”- ამბობს დალი გაწერელია.
გარდა ამისა, მებრძოლის დედა ამბობს, რომ კონტაქტი აქვს საქართველოში მყოფი უკრაინის სამხედრო ატაშესთან.
“გუშინ დაგვირეკა საქართველოში მყოფმა სამხედრო ატაშემ და მითხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ბიჭი ვიხსნათო. მგონი, მართლაც გააკეთებენ ყველაფერს, რომ გაცვალონ”- თქვა დალი გაწერელიამ.
როგორც გაწერელია ჰყვება, შვილს განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა.
“წინა დღით დამირეკა, რუსულად მელაპარაკეო მითხრა და თვითონაც რუსულად ლაპარაკობდა. იქ თავზე ადგნენ და უნდოდათ გაეგოთ, მე რას ვლაპარაკობდი. ქართული არ იცოდნენ. მითხრა, ხვალ სასამართლო მექნება და განაჩენს გამოიტანენო”- თქვა გაწერელიამ.